Facebook Twitter

¹ 3კ/1036 1 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა; მორალური ზიანის ანაზღაურება; მიუღებელი შემოსავლის დაკისრება და ხელშეკრულების შეუსრულებლობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 23 ივნისს ბ. ბ-ევმა სააქციო საზოგადოება “ბანკი კრედიტის” ბათუმის ფილიალის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ კომერციული “ბ. კ.” ბათუმის ფილიალში (შემდგომში სს “ბ. კ.” ბათუმის ფილიალში) შეტანილი ჰქონდა ანაბარი 4000 აშშ დოლარის ოდენობით. იგი 1997 წლის სექტემბრამდე ყოველთვიურად იღებდა სარგებელს (1,5%-ს) 60 აშშ დოლარის ოდენობით.

1997 წლის 20 ოქტომბრიდან შეიცვალა სარგებლის კურსი და ნაცვლად 60 აშშ დოლარისა, ყოველთვიურად იღებდა 28.40 აშშ დოლარს. 1997 წლის სექტემბერში სათავო ბანკის წარმომადგენელმა უთხრა, რომ სჭირდებოდათ საწესდებო ფონდის გაზრდა და მისი თანხმობით მის ანაბარს გადაიტანდნენ საწესდებო ფონდში. ამით იგი გახდებოდა ბანკის აქციონერი და წლის ბოლოს მიიღებდა იმაზე მეტ დივიდენდს, ვიდრე ანაბრის სარგებელი იყო. იგი დაეთანხმა ამ წინადადებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბანკის ხელმძღვანელობამ მოატყუა. 1998 წლის ბოლოს დივიდენდის სახით მიიღო 250 ლარი, 1999 წელს კი საერთოდ ვერ მიიღო დივიდენდი. ბანკის ხელმძღვანელობამ განუმარტა, რომ მისი კუთვნილი დივიდენდის სანაცვლოდ გაეზარდა აქციის რაოდენობა.

მან მიუთითა, რომ აქციის შესატანად ანაბარზე არსებული 4000 აშშ დოლარიდან გადაირიცხა 1500 აშშ დოლარი. მას ანაბარზე უნდა დარჩენოდა 2500 აშშ დოლარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის ანაბარზე ირიცხება მხოლოდ 1960 აშშ დოლარი, ანუ 540 აშშ დოლარით ნაკლები. ამასთან, მის მიერ შეძენილი აქცია ყოფილა უბრალო და არა პრივილეგირებული. განაცხად ხელშეკრულებაში კი არაა მითითებული აქციის სახე.

მას მიაჩნია, რომ აქციონერად გახდომის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ბანკის ადმინისტრაციამ იგი მოატყუა. არ მიაწოდეს ინფორმაცია ბანკის ლიკვიდურობისა და ბონიტენტის შესახებ, დამალეს ბანკის მძიმე ფინანსური მდგომარეობა.

სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის თანახმად მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის აქციის ღირებულების - 1500 აშშ დოლარის, 540 აშშ დოლარისა და მისი სარგებელის - 267,5 აშშ დოლარის, მისი გამგზავრების შეფერხების გამო მიყენებული მატერიალური ზიანის - 200 ლარისა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500 ლარის დაკისრება.

მოსარჩელემ სულ მოითხოვა 3029,8 აშშ დოლარისა და 700 ლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ბ. ბ-ევს ანაბარზე ჰქონდა 3460 აშშ დოლარი და არა 4000 აშშ დოლარი. აქედან საკუთარი სურვილით 1500 აშშ დოლარად შეიძინა ბანკის აქციები. ბანკის მხრივ ბ-ევის მოტყუებას ადგილი არ ჰქონია.

ბ. ბ-ევმა საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის პროცესში გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა: სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა აქციების შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, 540 აშშ დოლარის სარგებლის - 1328 აშშ დოლარის - დაკისრება; გარიგების ბათილად ცნობის შემდეგ 1500 აშშ დოლარის ანაბარზე აღდგენა და სარგოს სახით 41 თვის 1,5%-ის - 922,5 აშშ დოლარის - დაბრუნება; გამგზავრების შეფერხების გამო მიყენებული ზიანის – 200 ლარისა და მორალური ზიანის – 500 ლარის, სულ – 3290 ამერიკული დოლარისა და 700 ლარის გადახდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ბათილად იქნა ცნობილი აქციების შეძენის ¹117 ხელშეკრულება და მოპასუხეს დაეკისრა 3256 აშშ დოლარის გადახდა.

2001 წლის 25 ივნისს სააქციო საზოგადოება “ბანკი კრედიტის” “ბათუმის” ფილიალის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს.

აპელანტმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია. მან თავისი შესაგებლით მოითხოვა, რომ არ დაკმაყოფილებულიყო სააპელაციო საჩივარი. ამასთან, გაზარდა მოთხოვნა და ამჯერად მოითხოვა სულ 3660 აშშ დოლარისა და 448 ლარის ანაზღაურება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბ. ბ-ევის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (ბ-ევს სააპელაციო საჩივარი შეტანილი არ ჰქონია); შესწორდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და ნაცვლად 3256 აშშ დოლარისა, მოპასუხეს დაეკისრა 3029,8 აშშ დოლარი.

დანარჩენ ნაწილში ამ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

უმაღლესმა სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის აქციების შეძენის შესახებ დადებული გარიგება მოტყუებით დადებული გარიგება იყო, ვინაიდან ხელშეკრულების დადების დროს ბანკის ხელმძღვანელობამ დამალა ბანკის ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ ის, რომ ბანკს ამ დროისათვის 179 ათასი აშშ დოლარის ზიანი ჰქონდა მიყენებული. ეს გარემოება რომ სცოდნოდა ბ. ბ-ევს, იგი ამ ხელშეკრულებას არ დადებდა.

უმაღლესი სასამართლო მიუთითებს, რომ აქციის შეძენის ხელშეკრულებაში მითითებული არაა აქციის სახე. ბ-ევს კი განუმარტეს, რომ იგი წლის ბოლოს მიიღებდა დივიდენდის სახით უფრო მეტს, ვიდრე პროცენტის სახით იღებდა ანაბარზე, მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა მხოლოდ პრივილეგირებული აქციის შეძენის დროს იყო შესაძლებელი.

უმაღლესმა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ბანკის მიერ 540 აშშ დოლარით ბ. ბ-ევის ანაბრის შემცირება იმ მოტივით, რომ ანაბარი შეტანილი იყო 1997 წლის 5 დეკემბრამდე და ამ ვადის შემდეგ გაცემული სარგებელი გამოაკლდებოდა ანაბრის ძირითად თანხას და მიუთითა, რომ ანაბრის ვადის გასვლის შემდეგ, ვინაიდან ბანკს არ გააჩნდა უკან დასაბრუნებელი თანხა, სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად, ბანკი ვალდებული იყო გადაცილებული დროისათვის ეხადა პროცენტი.

მანვე მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ბ-ევი ითხოვდა 3029,8 აშშ დოლარს, მაგრამ სასამართლომ ბანკს დააკისრა 3256 აშშ დოლარი, ე.ი. იმაზე მეტი, ვიდრე მხარე მოითხოვდა, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნა.

2001 წლის 12 სექტემბერს სააქციო საზოგადოება “ბ. კ.”, ხოლო 2001 წლის 13 სექტემბერს ბ. ბ-ევმა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ბ. ბ-ევმა მიუთითა, რომ მისი საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენდა 455 ლარს და მოითხოვა ამ ნაწილში მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა და იმ თანხაზე მეტის დაკისრება, რაც დააკისრა უმაღლესმა სასამართლომ.

სააქციო საზოგადოებამ “ბ. კ.” მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

კასატორის მოსაზრებით, ბ. ბ-ევის მიერ ბანკის აქციების შეძენის დროს ბანკი არ იმყოფებოდა ფინანსურ კრიზისში. ხელშეკრულებაში ბ-ევი თვითონვე მიუთითებდა, რომ მისთვის ცნობილი იყო ბანკის საქმიანობის შედეგები. აქედან გამომდინარე, კასატორმა მიუთითა, რომ აქციების შეძენის შესახებ ხელშეკრულება ბ-ევთან მოტყუებით არ გაუფორმებია და უკანონოა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

მისი მოსაზრებით, ასევე არასწორია უმაღლესი სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს ბ. ბ-ევმა არ იცოდა, რომ იგი იძენდა უბრალო აქციებს. აქციების შესყიდვის ხელშეკრულების განაცხადში მითითებულია, რომ ბ-ევი თანახმაა, შეისყიდოს უბრალო აქციები.

კასატორის მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლოა უმაღლესი სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს ბ. ბ-ევის მიერ უბრალო აქციების შეძენა მოხდა საერთო კრების გადაწყვეტილების გარეშე მაშინ, როცა არსებობს სს “ბ. კ.” 1997 წლის 10 ოქტომბრის აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის გაზრდისა და სამეთვალყურეო საბჭოს 1997 წლის ოქტომბრის სხდომის ოქმი აქციების შეძენაზე ბ. ბ-ევის თხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

კასატორს ასევე მიაჩნია, რომ უმაღლესმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 874-ე, 81-ე და 403-ე მუხლები.

ბ. ბ-ევის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, ვინაიდან არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს (დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს).

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვის მიზნით შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას მოსარჩელის მოთხოვნასა და მოპასუხის შესაგებელზე, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები.

მოცემულ შემთხვევაში აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა 3029,8 აშშ დოლარი და 700 ლარი, სასამართლომ კი მოპასუხეს გადასახდელად დააკისრა 3256 აშშ დოლარი.

აღწერილობით ნაწილში უმაღლესი სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ აპელანტი (მითითებული არაა, თუ რომელი მხარე) მოითხოვს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას.

მოცემულ შემთხვევაში უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში დაუშვა არსებითი შეცდომები. მართალია, მოსარჩელე სარჩელით თავდაპირველად მოითხოვდა 3029,8 აშშ დოლარის დაკისრებას, მაგრამ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს გაზარდა თავისი მოთხოვნა და მოითხოვა 3290 აშშ დოლარის ანაზღაურება. ანალოგიური მოთხოვნა დააფიქსირა მან სხდომაზეც.

იმის გამო, რომ უმაღლესმა სასამართლომ არ შეისწავლა საქმის მასალები და მოსარჩელის მოთხოვნა სრულყოფილად ვერ ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიც არასწორად დაასაბუთა. უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არასწორად მიუთითა იმის შესახებ, რომ თითქოს მოსარჩელე მოითხოვდა მხოლოდ 3029,8 აშშ დოლარის ანაზღაურებას და როცა საქალაქო სასამართლომ ბანკს გადასახდელად დააკისრა 3256 აშშ დოლარი, დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე იგი მოითხოვდა.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ შეცდომით მიუთითა იმის შესახებ, რომ თითქოს მოსარჩელეს არ მოუთხოვია 3256 აშშ დოლარის ანაზღაურება. გარდა ამისა, არასწორად მიუთითა იმის შესახებაც, რომ თითქოს ამით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი არუგელირებს მხარეთა საპროცესო უფლებებს, ხოლო ის გარემოება, რომ მხარეს არ შეიძლება მიეკუთვნოს იმაზე მეტი, ვიდრე იგი მოითხოვდა, დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით.

გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში იმის მიუთითებლობამ, თუ ვის მიერ იქნა შეტანილი სააპელაციო საჩივარი, გამოიწვია ის, რომ უმაღლესმა სასამართლომ სააპელაციო საჩივარი ბ. ბ-ევის მიერ შეტანილად მიიჩნია მაშინ, როცა სააპელაციო საჩივარი ბ. ბ-ევს კი არა, არამედ მოპასუხე ბანკს ჰქონდა შეტანილი. უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის სათანადო წესით ჩამოუყალიბებლობის გამო შეცდომა დაუშვა ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილშიც, როცა მიუთითა, რომ ბ. ბ-ევის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბანკს, ნაცვლად 3256 აშშ დოლარისა, დააკისრა 3029,8 აშშ დოლარი.

მართალია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ბ. ბ-ევს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია, მაგრამ თუ კი სააპელაციო სასამართლომ ბ. ბ-ევის შესაგებელი, რომლითაც მან გაზარდა მოთხოვნა და ნაცვლად 3256 აშშ დოლარისა მოითხოვა 3660 აშშ დოლარი და 448 ლარი, ჩათვალა სააპელაციო საჩივრად, მაშინ ბ. ბ-ევის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში უმაღლესი სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, საუარესოდ შეებრუნებინა გადაწყვეტილება, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

მოცემულ შემთხვევაში, თუ კი უმაღლესმა სასამართლომ ბ. ბ-ევის წარმომადგენლის შესაგებელი სააპელაციო საჩივრად ჩათვალა, მაშინ უფლება არ ჰქონდა, შეემცირებინა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბანკისთვის გადასახდელად დაკისრებული 3256 აშშ დოლარი, რადგან ამ დოკუმენტებით ბ. ბ-ევი მოითხოვდა 3660 ამერიკულ დოლარს და არა გადასახდელად დაკისრებული თანხის შემცირებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უმაღლესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევამ, კერძოდ, გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოებების მიუთითებლობამ, გამოიწვია გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა, რადგან შეუძლებელი ხდება მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება; გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არაა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც დადგენილად ცნო უმაღლესმა სასამართლომ.

უმაღლესმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი განაცხადი 1/7, ხელშეკრულება ¹1, ოქმი ¹1, სხდომის ოქმი ¹8 და როცა დაადგენს ამ საქმეზე ფაქტობრივ გარემოებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად სათანადო შეფასება მიეცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.