Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1030-02 30 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

კასატორის თხოვნა: გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 25 იანვარს რეგისტრირებულმა კავშირმა “ს. დ. ს-მ" სარჩელით მიმართა სასამართლოს 1999წ. 9 ნოემბერს რეგისტრირებული კავშირის “ს. დ. ს-ის" წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის სასამართლო რეგისტრაციის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას გააჩნდა ამ სახელით სარგებლობის უპირატესი უფლება და ერთი და იგივე სახელწოდებით ორი იურიდიული პირის ფუნქციონირება მიზანშეუწონელია. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოსარჩელის სასამართლო რეგისტრაციის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საზოგადოების სახელით დაფუძნებულია შპს “ს. ს. გ. ", რომელსაც დაექვემდებარა ადრე არსებულ კავშირში (რეგისტრირებული 1993 წელს) შემავალი მაღაზიები. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული საქმიანობა ეწინააღმდეგება სკ-ს 31-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 35-ე მუხლის მოთხოვნებს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა 2000წ. 25 იანვარს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ რეგისტრირებული კავშირი “ს. დ. ს.". სასამართლომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე არასწორად იქნა რეგისტრირებული, რადგან დარღვეულია სკ-ს 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 2000წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 2000წ. 25 იანვარს რეგისტრირებული “ს. დ. ს.". სასამართლომ მიიჩნია, რომ კავშირის რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს, რადგან ასეთი სახელწოდების კავშირი უკვე არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 20 მარტის განჩინებით 2000 წელს რეგისტრირებული კავშირის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2000წ. დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.'საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კავშირის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი არ შეიძლება იყოს მისი სახელი (სახელწოდება). თბილისის საოლქო სასაამართლომ 2001წ. 25 ივნისის გადაწყვეტილებით გააუქმა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სარჩელი და არ დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით 1999 წელს რეგისტრირებული კავშირის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 25 ივნისის გადაწყვეტილება 1999წ. რეგისტრირებული კავშირის რეგისტრაციის გაუქმების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, ე.ი. კანონიერ ძალაში შევიდა გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც 1999 წელს რეგისტრირებული კავშირის შეგეგებულ სარჩელს უარი ეთქვა 2000წ. 25 იანვარს რეგისტრირებული კავშირის გაუქმებაზე.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ არ გამოარკვია, კავშირი (რეგისტრირებული 1999 წელს) არსებითად გადავიდა თუ არა სამეწარმეო საქმიანობაზე.

სააპელაციო სასამართლომ განიხილა 2000 წელს რეგისტრირებული კავშირის სააპელაციო საჩივარი თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებაზე (სარჩელზე უარის თქმის ნაწილში). სააპელაციო სასამართლოს 2002წ. განჩინებით ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. საქმეზე დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:^

არც მხარეთა ახსნა-განმარტებით და არც საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება 1999 წელს რეგისტრირებული კავშირის სამეწარმეო საქმიანობაზე გადასვლა, ხოლო საქართველოს სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად, მხარეებმა თვითონ უნდა დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნასა და შესაგებელს. სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, კავშირის რეგისტრაციის დროს სასამართლოს დადგენილებაში მითითებული იყო “მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-4 და მე-5 მუხლებზე, მაგრამ შემდგომში სასამართლოს განჩინებით ეს ნორმები შეიცვალა სკ-ს 31-ე და 33-ე მუხლებით. სხვა რაიმე მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება, რომელიც დაადასტურებდა კავშირის სამეწარმეო საქმიანობაზე გადასვლას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის საფუძველზე არ არსებობს 1999 წელს რეგისტრირებული კავშირის გაუქმების საფუძველი.

აპელანტის მიერ სასამართლოს სხდომაზე დაყენებულ იქნა ახალი მოთხოვნები, რის თაობაზეც არ უმსჯელია პირველი ინსტანციის სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მათი განხილვა.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე 2000 წელს რეგისტრირებულმა კავშირმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანა საკასაციო საჩივარი.

კასატორს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს 2002წ. 1 მაისის განჩინება აშკარა კანონდარღვევითაა მიღებული. კერძოდ, სასამართლო მიუთითებს, რომ საწარმოს რეგისტრაცია “მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძველზე განხორციელდა, ანუ ორგანიზაცია თავიდანვე რეგისტრირებული იყო როგორც სამეწარმეო პირი, მაგრამ ამასთანავე საქმეში წარმოდგენილია მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს 2001წ. 9 ივნისის განჩინება, რომლითაც კავშირის დადგენილებაში “მეწარმეთა შესახებ" კანონის მითითებული მუხლები შეცვლილია სკ-ს 31-ე და 33-ე მუხლებით. კასატორს მიაჩნია, რომ ამით აღიარებულია კანონის დარღვევით კავშირის რეგისტრაციის ფაქტი. გარდა ამისა, სკ-ს 34-ე მუხლის თანახმად ცვლილებები, რომლებიც საჭიროებენ რეგისტრაციას, გამგეობამ დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს სასამართლოს (იუსტიციის სამინისტროს) სანოტარო წესით დამოწმებული ფორმით რომელიც შევა რეესტრში და გამოქვეყნდება, რაც არ გაკეთებულა და რითაც დაირღვა აღნიშნული მუხლის მოთხოვნები. სწორედ კანონდარღვევის ამ ფაქტს უვლის გვერდს სააპელაციო სასამართლო.

კასატორი მოითხოვს სკ-ს 34-ე და 35-ე მუხლების დარღვევის საფუძველზე გაუქმდეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 9 ნოემბრის დადგენილებით რეგისტრირებული სუბიექტი; სკ-ს 26-ე მუხლის საფუძველზე აღიკვეთოს “ს. დ. ს-ის" სახელწოდებით არამართლზომიერი სარგებლობა ზემოაღნიშნული სუბიექტის მიერ; მასვე (გამგეობის წევრებს სოლიდარულად) სკ-ს 26-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-18 მუხლის საფუძველზე დაეკისროს ზარალის ანაზღაურება 100000 ლარის ოდენიბით; საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, სკ-ს 161-ე, 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად აღიკვეთოს მესაკუთრის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა შპს “ს. ს. გ-ის" წილის მიმართ 1999 წელს რეგისტრირებული სუბიექტის მიერ და დაეკისროს ზარალის ანაზღაურების 50000 ლარის ოდენობით; სკ-ს 157-ე, 161-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად მასვე დაეკისროს ნივთისა და უფლების ნაყოფის დაბრუნება 50000 ლარის ოდენობით; მასვე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, აღსრულების ხარჯისა და სააღსრულებო მოსაკრებელის გადახდევინება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოება, რადგან არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 ივისის განჩინებას. კასატორს არასწორად მიაჩნია, რომ სასამართლო დადგენილება, რომელშიც “კავშირის" რეგისტრაციის საფუძვლად “მეწარმეთა შესახებ" კანონის ნორმები იქნა მითითებული, უკვე თავისთავად ნიშნავს იმას, რომ კავშირი სამეწარმეო სუბიექტია, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და ამიტომ უნდა გაუქმდეს. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მითითებული განჩინებით გასწორდა კავშირი “ს. დ. ს-ის" (რეგ. 1999წ. 9 ნოემბერი, ¹06/9-72 დადგენილება) რეგისტრაციის დადგენილებაში სასამართლოს მიერ დაშვებული უზუსტობა, კერძოდ, რეგისტრაციის დადგენილებაში მითითებულ “მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-4 და მე-5 მუხლების ნაცვლად რეგისტრაციის საფუძვლად მიეთითა სკ-ს 31-ე, 33-ე მუხლებზე.

პალატა მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კავშირის ან სამეწარმეო სუბიექტის რეგისტრაციისათვის აუცილებელ პირობებს, მაგრამ სასამართლომ რეგისტრაციის დადგენილებაში არასწორად მიუთითა რეგისტარციის სამართლებრივ საფუძველზე, იგი არ შეიძლება გახდეს ამ იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს იმ უზუსტობის გასწორება, რაც სასამართლომ დაუშვა კავშირის რეგისტრაციის დროს. ეს არ იქნება რეგისტრაციაში ცვლილების შეტანა, როგორც ამას კასატორი თვლის, რადგან ცვლილებები რეგისტრაციაში, რაც სკ-ს 34-ე მუხლითაა გათვალისწინებული, ხდება იმ შემთხვევაში, როცა კავშირს (ან ფონდს) სურს, შეცვალოს ის მონაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია სკ-ს 32-ე მუხლებით. ამდენად, უსაფუძვლოა საკასაციო პრეტენზია.

რაც შეეხება კასატორის სხვა მოთხოვნებს სახელწოდების გამოყენების აკრძალვის, მორალური ზიანის ანაზღაურების, ნივთისა და უფლების ნაყოფის დაბრუნებასა და სხვა, კასაცია ამ ნაწილში დაუშვებელია შემდეგი გარემოების გამო:

2000 წელს რეგისტრირებული კავშირი “ს. დ. ს." (კასატორი) სარჩელით მოითხოვდა 1999წ. 9 ნოემბერს რეგისტრირებული ამავე სახელწოდების კავშირის რეგისტრაციის გაუქმებას. დადგენილია, რომ მოსარჩელეს დავის საგანი არ გაუზრდია საქმის პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში არსებითად განხილვის დროს. სსკ-ს 406-ე მუხლით საკასაციო სასამართლოზე დაუშვებულია დავის საგნის შეცვლა ან გადიდება. ამდენად, კასატორის მოთხოვნა დაუშვებელია და საკასაციო სასამართლო მათ საფუძვლიანობაზე ვერ იმსჯელებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. დ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 მაისის განჩინება.'

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.