საქმე N 080100121004792601
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №210აპ-24 21 ივნისი, 2024 წელი
წ–ე რ. №210აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ა–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ–სის, მსჯავრდებულების – ი. ჭ–ს, თ. ჭ–ს, თ. ჭ–ს, ფ. წ–ს და გ. ჭ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს–ს, მსჯავრდებულების რ. წ–ს და თ. ჭ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ–ს, ასევე მსჯავრდებულ გ. ჭ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. წ–ე (პირადი ნომერი: .........), ფ. წ–ე (პირადი ნომერი: .............), ე. ა–ე (პირადი ნომერი: ............), ი. ჭ–ე (პირადი ნომერი: ...........), თ. ჭ–ე (პირადი ნომერი: .............), თ. ჭ–ე (პირადი ნომერი: ..........), გ. ჭ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნენ ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2021 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. ქ–ში, გ–ს დასახლებაში, გ–ს კასკადის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ა–ი, დ. ჭ–ე და გ. ბ–ე, ა. ა–ის კუთვნილი ,,NISSAN X TRAIL“-ის მარკისა და მოდელის ავტომობილით მივიდნენ და შეუერთდნენ აქციას, სადაც მოქალაქეები აპროტესტებდნენ წ–ს რაიონის სოფელ ნ–ში, რიონის ხეობაში, თ–ი კომპანია „ე–ს“ მიერ, იჯარით აღებულ ტერიტორიაზე, „ნ–ს“ მშენებლობას.
გ–ს დასახლებაში მდებარე თ–ი კომპანია „ე–ს“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვა პირებთან ერთად ასევე მივიდნენ ე. ა–სე, რ. წ–ე, ფ. წ–ე, თ. ჭ–ე, თ. ჭ–ე, ი. ჭ–ე და გ. ჭ–ე.
შუადღის საათებში, ა. ა–იი, თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა „ე–ას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მყოფ რ. და ფ. წ–ებს მოუწოდა, დაეტოვებინათ საპროტესტო აქცია, ვინაიდან ისინი რეალურად არ აპროტესტებდნენ ...ის მშენებლობას და ჰქონდათ სხვა ინტერესები, რასაც მათ შორის შელაპარაკება მოჰყვა.
აღნიშნული შელაპარაკებიდან რამდენიმე საათში, აქციის ქ. ქ–ში გაგრძელების მიზნით, აქციის მონაწილეები, მათ შორის, ა. ა–ი, დ. ჭ–ე და გ. ბ–ე, ფეხით მივიდნენ გ–ს კასკადის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ, ა. ა–ის კუთვნილ ავტომობილთან.
ამ დროს, ა. ა–თან, დ. ჭ–სესა და გ. ბ–სთან, სხვა პირებთან ერთად, მივიდნენ რ. წ–ე, ე. ა–ე, ფ. წ–ე, თ. ჭ–ე, თ. ჭ–ე, ი. ჭ–ე და გ. ჭ–ე. მოქმედებდნენ რა ჯგუფური ძალადობის განზრახვით, თავდაპირველად რ. წ–მ ა. ა–ის მიმართა, თუ რატომ მოითხოვა მათი აქციიდან წასვლა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი დაარტყა სახის არეში, რის შემდეგ, რ. წ–მ, ე. ა–მ, ფ. წ–მ, თ. ჭ–მ, თ. ჭ–მ, ი. ჭ–მ და გ. ჭ–მ, დაუდგენელ პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა ადგილებში სცემეს ა. ა–ის, დ. ჭ–ს და გ. ბ–ს, რომლებმაც განიცადეს ფიზიკური ტკივილი, ასევე მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები. ასევე ფ. წ–მ, ხელის დარტყმით, დააზიანა ა. ა–ს ავტომანქანის წინა მხარეს განთავსებული მცირე ზომის სარკის ხუფი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 დეკემბრის განაჩენით:
რ. წ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
ფ. წ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
ე. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
ი. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
თ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
თ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
გ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულების – რ. წ–ს, ფ. წ–ს, თ. ჭ–ს, თ. ჭ–ს, ი. ჭ–ს, გ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. ს–მ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2.3. მსჯავრდებულების – რ. წ–ს და თ. ჭ–ს – ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. შ–მ წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რ. წ–ს და თ. ჭ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
2.4. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ა–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ჯ–მ, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ე. ა–ს გამართლება.
2.5. მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ–მ წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ჭ–ს გამართლება.
2.6. საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 28 ივლისის №.....განკარგულებით, თ. ჯ–ს ძე ჭ–ე და თ. ჯ–ს ძე ჭ. შეწყალებულნი იქნენ და გათავისუფლდნენ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 28 დეკემბერს, მსჯავრდებულ ე. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ე. ა–ს წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა.
3.3. 2023 წლის 29 დეკემბერს, მსჯავრდებულების – ი. ჭ–ს, თ. ჭ–ს, თ. ჭ–ს, ფ. წ–ს და გ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს–მ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მისი დავცის ქვეშ მყოფი პირების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.4. 2023 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა მსჯავრდებულების რ. წ–ს და თ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. შ–მ და მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად კი რ. წ–სის და თ. ჭ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.5. 2023 წლის 29 დეკემბერს, მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ–მ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა გ. ჭ–ს გამართლება.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის, მსჯავრდებულ ე. ა–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ჯ–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან განსხვავდება მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაზარალებულებსა და მსჯავრდებულებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც, ფ. წ–ე შეეჯახა ავტომანქანას, რომელსაც მოსტყდა სარკე. მსგავს საქმეზე კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
4.2. მსჯავრდებულების – ი. ჭ–ს, თ. ჭ–ს, თ. ჭ–ს, ფ. წ–ს და გ. ჭ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ს–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ გამამართლებლი განაჩენის დადგენას, რადგან განაჩენი არ ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, რაც არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
4.3. მსჯავრდებულების რ. წ–ს და თ. ჭ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ–ს საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა უტყუარ მტკიცებულებებს, რითაც დასტურდება, რომ თ. ჭ–ე საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. რ. წ–სა და თ. ჭ–ს მსჯავრდება ეფუძნება მხოლოდ დაინტერესებულ მოწმეთა ჩვენებებს. საქმის განხილვისას, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს დაერღვათ დაცვის უფლება, ვინაიდან პირველი წარდგენის სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა საქმის გაცნობისა და მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენის მიზნით სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე. ნეიტრალური მოწმე – ნ. ნ–ს ჩვენებით დგინდება, რომ შეხლა-შემოხლა სამ წუთზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა, რაც ეწინააღმდეგება დაზარალებულ ა. ა–ს ჩვენებას, რომ ინციდენტი 10 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა. სატელეფონო ანძების მონაცემებით და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ თ. ჭ–ე შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ადვოკატი ი. შ–ე ითხოვს თ. ჭ–ს და რ. წ–ს გამართლებას.
4.4. მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. გ–ე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან, გასაჩივრებული განაჩენი არ შეესებამება გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სასამართლომ უგულვებელყო არსებითი წინააღმდეგობები და არ გაიზირა ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩვრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას.
5.3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რ. წ–სის, ფ. წ–ს, ე. ა–ს, ი. ჭ–ს, თ. ჭ–ს, თ. ჭ–ს და გ. ჭ–ს მიერ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება.
5.4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულების: ა. ა–ს, გ. ბ–ს და დ. ჭ–ს ჩვენებებით დასტურდება, რომ 2021 წლის 12 აპრილს, იმყოფებოდნენ ქ. ქ–ში, გ–ს დასახლებაში გამართულ „ნ–ს“ საწინააღმდეგო აქციაზე. რა დროსაც, მათ მიმართ სხვა პირებთან ერთად იძალადეს – რ. წ–მ, ფ. წ–მ, ე. ა–მ, ი. ჭ–მ, თ. ჭ–მ, თ. ჭ–მ და გ. ჭ–მ. ეს პირები მათ გამეტებით ურტყამდნენ თავისა და გვერდის არეში, ერთ-ერთმა მოძალადემ კასტეტისმაგვარი საგანი გამოიყენა და ქვები ესროლა. დაზარალებულების ჩვენებებით ასევე დადგინდა, რომ მათ განხორციელებული ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადეს და აღენიშნებოდათ დაზიანებები, კერძოდ: ა. ა–ს სახეზე რამდენიმე დაზიანება ჰქონდა და ცხვირიდან სისხლი შეუჩერებლად მოსდიოდა, ხოლო დ. ჭ–ს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა. ძალადობის დროს კი, ფ. წ–ს ქმედების შედეგად, ა. ა–ს კუთვნილი ,,NISSAN X TRAIL“-ის მარკისა და მოდელის ავტომანქანა დაზიანდა. კერძოდ, ავტომანქანას დაუზიანდა წინა მარცხენა ფრთის გვერდითი ხედვის სარკე.
5.5. დაზარალებულების ჩვენებები გამყარებულია ფაქტის თვითმხილველი მოწმეების – ო. ბ–ს და გ. გ–ს ჩვენებებით, რომლითაც დასტურდება, რომ იმ დროს, როდესაც ა. ა–ი მისი კუთვნილი ავტომანქანის შეკეთებას ცდილობდა, თანმხლებ პირებთან ერთად მასთან ფ. წ–ე და რ. წ–ე, ძმები ჭ–ები, ბიძაშვილები და ე. ა–ე მივიდნენ. რ. წ–მ ა. ა–ს აგრესიულად ჰკითხა, რატომ უთხრა, რომ იქ არაფერი ესაქმებოდათ. მას შემდეგ, რაც ა. ა–მა კვლავ გაუმეორა მათ, რომ საპროტესტო აქციიდან უნდა წასულიყვნენ, რ. წ–მ ა. ა–ის მარჯვენა მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შემდეგ ა. ა–ის, გ. ბ–ს და დ. ჭ–ს ყველამ ერთად დაუწყო ცემა.
5.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებები, ა. ა–ს და დ. ჭ–ს მიერ მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, გამყარებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით. კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის N........... დასკვნის თანახმად, 13.04.2021წ. 13:00 – 13:25სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ა. ა–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, სისხლჩაქცევებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნის თანახმად კი – 13.04.2021წ. 13:30 – 13:40 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოქ. დ. ჭ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
5.7. ა. ა–ს კუთვნილი ,,NISSAN X TRAIL“-ის მარკისა და მოდელის ავტომანქანის დაზიანება კი დგინდება, 2021 წლის 12 აპრილის ავტომანქანა „NISSAN“-ის დათვალიერების ოქმით, 2021 წლის 13 აპრილის ამოღების ოქმით და ტრასოლოგიური-სასაქონლო ექსპერტიზის N........დასკვნით, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 2002 წლის გამოშვების ,,NISSAN X TRAIL“ სახ. ნომრით NN-...... მარკის და მოდელის ავტომობილის წინა მარცხენა ფრთის გვერდითი ხედვის სარკის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს 40 ლარს.
5.8. ამასთან, ზემოხსენებული მტკიცებულებები შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს, რომლებშიც ნათლად ჩანს, რომ ვერცხლისფერ ავტომანქანასთან ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორების პოზიციას, რომ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთგამომრიცხავი, რის გამოც, არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, პალატას არ გააჩნია საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს მათი ჩვენებები, რადგან მსჯავრდებულების მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება მათი ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამასთან, შესაძლოა დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი გახდებოდა. მათ მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არსებითად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებიდან სასამართლოში ჩვენებების მიცემამდე გავიდა რამდენიმე თვე, რის გამოც, სრულიად შესაძლებელია მათ არ ახსოვდეთ გარკვეული დეტალები, მაგრამ მათ დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები.
5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. წ–ს, ფ. წ–ს, ე. ას, ი. ჭ–ს, თ. ჭ–ს, თ. ჭ–ს და გ. ჭ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
5.11. კასატორი - მსჯავრდებულ ე. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი დ. ჯ–ე პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, რის გამოც, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
5.12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ–ს, მსჯავრდებულების – ი. ჭ–ს, თ. ჭ–ს, თ. ჭ–ს, ფ. წ–ს და გ. ჭ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს–ს, მსჯავრდებულების რ. წ–ს და თ. ჭ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ–ს, ასევე მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე