საქმე # 330100123007014822
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №342აპ-24 ქ. თბილისი
რ-ი ე. 342აპ-24 17 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:
1.1. ე. რ-ი, - დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის ,,ა“ და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. რ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 1 თებერვლიდან.
1.2. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. რ-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ე. რ-მა გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, მდმა, მეთადონი, მორფინი, თებაინი, ჰეროინი, მეტამფეტამინი. აღნიშნულ ნივთიერებებს ე. რ-ი ასევე უკანონოდ ინახავდა 2023 წლის 1 თებერვალს, დღის საათებში, ქ. თ-ში, მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1“-ის ზედა ვესტიბიულში, ფეხით გადაადგილებისას. ე. რ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა თეთრი და წითელი ფერის, წებოლენტის ნაჭრებით გადაკრული, უფერო, გამჭვირვალე, პოლიმერული მასალის ჩამკეტიან პაკეტებში 8 ცალად დაფასოებული თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით - 7,37გ, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის N ... - ... დასკვნის თანახმად, შეიცავს დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (ფუძე), რაოდენობით - 4,4767გ. ე. რ-ი ასევე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს მის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თ-ში, ს-ს ქუჩის N... , ბინა N...-ში, რაც 2023 წლის 1 თებერვალს, 21:00 საათიდან 22:50 საათამდე პერიოდში ჩატარებული ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული. ქიმიური ექსპერტიზის N ... - ... დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული სხვადასხვა სახით დაფასოებული ნივთიერებები მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებებს - მდმას (3,4 - მეთილენდიოქსი მეტამფეტამინი), რომლის საერთო რაოდენობა შეადგენს - 6,7169გ; მეთადონს (ფუძე), საერთო რაოდენობა შეადგენს - 12,8968გ; კოკაინს (ფუძე), რაოდენობით -30,1526გ; მორფინს (ფუძე), რაოდენობით - 0,2657გ; თებაინს, რაოდენობით - 0,0861გ; ჰეროინს, რაოდენობით - 0,2112გ; მეტამფეტამინს (ფუძე), რაოდენობით - 2,7893გ.
· ე. რ-მა, შემდგომი გასაღების მიზნით, აწონა, დააფასოვა, გაანაწილა და პირადად და საცხოვრებელ სახლში შეინახა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: კოკაინი, მდმა, მეთადონი, მორფინი, თებაინი, ჰეროინი, მეტამფეტამინი. მიუხედავად იმისა, რომ ე. რ-ს ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში მისი დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი და 2023 წლის 1 თებერვალს, დღის საათებში, ქ. თ-ში, მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1-ის“ ზედა ვესტიბიულში, ე. რ-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა 8 ცალად დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება კოკაინი (ფუძე), რაოდენობით - 4,4767გ. ასევე, 2023 წლის 1 თებერვალს, 21:00 საათიდან 22:50 საათამდე პერიოდში, ქ. თ-ში, ს-ს ქუჩის N... , ბინა N...-ში მდებარე ე. რ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს მიერ ამოღებულ იქნა სხვადასხვა სახით დაფასოებული, შემდგომი გასაღების მიზნით შენახული ნარკოტიკულ საშუალებები - განსაკუთრებით დიდი ოდენობით მდმა (3,4 - მეთილენდიოქსი მეტამფეტამინი), საერთო ოდენობით - 6,7169გ; განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მეთადონი (ფუძე), საერთო ოდენობით - 12,8968გ; განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კოკაინი (ფუძე), ოდენობით - 30,1526გ; მორფინი (ფუძე), რაოდენობით - 0,2657გ; დიდი ოდენობით თებაინი, რაოდენობით - 0,0861გ; დიდი ოდენობით ჰეროინი, რაოდენობით - 0,2112გ; განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეტამფეტამინი (ფუძე), რაოდენობით - 2,7893გ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის ,,ა“ და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირებული ქმედება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტსა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
3.3. ე. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. რ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 1 თებერვლიდან.
3.4. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ე. რ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ს-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განაჩენის გაუქმება და ე. რ-ს გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. რ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას (მოწმეების - კ. ჯ-ს, გ. ს-ს, კ. გ-ს, გ. ქ-ს, გ. ფ-სა და სხვათა ჩვენებებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N ... - ... , ქიმიური ექსპერტიზის N...-... დასკვნებს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N... დასკვნას, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმსა და სხვა მტკიცებულებებს), რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ე. რ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
7. მოწმეების, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების - კ. ჯ-სა და გ. ს-ს ჩვენებები თანხვდენილია დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებთან. მოწმეებმა აღწერეს, რომ 2023 წლის 1 თებერვალს, 17:15 საათიდან 17:30 საათამდე პერიოდში, თ-ში, მეტროსადგურ ,,სადგურის მოედანი 1-ის“ ზედა ვესტიბიულში, პატრულ-ინსპექტორმა კ. ჯ-მა თარჯიმნის მონაწილეობით ჩაატარა ე. რ-ს პირადი ჩხრეკა და დაკავება. პირადი ჩხრეკისას ამოიღეს თეთრი ფერის „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი და რვა პაკეტად დაფასოებული პოლიეთილენის მცირე ზომის ფაილი, მასში არსებული თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასით. ჩხრეკისას ასევე ამოიღეს ორ პაკეტად დაფასოებული, 193 ცალი მცირე ზომის პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი და პირადი ნივთები. ამასთან, მოწმე კ. გ-ს ჩვენებით დადასტურდა 2023 წლის 1 თებერვალს მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ე. რ-ს დაკავების ფაქტი. მსჯავრდებულმა პატრულ-ინსპექტორებს განუცხადა, რომ თ-ში, ს-ს ქუჩის №... , ბინა №...-ში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. ბინის ჩხრეკისას მისაღებ ოთახში განთავსებული დივნიდან ამოიღეს პატარა ,,ზიპჩამკეტიანი“ პარკები, რომლებშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა ფერისა და სტრუქტურის აბები და ფხვიერი მასა. იმავე დივნიდან ამოიღეს ერთი პაკეტი მასში მოთავსებული სამი პატარა პაკეტით, რომლებშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება, რაც დადასტურდა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით. მოწმე გ. ქ-ს ჩვენებით დადგინდა, რომ ე. რ-ს საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში არსებული დივნიდან ამოიღეს ,,ზიპჩამკეტიანი“ პაკეტები, რომლებშიც იყო სხვადასხვა ზომის, სტრუქტურისა და ფორმის ნარკოტიკული საშუალებები. დივნიდან ასევე ამოიღეს ე. რ-ს პასპორტი, პირადი ნივთები და მცირე ზომის სასწორი. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადგინდა უფროსი ექსპერტის ლ. ხ-ს ჩვენებითაც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N ... - ... , ქიმიური ექსპერტიზის N ... - ... დასკვნებით დადგინდა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები არის კოკაინი, მდმა, მეთადონი, მორფინი, თებაინი, ჰეროინი და მეტამფეტამინი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებულ ნივთიერებათა შესაფუთ პაკეტებზე აღმოჩნდა ე. რ-ს ბიოლოგიური მასალა.
8. გასაღების მომზადების ნაწილში, მტკიცებულებათა ერთობლიობის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად ყურადღებას შეაჩერებს ე. რ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,აიფონ 6-ის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად დადგინდა, რომ აპლიკაცია „whatsapp-ში“ არის ,,გ-ან“ 1 თებერვლით დათარიღებული მიმოწერები და ფოტოსურათები, სადაც აღნიშნულია მისამართები და დატანილია კოორდინატები კონკრეტული ადგილის მითითებით ისრების საშუალებით. საუბრის შინაარსი ეხება ნარკოტიკული საშუალების განთავსებას სხვადასხვა ლოკაციებზე და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნას, ნარკოტიკული საშუალების ოდენობას და განთავსების ადგილებს. ასევე მიმოწერაში ფიქსირდება ფოტოები, რომლებზეც დატანილია კოორდინატები და მონიშნულია სამალავები. ამასთანავე, მოწმე გ. ფ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ე. რ-ს „აიფონის“ ფირმის მობილურ ტელეფონში არსებულ მიმოწერებში საუბარია კოკაინის განთავსების ადგილზე, ხოლო ფოტოებზე ასახულია სადარბაზოები და პატარა ელექტროსასწორი, რომელზედაც, ზოგ შემთხვევაში, ფხვნილია განთავსებული. აღნიშნული მტკიცებულება ცალსახად და უტყუარად ადასტურებს რომ ე. რ-ს პირადი და ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გამიზნული იყო გასაღებისთვის მათი ოდენობის, სახეობის, შეფუთვის მდგომარეობისა და შესაფუთად და ასაწონად საჭირო მასალების ადგილზე არსებობიდან გამომდინარე. ეს ყოველივე ნათლად მიანიშნებს მსჯავრდებულის განზრახვასა და კანონსაწინააღმდეგო, ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის მოტივზე - შემდგომი გასაღების სურვილზე, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აქტიური, ქმედითი ნაბიჯების გამო ბოლომდე არ განხორციელდა და აღკვეთილ იქნა მომზადების სტადიაზე.
9. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებითა და ასევე, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა ე. რ-მა ჩაიდინა როგორც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ასევე, ნარკოტიკული საშუალების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, უკანონოდ გასაღების მომზადება, შესაბამისად, მისი ქმედებები სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი