Facebook Twitter
საქმე # 330100120003667214

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით


საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №261აპ-24 ქ. თბილისი
ძ-ა მ. 261აპ-24 17 ივლისი, 2024 წელი


საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ძ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის განაჩენით:
1.1. მ. ძ-ა, - დაბადებული ... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით (2019 წლის 13 იანვრის ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით (2019 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით (2019 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით (2019 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ძ-ს შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (7 წლით, 9 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ძ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2022 წლის 6 მაისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ძ-მ ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი არაერთგზის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით მ. ძ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
· 2019 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 23 საათსა და 50 წუთზე, გ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე №... პენიტენციური დაწესებულების მე-... საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, №... დეესკალაციის ოთახში, ელექტრონული საშუალებით 24 საათიანი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ განთავსებულმა მსჯავრდებულმა მ. ძ-მ ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორ ო. ა-ს სახის არეში ხელი დაარტყა, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2019 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, გ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე N... პენიტენციური დაწესებულების მე-... საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, №... დეესკალაციის ოთახში, ელექტრონული საშუალებით 24 საათიანი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ განთავსებულმა მსჯავრდებულმა მ. ძ-მ ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორ ლ. ს-ს სახის არეში ხელი დაარტყა, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკურ ტკივილი.
· 2019 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 13 საათსა და 50 წუთზე, გ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე №... პენიტენციური დაწესებულების მე-... საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, №... დეესკალაციის ოთახში, ელექტრონული საშუალებით 24 საათიანი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ მყოფმა მსჯავრდებულმა მ. ძ-მ ბარძაყის არეში ფეხი დაარტყა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორ ო. ა-ს, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკურ ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის განჩინებით:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის მე-5 პუნქტში შევიდა ცვლილება და დაემატა შემდეგი მსჯელობა:
3.2. „მსჯავრდებულ მ. ძ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელზე -12 წლით თავისუფლების აღკვეთაზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი და მსჯავრდებულ მ. ძ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 75 დღე.“ მსჯავრდებულ მ. ძ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, განსაზღვრული საბოლოო სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენით:
4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
4.2. მ. ძ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით (2019 წლის 13 იანვრის ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით (2019 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით (2019 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით (2019 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ძ-ს შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (7 წლით, 9 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ძ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2022 წლის 6 მაისიდან.
5. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. ძ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მ. ძ-ს გამართლება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულების - ო. ა-ს, ლ. ს-სა და მოწმეების - ზ. ჩ-ს, რ. დ-სა და სხვათა ჩვენებები, ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ ოქმები, ვიდეოჩანაწერები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N... დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მ. ძ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
8. საკასაციო სასამართლო ადვოკატ ნ. მ-ს პოზიციას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა მ. ძ-მ 2019 წლის 13, 23 და 28 იანვარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა N... პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს - ო. ა-სა და ლ. ს-ს, კერძოდ:
9. დაზარალებულ ო. ა-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა N... პენიტენციურ დაწესებულებაში, რა დროსაც თანამშრომლის - ზ. ჩ-გან შეიტყო, რომ N... დეესკალაციის ოთახში მყოფი მსჯავრდებული მ. ძ-ა ცდილობდა თვითდაზიანების მიყენებას. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, თანამშრომლებთან ერთად შევიდა მსჯავრდებულის ოთახში. მ. ძ-ა იყო ძალიან აგრესიული, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მოთხოვნას, რომ დამშვიდებულიყო, პასუხობდა სიტყვიერი შეურაცხყოფითა და გინებით, მას კი მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა ხელი სახეში, რის გამოც მან განიცადა ტკივილი. 2019 წლის 28 იანვარს, კვლავ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და თანამშრომლებთან ერთად მივიდა N... დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულ მ. ძ-თან, რათა შეემოწმებინათ, ხომ არ ჰქონდა მიყენებული ახალი თვითდაზიანება. ოთახში შესვლისას მსჯავრდებული იყო აგრესიული და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაწესებულების თანამშრომლებს. ო. ა-მ და ზ. ჩ-მა დააწვინეს მსჯავრდებული საწოლზე და შეუმოწმეს ხელზე არსებული ძველი დაზიანებები, რის შემდეგაც აპირებდნენ დეესკალაციის ოთახის დატოვებას, რა დროსაც მ. ძ-მ ო. ა-ს ფეხი დაარტა ბარძაყის არეში.
10. დაზარალებულ ლ. ს-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 23 იანვარს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა N... პენიტენციურ დაწესებულებაში, კერძოდ, N... დეესკალაციის ოთახში მყოფი მსჯავრდებული მ. ძ-ა უნდა გადაეყვანა მის საცხოვრებელ საკანში. საკანთან მიყვანისთანავე მსჯავრდებული გახდა აგრესიული, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას და მასთან ერთად მყოფ თანამშრომლებს: რ. დ-სა და ი. ჩ-ს, იმუქრებოდა თვითდაზიანების მიყენებით, რის გამოც მსჯავრდებული უკან დააბრუნეს დეესკალაციის ოთახში. ოთახში შესვლისთანავე ხელბორკილი მოხსნეს მ. ძ-ს, რა დროსაც იგი მოულოდნელად თავს დაესხა მას (ლ. ს-ს) და ხელი დაარტყა საფეთქლის არეში.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულებმა - ო. ა-მ და ლ. ს-მ თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერეს საქმის ფაქტორივი გარემოებები. საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს დაზარალებულების მიკერძოებასა და დაინტერესებაში დაარწმუნებდა.
12. გარდა ამისა, დაზარალებულის ჩვენება თანხვდენილია მოწმეების - ზ. ჩ-სა და რ. დ-ს ჩვენებებთან, რომლებითაც მომხდარი დადასტურებულია.
13. დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები სრულადაა თანხვდენილი ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ შედგენილ ოქმებსა და ვიდეოჩანაწერებთან, სადაც გარკვევით ჩანს, თუ როგორც ძალადობს ფიზიკურად აგრესიული მ. ძ-ა დაზარალებულების მიმართ და ვიდეოჩანაწერების არცერთ მონაკვეთში არ იკვეთება პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი.
14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, მ. ძ-ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით (კოდი F70.1; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი დაავადებული იყო მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობით, ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ის იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი. თავისი ფსიქიკური მდომარეობით მას შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.
15. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ძ-ს ბრალეულობა უტყუარად არის დადგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობით. აქედან გამომდინარე, მისი მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ იკვეთება. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.


18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ძ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.




თავმჯდომარე ლ. თევზაძე



მოსამართლეები: შ. თადუმაძე



მ. გაბინაშვილი