Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1028-02 15 ნოემბერი,2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ განმარტა, რომ თავისი სამეწარმეო საქმიანობის გაფართოების მიზნით მოპასუხისაგან შეისყიდა მაღაზია, მდებარე ქ. ამბროლაურში. შპს “.. ..-ს" 1997წ. 5 თებერვლის გირაოს ხელშეკრულებით აღნიშნული მაღაზია 6 თვის ვადით ჩადებული ჰქონდა სს “ა-ის" ამბროლაურის ფილიალში. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მაღაზიის გამოსყიდვის მიზნით მან ბანკში შეიტანა 901 ლარი, რაზეც ბანკის მმართველის მიერ გაცემულ იქნა ¹217 ცნობა. 1998წ. 27 აგვისტოს შედგა მაღაზიის ყიდვა-გაყიდვის აქტი. მოსარჩელემ ამასთან განმარტა, რომ მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო 3 წლის განმავლობაში არ მოხერხდა მაღაზიის მასზე გადაფორმება, რითაც განიცადა მატერიალური ზიანი. მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის 4001 ლარის დაკისრება.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს “ბაზარი და დამაზადების გაერთიანებას" მის სასარგებლოდ დაეკისრა 4001 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “.. ..-ის" დირექტორმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელზე უარის თქმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს სასამართლო უწყება გაეგზავნა სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად და მისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის უცნობია. Aაპელანტმა გაასაჩივრა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ 2002წ. 25 მარტს სამკურნალოდ იმყოფებოდა ქ. თბილისში, რამაც სასამართლო პროცესზე გამოცხადებაში შეუშალა ხელი. მან მოითხოვა, პროცესზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით ჩათვლოდა და საქმე არსებითად განხილულიყო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 ივნისის განჩინებით შპს “დ-ის" დირექტორის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. პალატა მიუთითებს, რომ თბილისის ¹... საავადმყოფოს ... კლინიკის ცნობით თ. ს-ე 2002წ. 25 მარტს იმყოფებოდა გამოკვლევაზე ქ. თბილისის ¹... საავადმყოფოს ... კლინიკაში დიაგნოზით _ თავის ტვინის შერყევის შემდეგი პერიოდი, ინტრაკრანიალური ჰიპერტონია. თავად აპელანტის განმარტებით კი, იგი 24 მარტს, სასამართლო პროცესის წინა დღეს, დაეცა და მიიღო ტვინის შერყევა. მომხდარის გამო გამოიძახეს ექიმი, რომელმაც დაუნიშნა პაციენტს 3-4 დღიანი წოლითი რეჟიმი, ვინაიდან განძრევა არ შეიძლებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რ. ს-ის განმარტება და მის მიერ წარმოდგენილი ცნობა ავადმყოფობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავია.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახალი არსებითი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება იმ მოტივით, რომ მის მიერ წარმოდგენილი ცნობა არის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საკმარისი საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ რ. ს-ე სსკ-ს 70-78-ე მუხლების სრული დაცვით გაფრთხილებული იყო 2002წ. 25 მარტის სასამართლო სხდომის შესახებ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 მარტის მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. რ. ს-ემ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში და მისი გაუქმების საფუძვლად წარმოადგინა ქ. თბილისის ¹... საავადმყოფოს ... განყოფილების 2002წ. 25 მარტის ცნობა, რომლის თანახმად იგი 25 მარტს იმყოფებოდა კლინიკაში გამოკვლევებზე, დიაგნოზით _ თავის ტვინის შერყევის შემდგომი პერიოდი, ინტრაკრანიალური ჰიპერტონია. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივნისის სხდომაზე რ. ს-ემ განმარტა, რომ მისთვის სხდომამდე 20 დღით ადრე ცნობილი იყო სხდომის თარიღი, 24 მარტს იმყოფებოდა თბილისში, სადაც წაიქცა და გამოძახებული ექიმის დიაგნოზით ჰქონდა ტვინის შერყევა. ექიმმა დაუნიშნა 3-4 დღით წოლითი რეჟიმი. რ. ს-ემ ასევე განმარტა, რომ მან იცოდა მისი სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ, ამასთან, ვერც დეპეშით შეატყობინა ავადმყოფობის შესახებ სასამართლოს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რ. ს-ის მიერ წარმოდგენილი ცნობა და მისი განმარტება ურთიერთგამომრიცხავია. გარდა ამისა, კასატორი იყო მხოლოდ გამოკვლევებზე, რაც საკასაციო პალატის აზრით, არ წარმოადგენს სსკ-ს 233-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველს.'

სსკ-ს 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. Aასევე არ დგინდება, რომ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ა. გ-ის სარჩელში მითითებული გარემოებანი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც მისი სარჩელი სწორად იქნა დაკმაყოფილებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “დ-ის" დირექტორ კ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივნისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.