საქმე # 120100121005331180
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №351აპ-24 ქ. თბილისი
პ-ო გ. 351აპ-24 17 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. პ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აპრილს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; დაზარალებულის იძულება ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, რასაც ერთვის მისი მოკვლის მუქარა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 26 აპრილს, საღამოს საათებში, ქალაქ ა-ში, ბ-ს ქ. №...-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმანიციის მოტივით, კერძოდ, გენდერული სტერეოტიპების გავლენით, რომ ცოლი არის ქმრის საკუთრება, ცოლმა უნდა შეასრულოს ის საქმიანობა, რომლის ნებასაც ქმარი დართავს, ხელის, სახისა და თავის არეში არაერთხელ დარტყმით, გ. პ-მ, მათივე არასრულწლოვანი შვილის - ი. პ-ს თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ი. ც-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ა-ში კ-ს ქ. №...-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, გ. პ-მ, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ი. ც-ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებების გამო, ვინაიდან, ფიქრობს, რომ მამაკაცს ქალი უნდა ემორჩილებოდეს ყველაფერში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ხელი ორივე მკლავზე და ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
· 2021 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 21:20 საათზე, ქ. ა-ში, კ-ს ქ. №...-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში გ. პ-ო რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ი. ც-ს ეჭვიანობის ნიადაგზე დაემუქრა მოკვლით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· გ. პ-მ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ი. ც-ს ჯერ შესთავაზა, რომ მის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე არ მიეცა ჩვენება და აცხოვრებდა ქ. ა-ში მდებარე მისსავე ნაგირავებ ბინაში, ხოლო შემდეგ, 2021 წლის 3 ოქტომბერს, ქ. ა-ში, კ-ს ქ. №...-ში მდებარე სახლში სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა, რომ სასამართლოში მის წინააღმდეგ არ მიეცა ჩვენება.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენით:
2.1. გ. პ-ო ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 26 აპრილის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გაუქმდა გ. პ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ნ. პ-ს მიერ გადახდილი გირაოს თანხა - 10000 ლარი (გადახდის თარიღი 2021 წლის 7 ოქტომბერი, შემ.ორდერი 12/12209) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
2.3. განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განჩინებით ტ. ზ-ს (პირადი №...) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - 5000 ლარის ეკვივალენტურ წილს, მდებარეს ა-ს რაიონში, სოფელ წ-ში (საბარგო სადგური N28) საკადასტრო კოდი ...
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
4.1. გამართლებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ-მ შესაგებლით მოითხოვა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა ხარისხობრივ მოთხოვნასთან ერთად ადგენს მათი საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103).
7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის - თამუნა მურჯინელის მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რამეთუ არ ეფუძნება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ლოგიკურ შეფასებას.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ი. ც-მ და მოწმეებმა - ნ. პ-მ, შ. ზ-მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მეუღლის, ძმისა და შვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
10. მოწმეების - ო. ც-სა და კ. ქ-ს ჩვენებები არსებითად არ უკავშირდება გ. პ-ს მიმართ ბრალად წარდგენილ რომელიმე ბრალდებას. დაზარალებულის მამა მხოლოდ ერთ ეპიზოდზე მიუთითებს, როდესაც 2021 წლის 26 აპრილს მას შვილმა - ი. ც-მ უჩვენა სილურჯე კისრის არეში და უთხრა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თუმცა, აღნიშნული ფაქტის თვითმხილველი ო. ც-ე არ ყოფილა, შესაბამისად, შეუძლებელია მისი ჩვენებით აღდგენილ იქნეს დანაშაულის სურათი ამ ერთ ეპიზოდშიც კი. გასათვალისწინებელია, რომ იგი სრულებით გამორიცხავს ფიზიკური ძალადობის სხვა ფაქტების არსებობას; მოწმეს მიაჩნია, რომ შვილი მას აღნიშნულის შესახებ აუცილებლად ეტყოდა. მოწმე კ. ქ-ს ჩვენება კი არ აღწერს ი. ც-ს მიმართ ჩადენილი არც ფიზიკური ძალადობისა და არც მუქარის ეპიზოდებს. პირიქით, იგი აღნიშნავს, რომ მისი ი. ც-ს საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს მის მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
11. მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორებმა და გამომძიებლებმა - კ. ს-მ, ე. ტ-მ, ლ. ზ-მ, დ. მ-მ და თ. ო-მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა სისწორე და გადმოსცეს ის ინფორმაცია, რაც გააჩნდათ საქმის წარმოებისას მიღებული ცნობების ფარგლებში. თუმცა, მათი ჩვენებების წყარო არის ის მოწმეები, რომლებმაც ჩვენება არ მისცეს სასამართლოს, მათ შორის, დაზარალებული ი. ც-ე. შესაბამისად, ყველა ინფორმაცია, რომელიც მოწმეებს გააჩნიათ დანაშაულის თითოეული ეპიზოდის ირგვლივ, ირიბია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, ი. ც-ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.
15. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
17. განსახილველ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ი. ც-მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მით უფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.
19. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. პ-ს ბრალეულობას 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 26 აპრილის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ქმნის მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი