Facebook Twitter

საქმე N 200100123007405650

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №177აპ-24 12 ივნისი, 2024 წელი

ხ–ი გ., №177აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ხ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, შვიდი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენით გ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

1.3. 2023 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, ქ. ა–ში, ............ის ქ.N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მუქარისთვის ნასამართლევი გ. ხ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან, თვლიდა, რომ მისი, როგორც ოჯახის უფროსის გადაწყვეტილებები, დედას – ნ. ნ–ის არ უნდა დაეყენებინა ეჭქვეშ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ნ–ის, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2023 წლის 15 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ა–ში, ............ის ქ.N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ხ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან, თვლიდა, რომ მისი, როგორც ოჯახის უფროსის გადაწყვეტილებები, დედას – ნ. ნ–ს არ უნდა დაეყენებინა ეჭქვეშ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ნ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.5. 2023 წლის 16 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. ა–ში, ............ის ქ.N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ხ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან, თვლიდა, რომ მისი, როგორც ოჯახის უფროსის გადაწყვეტილებები, დედას – ნ. ნ–ის უნდა შეესრულებინა უსიტყვოდ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ნ–ის, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.6. 2023 წლის მარტის ბოლო რიცხვებში, ქ. ა–ში, ............ის ქ.N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ხ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან, თვლიდა, რომ მისი, როგორც ოჯახის უფროსის გადაწყვეტილებები, დედა – ნ. ნ–ი, როგორც ქალი, ვალდებული იყო შეესრულებინა მისი მითითებები, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ნ–ის, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.7. 2023 წლის 3 მაისს, ქ. ა–ში, ............ის ქ.N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ხ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან, თვლიდა, რომ მისი, როგორც ოჯახის უფროსის გადაწყვეტილებები, დედას – ნ. ნ–ს უნდა შეესრულებინა უსიტყვოდ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ნ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.8. 2023 წლის 8 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ა–ში, ............ის ქ.N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მუქარისათვის ნასამართლევი გ. ხ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან, თვლიდა, რომ დედა – ნ. ნ–ი, როგორც ქალი, ვალდებული იყო შეესრულებინა მისი მითითებები, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ნ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.9. 2023 წლის 10 მაისს, დღის საათებში, ქ. ა–ში, ............ის ქ.N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მუქარისათვის ნასამართლევი გ. ხ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან, თვლიდა, რომ მისი, როგორც ოჯახის უფროსის გადაწყვეტილებები, დედას – ნ. ნ–ს უნდა შეესრულებინა უსიტყვოდ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ნ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ – შვიდი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით, გ. ხ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (შვიდი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. ხ–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2024 წლის 18 იანვარს, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – შოთა სარიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. ხ–იის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (შვიდი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2024 წლის 25 იანვარს გამართლებულ გ. ხ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ზ–მა წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და შეტყობინება (დაცვის მხარის მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად) ადასტურებს გ. ხ–ს მიმართ ბრალადწარდგენილ ქმედებებს. კასატორის პოზიციით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულია ვითარების აღდგენის მიზნით, რა დროსაც, ამოიღეს დანა. სწორედ ამ დანაზე მიუთითა დაზარალებულმა და განმარტა, რომ ბრალდებული მას მისი გამოყენებით დაემუქრა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას დაზარალებულმა ასევე მიუთითა, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ თარიღებში გ. ხ–ი მას დაემუქრა, რა დროსაც მან განიცადა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შეტყობინების თანახმად, კი დადასტურებულია, რომ ბრალდებული დანის გამოყენებით დაემუქრა დაზარალებულს, რაც თავის მხრივ, ადასტურებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებულ გარემოებებს და რის გამოც, სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულებები უნდა გაეზიარებინა. ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. ხ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა. გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ნ. ნ–მა (დედამ) უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გ. ხ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.3. კასატორის არგუმენტაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებას, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებების შინაარსზე, კერძოდ: ნ. ნ–ს მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და შეტყობინებაზე.

5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში: 1) ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2) საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.

5.5. აღსანიშნავია, რომ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას, ნ. ნ–მა თავის საცხოვრებელ სახლში მიუთითა იმ ადგილზე/საგნებზე, სადაც და რისი გამოყენებითაც გ. ხ–ი დაემუქრა მას. მართალია, ნ. ნ–სგან ამოიღეს დანა, რომელზეც დაზარალებულმა მიუთითა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული არ მომხდარა საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში. ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტისას არ ამოღებულა იმგვარი ნივთი, რომელსაც შესაძლოა დამოუკიდებლად არსებითი გავლენა ჰქონოდა და მტკიცებულებითი მნიშვნელობა შეეძინა ბრალადწარდგენილი ქმედებების დადასტურების თვალსაზრისით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც თავისი შინაარსით უტოლდება ჩვენების ადგილზე შემოწმებას, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს სწორედ ის პირი (დაზარალებული), რომელმაც სასამართლოში შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება შეტყობინებას, ანალოგიური ვითარებაა ამ მტკიცებულების გაზიარების თვალსაზრისითაც, ვინაიდან ისიც ეფუძნება დაზარალებულ ნ. ნ–ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რაც ვერ იქნება გაზიარებული.

5.6. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ. ხ–ს მიერ დაზარალებულის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტებს (შვიდი ეპიზოდი) და ამის შედეგად, საფუძვლიანი შიშის განცდის ფაქტს, წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია.

5.7. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.8. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (შვიდი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე