Facebook Twitter

საქმე N 330100123007279094

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №117აპ.-24 4 ივნისი, 2024 წელი

ჩ–ი ზ. №117აპ.-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. ჩ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (სამი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. ზ. ჩ–ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. 2023 წლის 20 მარტს, ქ. რ–ი, მ–ს გამზირი №..-ში მდებარე სარდაფში, ზ. ჩ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი, წონით 0,026 გრამის ოდენობით უკანონოდ გაასაღა ზ გ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

1.3. 2023 წლის 21 მარტს, ქ. რ–ი, მ–ს გამზირი №..-ში მდებარე სარდაფში, ზ. ჩ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი, წონით 0,07013 გრამის ოდენობით უკანონოდ გაასაღა ზ გ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

1.4. 2023 წლის 22 მარტს, ქ.რუსთავში, ქ. რ–ი, მ–ს გამზირი №..-ში მდებარე სარდაფში, ზ. ჩ–სმა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი, წონით 0,097 გრამის ოდენობით უკანონოდ გაასაღა ზ გ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

1.5. ზ. ჩ–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი, წონით 0,0215 გრამი, რასაც 2023 წლის 30 მარტს, ასევე, უკანონოდ ინახავდა საცხოვრებელ სახლში მდებარე, ქ.რ–ში, მ–ს გამზირი №.., ბინა №..-ში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 30 მარტს ამოღებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ზ. ჩ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენით, ზ. ჩ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 20 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 22 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა, 2023 წლის 22 მარტის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ზ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით.

ზ. ჩ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ა–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 9 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ა–მ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ. ჩ–ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ იქნა დადგენილი ზ. ჩ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია. აღნიშნულ ნაწილში განაჩენი ემყარება მხოლოდ ვარაუდს და ზ გ–ს მიერ პირადი ინტერესით მოტივირებულ, ცრუ ჩვენებას. ზ გ–ი, რომ ცრუ მოწმეა დადასტურდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე მ. შ-ს და მსჯავრდებულ ზ. ჩ–ს ჩვენებებით. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ფარულ ჩანაწერში, კი ხმა არ ისმის და შეუძლებელია დადგინეს საუბრის შინაარსი. ჩანაწერში არ არის ერთიანი კადრი, რითაც დადასტურდებოდა თანხის აღება და ნარკოტიკული საშულების გადაცემა. მას მსჯავრდებული რომ არ ადასტურებდეს ჩანაწერი მტკიცებულებად არ გამოდგებოდა. მართალია ზ. ჩ–მა ზ გ–ს გადასცა ნარკოტიკული საშუალება, თუმცა თანხის აღება და ნარკოტიკის გადაცემა ყოველთვის გასაღების ფაქტს არ ადასტურებს. ზ. ჩ–ს და მის მეგობრებს ჰქონდათ ერთიანი განზრახვა შეგროვილი თანხით, პირადი მოხმარების მიზნით, შეეძინათ ნარკოტიკული საშუალება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ზ. ჩ–ს ქმედება წარმოადგენს არა ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, არამედ საერთო მიზნითა და თანხით შეძენილ ნარკოტიკული საშუალების ფლობას და შემდგომ მოთხოვნის შესაბამისად წილის გადაცემას. კასატორს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეწინააღმდგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ №589აპ-23 სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ პრაქტიკას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ. ჩ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ზ. ჩ–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, მოწმე ზ გ–ს ჩვენებით დგინდება, რომ მან განცხადებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს იმის თაობაზე, რომ ზ. ჩ–ი ეწეოდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას და მისი დანაშაულში მხილების მიზნით, სურდა ეთანამშრომლა გამოძიებასთან. იგი ვინმე „რ–ას“ მეშვეობით დაუკავშირდა ზ. ჩ–ს. შემდეგ კი, გამომძიებელს განუცხადა თანხმობა, აღჭურვილიყო ფარული ჩამწერი მოწყობილობით და მონაწილეობა მიეღო საკონტროლო შესყიდვაში. 2023 წლის 20 მარტს, მან განახორციელა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც არ იყო აღჭურვილი ჩამწერი მოწყობილობით, ვინაიდან არსებობდა ეჭვი, რომ ზ. ჩ–ი მას არ ენდობოდა და შეამოწმებდა. გამომძიებელმა მას გადასცა 200 ლარი, რაზეც შედგა ოქმი, რასაც გაეცნო და ხელმოწერით დაადასტურა. ამის შემდეგ, იმავე წლის 21 და 22 მარტს, ზ. ჩ–ს კვლავ შეუთანხმდა 200 ლარად ნარკოტიკული საშუალების შეძენაზე და კორპუსის სარდაფში ზ. ჩ–საგან კვლავ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. თითოეულ შემთხვევაში, მან ზ. ჩ–ს ფულადი თანხა მიაწოდა, ამ უკანასკნელმა კი მაგიდის უჯრიდან ამოიღო ნარკოტიკი და გადასცა.

5.5. მოწმე ო. ჩ-ს ჩვენებით, ირკვევა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებლის პოზიციაზე. სამართალდამცავ ორგანოს, ზ. ჩ–სის მხილების სურვილით, განცხადებით მიმართა ზ გ–მა. აღნიშნულ საქმეზე საკონტროლო შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა გადაეცა ზ გ–ს, ზ. ჩ–სგან ნარკოტიკული საშუალების შესაძენად. აღნიშნულზე შედგა შესაბამისი ოქმი და გაკეთდა ხელმოწერები. მათი შეხვედრა შედგა ქ. რ–ში, მ–ს გამზირზე, რა დროსაც ზ გ–მა ზ. ჩ–სგან შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მალევე წარუდგინა მას. ჯამში საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა სამჯერ: 20, 21 და 22 მარტს.

5.6. ზ. ჩ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები ასევე დასტურდება 2023 წლის 21 და 22 მარტის საკონტროლო შესყიდვის ამსახველი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებითა და მისი გაშიფრული ტექსტებით (კრებსები), აგრეთვე ამოღების ოქმებით და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, რაც სრულ შესაბამისობაშია ზ გ–სა და ო. ჩ–ს ჩვენებებთან.

5.7. მოწმე მ. შ–ს ჩვენების თანახმად, 2023 წლის მარტში ნ. ჯ-თან, ზ. ჩ–სთან და ფ. ბ-თან ერთად მუშაობდა ქ. რ–ში, მ–ს გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის რემონტზე. დამქირავებელმა, პირადი სარგებლობისათვის, გამოუყო კორპუსის სარდაფი. ისინი ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები იყვნენ და უმეტესად ნარკოტიკის შესაძენად ყოველდღიურ საერთო თანხის ნაწილს იყენებდნენ. მას წვდომა არ ჰქონდა სოციალურ ქსელებთან, რის გამოც ზ. ჩ–ი ,,ტ–ს“ საშუალებით საერთო თანხით ყიდულობდა ნარკოტიკს. ,,ჰეროინის“ შეძენა ხდებოდა იმ ოდენობით, რა რაოდენობის თანხასაც შეაგროვებდნენ. ზ. ჩ–სი ტერმინალის საშუალებით რიცხავდა თანხას, რის შემდეგაც ხდებოდა იმ ლოკაციის მიღება, სადაც ხვდებოდათ ნარკოტიკი. ზ. ჩ–ი მიდიოდა და მოჰქონდა, ხან ფხვნილის სახით, ხანაც ერთჯერად შპრიცებში. მარტის ან აპრილის შუა რიცხვებში ფ-მ მოიყვანა მეგობარი - სახელად ზ–ა. ფ–ი ჩქარობდა, დაუბარა მეგობრებს თუ რამე საშუალება იქნებოდა აღნიშნული პირისთვის გადაეცათ ნარკოტიკი. იყო შემთხვევა, როდესაც ფ–ი ვერ ახერხებდა ჩასვლას და ითხოვა ზ–ასთვის გაეტანებინათ. ანალოგიური დაადასტურა ზ. ჩ–მაც.

5.8. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).

5.9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გაზიარებული არ უნდა იქნეს ზ. ჩ–ს და მ. შ–ს ჩვენება, რომ ისინი სხვა პირებთან ერთად, წინასაწარ შეგროვილი თანხით, ,,ტ–ს“ საშუალებით იძენდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, ვინაიდან საკონტროლო შესყიდვის ამსახველ ფარულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში მკაფიოდ ჩანს, რომ ზ. ჩ–ს უკვე შეძენილი აქვს ნარკოტიკული საშუალება, რასაც თანხის სანაცვლოდ გადასცემს ზ გ–ს. ამავე ჩანაწერებით დასტურდება, რომ ზ გ–ს პირებთან, რომლებიც ხვდებიან სარდაფში წარსულში ნაცნობობა არ აკავშირებს. ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ ისინი ერთობლივად შეგროვილი თანხით იძენდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

5.10. კასატორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №589აპ-23 გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან. რის გამოც, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ. ჩ–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა.

5.12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ა–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე