Facebook Twitter

3კ-1034-02 13 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ჯიხურში მუშაობის ნებართვის მიცემა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ა.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ...-ს ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებულია მისი კუთვნილი ჯიხური. მოსარჩელეს აღნიშნული ჯიხურით სარგებლობას უშლის შპს “ბ.-ის” დირექტორი ნ. წ.-ი, რომელსაც გამიზნული აქვს ჯიხურის დანგრევა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან აღნიშნული ქმედების აკრძალვა.

ა. ა.-მ 2001წ. 23 მარტს დამატებითი სარჩელი შეიტანა სასამართლოში მოპასუხეების: შპს “ბ.-ის”, გაზეთების _ “ა.-ი” და “ი.-ის” რედაქტორის მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1996წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით იგი ცნობილ იქნა ...-ს აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე აშენებულ 14 კვ.მ ჯიხურის მესაკუთრედ. მოსარჩელის განმარტებით, შპს “ბ.”-ის დირექტორი ნ. წ.-ი არ აძლევს მას კუთვნილ ჯიხურში ვაჭრობის საშუალებას, რითაც ილახება მისი, როგორც მესაკუთრის ინტერესები. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელემ მიუთითა, რომ გაზეთ “ა.-ის” 2000წ. 14-20 თებერვლის ნომერში და გაზეთ “ი.-ის” 1999წ. 1 დეკემბრის ¹24 ნომერში გამოქვეყნდა სტატიები, სადაც იგი მოხსენებული იყო როგორც ,,ჯაშუში” და ,,დანოსჩიკი”, რითაც შეილახა მოსარჩელის პატივი და ღირსება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა შპს “ბ.-ის” დირექტორისათვის მისთვის მუშაობის ნებართვის მიცემის დავალება და თითოეული მოპასუხისათვის მორალური ზიანისავთის 10000 ლარის დაკისრება.

შპს “ბ.-ის” დირექტორმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის აღიარებს ა. ა.-ის უფლებას 14 კვ.მ ჯიხურზე და წინააღმდეგი არ არის, მოსარჩელემ წაიღოს თავის ჯიხური სხვაგან. მოსარჩელის განმარტებით, ა. ა.-ი წლების განმავლობაში არ უხდის ბაზარს არავითარ გადასახადს ბაზრის ტერიტორიაზე ჯიხურით სარგებლობისათვის. ამასთან, მიუღებულია ბაზრის ტერიტორიაზე ჯიხურების არსებობა, ვინაიდან მიმდინარეობს ტერიტორიის გამოთავისუფლება დროებითი ნაგებობებისაგან. ბაზრის შრომითმა კოლექტივმა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოახდინა სახელმწიფო ქონების პრივატიზება და ისინი ვალდებულნი არიან, 2006 წლამდე მთლიანად გამოისყიდონ ხელშეკრულებაში მითითებული ქონება. ა. ა.-ი არ არის არც დამფუძნებელი, მას არანაირი წილობრივი მონაწილეობა არ აკავშირებს ორგანიზაციასთან. ნ. წ.-მა ასევე არ ცნო სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელ მოწმობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...-ს რაიონში, მდებარე “ბ.-ის” ქონება გადაეცა შპს “ბ.-ს”, ხოლო 1996წ. 4 ივლისის საიჯარო ხელშეკრულების თანახმად მეიჯარე _ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ გასცა, ხოლო მოიჯარემ, ბაზრის შრომით კოლექტივის ამხანაგობამ, იჯარით გამოსყიდვის უფლებით აიღო ქ. თბილისში, ...-ს რაიონში, მდებარე ...-ს ბაზრის ტერიტორია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ა.-ი რომელსაც გააჩნია 14 კვ.მ ჯიხურზე საკუთრების უფლება, ამ უფლებას ბოროტად იყენებს, როცა არ ემორჩილება შპს “ბ.-ის” მოთხოვნებს ჯერ ბაზრის ტერიტორიით სარგებლობისათვის ქირის გადახდაზე, ხოლო ამჟამად _ ჯიხურის ბაზრების ტერიტორიიდან გატანაზე.

სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ა. ა.-ის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა.-მ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით 2002წ. 2 ივლისს მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატა უთითებს, რომ ვინაიდან აპელანტის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უძრავი ნივთის საკუთრების სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი, შესაბამისად არ არსებობს ა. ა.-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო პალატამ ა. ა.-ის მოთხოვნა მორალური ზიანის დაკისრების შესახებ მიიჩნია უსაფუძვლოდ, ვინაიდან არ იქნა დადასტურებული მოპასუხეთა ბრალეული მოქმედებით მოსარჩელის პირადი არაქონებრივი უფლების ხელყოფა.

ა. ა.-მ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა მოპასუხეებმა მოსარჩელეს უწოდეს “დანოსჩიკი”, “სულით ავადმყოფი”, “ჯაშუში”.

სააპელაციო სასამართლო არ ადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი აღნიშნულ ფაქტს, არ მიუთითებს, თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რატომ მიაჩნია, რომ მოპასუხეთა მიერ მოცემულ დავაში მოსარჩელის მიმართ მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით პატივისა და ღირსების ხელყოფის ფაქტი არ დასტურდება.

ა. ა.-ი, როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, მოითხოვდა მისი კუთვნილი ჯიხურის თვითნებურად დაშლის შეჩერებას.

სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ პასუხობს მოთხოვნას. სასამართლო არ უთითებს, უნდა შეჩერდეს თუ არა ჯიხურის ნგრევა.

საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ უნდა დააზუსტოს აპელანტის მოთხოვნა, მისი საფუძვლები და დასაბუთებული პასუხი გასცეს თითოეულ მათგანს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ა.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.