Facebook Twitter
3კ-1025-02 18 ოქტომბერი, 2002წ

3კ-1025-02 18 ოქტომბერი, 2002წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე.ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ვალის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 21 იანვარს დ. ხ.-მ ჯ. გ.-ს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი ინდივიდუალური მეწარმეა, გააჩნია მაღაზია და ვაჭრობს. 1999წ. 10 თებერვალს შემდგომი რეალიზაციის მიზნით მან მოპასუხისაგან 33 ლარად შეისყიდა 33 ბოთლი კონიაკი.

იმის გამო, რომ კონიაკის ხარისხიანობა შეამოწმა სანეპიდსადგურმა, კონიაკი ვარგისი აღმოჩნდა, მაგრამ მოპასუხისათვის აუკრძალავთ კონიაკის დამზადება, მოპასუხემ უკანვე წაიღო 30 ბოთლი კონიაკი, ასევე მისგან ნისიად შეიძინა 5 ლარი და 70 თეთრად ღირებული შოკოლადი და თანხის დაბრუნებას და გადახდას დაპირდა სხვა დროისათვის.

ვინაიდან მოპასუხემ არ დაუბრუნა კონიაკის ღირებულება და არ გადაიხადა შოკოლადის ფასი, მან ამ თანხის გადაუხდელობით განიცადა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი, რაც მისი გაანგარიშებით 3412 ლარსა და 50 თეთრს შეადგენს.

მოსარჩელემ მოითხოვა მითითებული თანხის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრება, ასევე ჯარიმის სახით მისთვის 200 ლარის დაკისრება და 1 წლის ვადით გამასწორებელ სამუშაოებზე მიმაგრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ რამდენიმეწ. წინ მისმა ახლობელმა ომში დაღუპული შვილის საფლავზე მიიტანა 2 ყუთი კონიაკი. აქედან ერთი ყუთი კონიაკი შეისვა, ხოლო ერთი ყუთი კონიაკი დარჩა შეუსმელი. მან გადაწყვიტა ამ კონიაკის რეალიზაცია. კონიაკი სარეალიზაციოდ ჩააბარა დ. ხ.-ს, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგ უნდა მიეცა თანხა. ვინაიდან დ. ხ.-მ თანხა არ გადაუხადა, მან კონიაკი უკანვე წაიღო. რაც შეეხება შოკოლადის შეძენის ფაქტს ასეთი მას არ ახსოვს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებულ გადაწყვეტილებაზე 2002წ. 14 მაისს სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. ხ.-მ.

2002წ. 19 ივნისს სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე – მოპასუხე ჯ. გ.-ა, რის გამოც ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი, ანუ გამოცხადებული მხარის საწინააღმდეგოდ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2002წ. 25 ივნისს დ. ხ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის ხელახლა არსებითად განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გადაწყვეტილების მიღების დროს ამგვარი სახის დარღვევის დაშვება საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია და მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების უცილობო პირობას წარმოადგენს.

სსკ-ს 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.

სსკ-ს 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე,M რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე იშუამდგომლებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩაითვლება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მხოლოდ გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამოცხადებული მოსარჩელის წინააღმდეგ დაუშვებელია თუნდაც სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. გამოცხადებული მხარის საწინააღმდეგოდ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ დასწრებული გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, როცა სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს, მაშინ მოსარჩელის წინააღმდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს არა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი დასწრებული გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარის მონაწილეობის გარეშე.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას ნიშნავს იმას, რომ სარჩელში მითითებულ და დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები გამოიწვევს იმ შედეგს რომლის დადგომასაც მოითხოვს მოსარჩელე თუ არა. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა იყო ნისიად წაღებული საქონლის ღირებულების გადახდა და დაბრუნებულ საქონელში გადახდილი თანხის მიღება. თუ კი სარჩელში მითითებული გარემოება მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობით დამტკიცებულად ჩაითვლებოდა ანუ დამტკიცდებოდა, რომ ნისიად წაღებული საქონლის თანხა გადახდილი არ იყო, ასევე, დაუბრუნებელი იყო კონიაკის შესაძენად გადახდილი თანხა, სასამართლოს უნდა შეემოწმებინა დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოება დაუკავშირდებოდა თუ არა იმ შედეგს, რომელსაც მოითხოვდა მოსარჩელე, ანუ კანონით დასაშვები იყო თუ არა ნისიად გაცემული საქონლის ფასის გადახდის და შესყიდული ნივთის უკან დაბრუნების შემთხვევაში მასზე გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დარღვევით სარჩელში მითითებული გარემოებად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებდა მოპასუხისათვის 35 ლარის და შოკოლადის ნისიად გადაცემის ფაქტს, ანუ სარჩელში მითითებული გარემოებების დასამტკიცებლად სათანადო მტკიცებულებათა არარსებობდა, რაც ჩვეულებრივ მხარეთა მონაწილეობით ჩატარებული სასამართლო პროცესის დროს, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. ეს გარემოება (მტკიცებულებათა არ არსებობა) სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარჩელში მითითებული გარემოებების სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულად გაუმართლებლობად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.