Facebook Twitter

საქმე N 140100123007639761

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №334აპ-24 25 ივნისი, 2024 წელი

ხ–ი ს. №334აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ს. ხ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (ორი ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 15 ივნისის №........... შემაკავებელი ორდერით, ს. ხ–ს აეკრძალა დედის - მ. ხ–ს სახლთან მიახლოება, ასევე, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აგრეთვე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, 2023 წლის 19 ივნისს, ს. ხ–ი მივიდა ქალაქ კ–ში, თ–ს ქუჩა №..-ში მდებარე მ. ხ–ს საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები.

1.3. 2023 წლის 15 ივნისის №.......... შემაკავებელი ორდერით, ს. ხ–ს აეკრძალა დედის - მ. ხ–ს სახლთან მიახლოება, ასევე, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აგრეთვე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, 2023 წლის 21 ივნისს, საღამოს საათებში, ს. ხ–ი მივიდა ქალაქ კ–ში, თ–ს ქუჩა №..-ში მდებარე მ. ხ–ს საცხოვრებელ სახლში, სადაც მ. ხ–სსა და დ. ხ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები.

1.4. 2023 წლის 21 ივნისს, საღამოს საათებში, გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის ნასამართლევმა ს. ხ–სმა საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე, ქალაქ კ–ში, თ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედას - მ. ხ–ს და დეიდას - დ. ხ–ს, რომლებთან ერთადაც ეწევა მუდმივ საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მ. ხ–ს ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და მხრის არეში, რის შემდეგაც გასაშველებლად მისულ დ. ხ–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის, კიდურებისა და ბეჭების არეში. ს. ხ–ის ქმედებების შედეგად მ. ხ–მა და დ. ხ–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

1.5. 2023 წლის 21 ივნისს, საღამოს საათებში, გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის ნასამართლევი ს. ხ–ი საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე, ქალაქ კ–ში, თ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედას - მ. ხ–ს და დეიდას - დ. ხ–ს, რომლებთან ერთადაც ეწევა მუდმივ საოჯახო მეურნეობას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ორივე მათგანს დახოცავდა და არ აცოცხლებდა, რა დროსაც მ. ხ–სა და დ. ხ–ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. გორის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ს. ხ–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

2.2. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, ს. ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 19 ივნისის და 2023 წლის 21 ივნისის ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებებით და გამართლდა.

2.3. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ს. ხ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 28 თებერვალს, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ს. ხ–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის თავისუფლების აღვეთასთან დაკავშირებული სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებული იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია ს. ხ–ს დამნაშავედ ცნობისათვის. მართალია, დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენება, თუმცა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, შემაკავებელი ორდერებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების: შ. გ–ს და კ. ბ–ს მიერ მიწოდებული ინფორმაციით უტყუარად დასტურდება ს. ხ–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. ხ–სის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულებმა - მ. ხ–მა (დედა) და დ. ხ–მა (დეიდა) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ის წარმოადგენს მხოლოდ დაზარალებულების გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციის გამეორებას, რომლის სასამართლოში დადასტურებაზეც დაზარალებულად ცნობილმა პირებმა უარი განაცხადეს. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები არ შეიცავს მონაწილე პირების მიერ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებით ვითარების აღდგენას, არაა მაქსიმალურად მიახლოებული აღსადგენ შემთხვევასთან და შეიცავს მხოლოდ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამეორებას, რის გამოც, მისი, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. ამგვარ შემთხვევაში, დაცვის მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეკითხვები დაუსვას პირს, რომლის მხოლოდ ზეპირ ინფორმაციას ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ოქმში მითითებული ინფორმაციის უტყუარობას.

5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ,,იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 1 ივნისის განჩინება, საქმე №49აპ-20).

5.6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული მოწმეები – კ. ბ–ი და შ. გ–ე – არ არიან ფაქტის თვითმხილველები და გადმოსცემენ დაზარალებულების მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. შესაბამისად, ხსენებული ვერ იქნება შეფასებული, როგორც წონადი მტკიცებულება, რაც შესაძლოა საფუძვლად დაედოს ს. ხ–ს მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

5.7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.8. ფიზიკური ძალადობის ნაწილში ბრალდების დადასტურება, ასევე, შეუძლებელია საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის №.......... და №......... დასკვნებით, სადაც აღნიშნულია, რომ დ. ხ–ს და მ. ხ–ს, 2023 წლის 22 ივნისს, პირადი გასინჯვისას, სხეულზე ფიზიკური დაზიანებების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდათ.

5.9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მტკიცებულებათა ერთობლივი მიმოხილვით ვერ ჰპოვა დადასტურება დანაშაულის ვერც ერთმა ეპიზოდმა. გარდა ამისა, მტკიცებულებების წარმოშობის წყარო ყველა შემთხვევაში მიემართება თავად დაზარალებულებისაკენ. დ. ხ–მა და მ. ხ–მა კი, სასამართლოს არ მისცეს ს. ხ–ს მამხილებელი ჩვენება, რაც გამორიცხავს აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე ს. ხ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე