¹ 3კ/1034-01 13 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე,მ. ცისკაძე
დავის საგანი: მიწის ნაკვეთის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი :
ა. და ვ. ს-ძეებმა სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მამისეული მიწის ნაკვეთის მამის მემკვიდრეებზე თანაბარ წილად გამოყოფა. მოსარჩელეთა განმარტებით, მამისეული სადავო მიწის ნაკვეთს ამუშავებდნენ 1945 წლიდან 1997 წლამდე; 1997 წელს ძმისშვილმა ნ. ს-ძემ შექმნა ახალი კომლი და დაეპატრონა 0,75 ჰა მიწის მთელ ფართობს, რის გამოც მათ წაერთვათ ნაკვეთით სარგებლობის საშუალება;
საქმე არაერთგზის განიხილა როგორც ხელვაჩაურის რაიონულმა, ისე აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის დაბრუნების შესახებ, არ დაკმაყოფილდა, ხოლო ვ. ს-ძის განცხადება, მემკვიდრეობის ვადის დადგენა-გაგრძელების შესახებ, დატოვებული იქნა განუხილველად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: მოსარჩელეები დ. ს-ძის კომლის წევრებად მისი გარდაცვალების გადაწყვეტილების მომენტისათვის არ იყვნენ რეგისტრირებულნი; მათ ცხოვრების ადგილის გათვალისწინებით დ. ს-ძის კომლთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდათ. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების დროს, 1960 წელს, დ. ს-ძეს უფლება ჰქონდა, განეკარგა მხოლოდ მის საკუთრებაში არსებული ქონება, ვინაიდან მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და იგი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩუქების საგანი; მოსარჩელეებს გაშვებული აქვთ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სადავო სახლი ამჟამად დანგრეულია; ვინაიდან 1960 წლისათვის სადავო ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება იყო, ის არ წარმოადგენდა კომლის ქონებას და არ შედიოდა სამკვიდრო მასაში.
ვ. და ა. ს-ძეებმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მოითხოვეს მისი გაუქმება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 მარტისა და 24 აპრილის გადაწყვეტილებები და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ერთი და იმავე მტკიცებულების ორი სარეზოლუციო ნაწილი არ იძლევა საშუალებას, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს გადაწყვეტილების იურიდიულ დასაბუთებულობაზე.
მხარის მოთხოვნის შესაბამისად რაიონულმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს ნ. ს-ძე და გ. ღ-ძე არიან თუ არა სათანადო მოპასუხეები; საქმის მასალებით არ არის დადგენილი, განიხილა თუ არა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ ვ. და ა. ს-ძეების განცხადება სადავო საკითხთან დაკავშირებით; არ არის გარკვეული, დ. ს-ძის კომლი საკოლმეურნეო კომლი იყო თუ მუშა-მოსამსახურეთა კატეგორიას განეკუთვნებოდა; იყვნენ თუ არა ძმები ა. და ვ. ს-ძეები სადავო კომლის წევრები.
საქმის მასალებით არ დგინდება; ჩუქების ხელშეკრულება იყო თუ არა რეგისტრირებული სასოფლო საბჭოს აღმასკომის საკომლო წიგნებში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 ივნისის ¹48 დადგენილების თანახმად, სოფლად მიწის გაცემა ხდება სოფლის ან დაბის მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ. ამდენად, საკითხი ჯერ შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განიხილონ.
ვ. და ა. ს-ძეებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს აღნიშნულ განჩინებაზე და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, საკასაციო კოლეგიის მიერ განჩინების ძალაში დატოვების შემთხვევაში კი მისი ხელახლა განსახილველად დაბრუნება საქართველოს სხვა რეგიონის რაიონულ სასამართლოში, გარდა აჭარის ა/რ რაიონულ სასამართლოებისა.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: მიუხედავად იმისა, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არ შეასრულა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 18 აპრილის განჩინება, საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
სააპელაციო სასამართლომ არ მოახდინა მოპასუხის შეცვლა, არ დაკითხა მოწმის სახით მიწის მართვის სამმართველოს თანამშრომელი, არ იმსჯელა რაიონის მოსამართლეების პასუხისმგებლობის შესახებ. გ. ღ-ძე-ს-ძეზე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მამისეული მეურნეობისა და უძრავ-მოძრავი ქონების გაფორმების ფაქტი ბათილია და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ მიწის ნაკვეთის გადაფორმება პირველი კატეგორიის მემკვიდრეებთან შეთანხმებით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაებრუნებინა საქმე, რაკი ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არ შეასრულა ადრე მიცემული მითითებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული კანონის ნორმებზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა სააპელაციო სასამართლოს, შეემოწმებინა იგი სამართლებრივი თვალსაზრისით. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის გარკვეული მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შეუძლებელს ხდის, შემოწმდეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი თვალსაზრისით. კერძოდ, არ არის გათვალისწინებული მოსარჩელე მხარის პოზიცია საქმის განხილვაში სათანადო მოპასუხის ჩაბმის თაობაზე, არ არის გარკვეული მოსარჩელეთა მამის კომლის სტატუსი.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ზემოთ მოყვანილ და სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულ საკითხებთან ერთად უნდა გაარკვიოს, მოსარჩელეთა მოთხოვნა ხომ არ შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიწათსარგებლობის ან მიწის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტის ან გარიგების გაუქმებას და ასეთის არსებობის შემთხვევაში საკითხი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით გადაწყვიტოს. ამასთან, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა დაადგინოს იმსჯელა თუ არა მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანომ, რომლის უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ხოლო ასეთი განხილვის შედეგის არარსებობის შემთხვევაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმის რაიონულ სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. და ა. ს-ძეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.