გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1033-01 10 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: უძრავი ქონების გამოთხოვა უკანონო მფლობელობიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ს. ვ-ინს ჯ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 9300 აშშ დოლარის, ხოლო ლ. გ-შვილს 800 აშშ დოლარის გადახდა.
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ჯ. ბ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადაც მიუთითებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შემოწმდა ს. ვ-ინისა და ლ. გ-შვილის ქონებრივი მდგომარეობა და დადგინდა, რომ მათ შპს “ქნ-ში” გააჩნიათ 84,2% წილი, რაც აუდიტის დასკვნის მიხედვით თანხის სახით შეადგენს 14,314 აშშ დოლარს. მითითებული საფუძვლით მოითხოვა შპს “ქნ-დან” მოპასუხეთა წილის მასზე გადაცემა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 6 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა ჯ. ბ-შვილის მოთხოვნა და მოსარჩელეს გადაეცა ლ. გ-შვილის წილის 4,7%, ხოლო ს. ვ-ინის წილის 54,7%, საბოლოოდ შპს “ქნ-ში” ჯ. ბ-შვილის წილი განისაზღვრა 59,4%. ამ განჩინების შესაბამისად რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 14 აპრილის დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილებები სამეწარმეო რეესტრში.
ჯ. ბ-შვილმა ისევ მიმართა სასამართლოს სარჩელით მოპასუხეების, ს. ვ-ინისა და ლ. გ-შვილის, წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. რუსთავში, ... მდებარე მაღაზიიდან მისი კუთვნილი წილის – 59,4% შესაბამისი ფართის გამოყოფა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 14 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
2000 წლის მარტში შპს “ქნ-ის” დირექტორმა ლ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში, სადაც მიუთითებდა, რომ რუსთავში, ... მდებარე მაღაზია წარმოადგენს შპს “ქნ-ს” საკუთრებას. მაღაზიის ნაწილს უკანონოდ ფლობს მოპასუხე ჯ. ბ-შვილი. მოსარჩელემ მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხის მფლობელობიდან შპს “ქნ-ის” კუთვნილი ფართის გამოთხოვა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, სადავო ფართს ფლობს კანონიერად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ დადგენილად ცნო, რომ სადავო ფართი საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს შპს “ქნ-ს” საკუთრებას. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის I ნაწილი, 172-ე მუხლი და მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის უზუსტობა დამტკიცებული არ არის და მოსარჩელის მოთხოვნა ქონების გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანია. მითითებული საფუძვლებით სააპელაციო პალატამ 2001 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით გააუქმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სარჩელი მფლობელობიდან ფართის გამოთხოვის შესახებ. ჯ. ბ-შვილს დაევალა რუსთავში, ... დაკავებული ფართის გამოთავისუფლება.
კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სადავო ფართის მესაკუთრედ ცნობას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ სადავო ფართი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებული იყო მის საკუთრებად. 2000 წლის 2 ნოემბერს, სადავო ფართი გაასხვისა მოქალაქე დ. ბ-ძეზე და ამჟამად იგი რეგისტრირებულია მის სახელზე. კასატორის მოსაზრებით მოსარჩელემ შეცდომაში შეიყვანა საჯარო რეესტრის რეგისტრატორი და სასამართლოში წარმოადგინა უსწორო ჩანაწერი. კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც შესწორებულ იქნა საჯარო რეესტრის მონაცემები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ ჯ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 6 აპრილის განჩინებით (და არა გადაწყვეტილებით), ს. ვ-ინისა და ლ. გ-შვილის მოწვევის გარეშე ჯ. ბ-შვილს გადაეცა შპს “ქნ-ში” ლ. გ-შვილის წილის 4,7% და შპს “ქნ-ში” ს. ვ-ინის წილის 54,7%. ამ განჩინებით სასამართლომ არ დაადგინა გასაჩივრების წესი და ვადები.
დადგენილია, რომ ჯ. ბ-შვილმა სასამართლოს განჩინებით შპს “ქნ-ში” წილის მიღების შემდეგ ისევ მიმართა სარჩელით სასამართლოს მოპასუხეების, ს. ვ-ინის და ლ. გ-შვილის, წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. რუსთავში, ... მდებარე მაღაზიიდან მისი კუთვნილი წილის, 59,4%-ის შესაბამისი ფართის გამოყოფა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების, ლ. გ-შვილის და ს. ვ-ინის მიმართ დაკმაყოფილდა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სადავო ფართი, რომელიც სასამართლომ გამოუყო მოსარჩელეს, არ წარმოადგენდა არც ლ. გ-შვილის და არც ს. ვ-ინის საკუთრებას. სადავო ფართი საქმის განხილვის პერიოდისათვის წარმოადგენდა სახელმწიფო ქონებას. ამდენად, სასამართლომ 2000 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. ბ-შვილს გადასცა სადავო ფართი ისე, რომ მხარედ არ მოიწვია სადავო ფართის მესაკუთრე.
მითითებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ლ. გ-შვილის საჩივარი. საჩივარი შეიტანა ასევე ს. ვ-ინმა, რომელიც არ დაკმაყოფილდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 20 ივნისის განჩინებით, ხოლო ამ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი სასამართლომ დატოვა განუხილველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად არ გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში.
ამდენად, სასამართლომ განჩინებაში წილების გადაცემის შესახებ, არ დაადგინა გასაჩივრების წესი და ვადები, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად არ გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში, რითაც მოუსპო მხარეს მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობა ზემგომ სასამართლოში.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2000 წლის 2 აგვისტოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს და შპს “ქნ-ს” შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს “ქნ-მ” იყიდა ვაჭრობის სამმართველოს ¹115-ე მაღაზია, მდებარე ..., იმავე დღეს სახელმწიფო ქონების მართვის ქ. რუსთავის სამმართველოს მიერ შპს “ქნ-ს” გადაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და საჯარო რეესტრში სადავო მაღაზია აღირიცხა შპს “ქნ-ს” საკუთრებად.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ სადავო ფართი მის საკუთრებად იყო რეგისტრირებული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში და 2000 წლის 2 ნოემბერს სადავო ფართი გაასხვისა მოქალაქე დ. ბ-ძეზე, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა სათანადოდ შეფასებული.
სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელე შპს “ქნ-ს” მითითებულ მოთხოვნათა შესაბამისად აქვს შეძენილი ქ. რუსთავში, ... მდებარე მაღაზია და სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის I ნაწილი, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რომლითაც შესწორებულ იქნა საჯარო რეესტრის მონაცემები, ასევე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 14 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომლითაც ჯ. ბ-შვილს გამოეყო სადავო მაღაზიიდან ფართი, პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე მათ არ შეიძლება მიენიჭოს პრეიუდიციული ძალა შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად დამტკიცდებას არ საჭიროებენ ე.წ. პრეიუდიციალურად დადგენილი ფაქტები. კერძოდ, ფაქტები რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
მითითებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო საქმეზე გამოტანილ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს პრეიუდიციული ძალა მეორე სამოქალაქო საქმის განხილვისას, თუ იგივე მხარეები მონაწილეობენ. ამ ნორმის თანახმად აუცილებელ პირობას წარმოადგენს იგივე მხარეების მონაწილეობა.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების მხარეებს წარმოადგენდნენ ჯ. ბ-შვილი, ლ. გ-შვილი და ს. ვ-ინი. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების მხარეებს წარმოადგენდნენ დ. ბ-ძე და რუსთავის მიწის მართვის სამმართველო, ხოლო მოცემულ საქმეზე მხარეებს წარმოადგენენ ჯ. ბ-შვილი და შპს “ქნ”. ამდენად, მითითებულ საქმეთა განხილვისას მონაწილეობენ სხვადასხვა მხარეები და აქედან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს მოცემული საქმისათვის არ გააჩნია პრეიუდიციული ძალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სკ-ს 172-ე მუხლის შესაბამისად მართებულად დააკმაყოფილა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ქნ-ის” მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი ფართის გამოთხოვის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.