¹ 3კ/1039-01 8 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,ქ. გაბელაია
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და სამკვიდროდან წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ბ. გ-ძე 1985 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. მ-ძესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: ნ., დაბადებული 1986 წელს, ე., დაბადებული 1988 წელს და მ., დაბადებული 1991 წელს. მეუღლეებმა 1996 წლის 17 იანვარს ქ. ბათუმში, ... კუთვნილი ოროთახიანი ბინა გაცვალეს ამავე სახლში სამოთახიან ბინაზე, სადაც ამჟამად ცხოვრობს მ. მ-ძე შვილებთან ერთად.
ბ. გ-ძეზე ირიცხება ქობულეთის რაიონის სოფ. ... მდებარე 1500კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მშენებარე სახლით. ბ. გ-ძე იყო შპს “ა.-ის” დამფუძნებელი, მეუღლეთა საკუთრებაში ასევე იყო ავტომანქანა გაზ-24 “ვოლგა”.
1999 წლის 16 იანვარს ბ. გ-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა მ. დ-შვილთან ისე, რომ არ ყოფილა განქორწინებული მ. მ-ძესთან.
1999 წლის 7 ივლისს ბ. გ-ძემ შეიძინა ქ.ბათუმში, ... მდებარე ოროთახიანი ბინა. 1999 წლის 3 დეკემბერს ბ. გ-ძემ მინდობილობა გასცა მ. ო-ოვზე, ქ. ბათუმში ... მდებარე ოროთახიანი ბინის გასხვისების უფლების მიცემის თაობაზე.
2000 წლის 28 აგვისტოს მ. დ-შვილს შეეძინა ვაჟი _ ბ. გ-ძე. 2000 წლის 13 სექტემბერს ბ. გ-ძე გარდაიცვალა, 15 სექტემბერს მ. ო-ოვმა ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა მ. მ-ძესთან.
მ. დ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ბ. გ-ძის სამკვიდროდან შპს “ა.-იდან” და სხვა ქონებიდან წილის გამოყოფის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ბათუმში, ... მდებარე ბინა წარმოადგენდა ბ. გ-ძისა და მ. დ-შვილის თანასაკუთრებას. აღნიშნული ბინის გასხვისება მოხდა არაკანონიერად, რადგან ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას მარწმუნებელი ბ. გ-ძე გარდაცვლილი იყო.
მ. მ-ძემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ბ. გ-ძისა და მ. დ-შვილის ქორწინების რეგისტრაციის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ბ. გ-ძე მასთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით მცირეწლოვანი ბ. გ-ძე ცნობილი იქნა მემკვიდრედ ბ. გ-ძის დანაშთ ქონებაზე, კერძოდ, ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹12 ბინის ნახევრის 1/3-ზე და ქობულეთის რაიონის სოფ. ... მდებარე მშენებარე სახლის 1/5 ნაწილზე. მ. დ-შვილს უარი ეთქვა მ. გ-ძის დანაშთ ქონებაზე თანამესაკუთრედ და მემკვიდრედ ცნობაზე უსაფუძვლობის გამო. ბათილად იქნა ცნობილი მ. დ-შვილსა და ბ. გ-ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება. მ. დ-შვილი მცირეწლოვან შვილთან _ ბ. გ-ძესთან ერთად გამოსახლდა ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინიდან. ბ. გ-ძის მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ ე., ნ., მ. გ-ძეები და მ. მ-ძე, მათი წილი მცირეწლოვან ბ. გ-ძის გათვალისწინებით განისაზღვრა თითოეულისა 1/5-ით ოდენობით.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-შვილმა. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში შევიდა შემდეგი ცვლილებები: მ. დ-შვილს უარი ეთქვა სარჩელზე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში უსაფუძვლობის გამო. მცირეწლოვან ბ. გ-ძეს სამკვიდრო ქონებიდან გამოეყო ქობულეთის რაიონის სოფ. ... მშენებარე სახლის 1/5 წილის ღირებულება 1768 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, ხოლო რეალური წილის გამოყოფაზე უარი ეთქვა. ბ. გ-ძის სამკვიდრო წილი ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინიდან განისაზღვრა 13,4 კვ.მ. რაც 4433 აშშ დოლარად შეფასდა რეალური წილის გამოყოფაზე ბ. გ-ძეს ეთქვა უარი. ბ. გ-ძეს ასევე გამოეყო შპს “ა.-ის” 40% წილის მოგების 1/10 ნაწილი, ავტომანქანა “გაზ 24”-ის 1/10 წილი, გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მ. დ-შვილის მოსაზრება ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის შესახებ იმ მოტივით, რომ ბ. გ-ძის გარდაცვალების შემდეგ დავალების ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ ამოწურულა.
დ-შვილი არ იქნა მიჩნეული ქორწინების რეგისტრაციაში კეთილსინდისიერ მხარედ, რადგან სასამართლომ სარწმუნოდ ჩათვალა, რომ მისთვის ცნობილი იყო ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ. შესაბამისად არ დაკმაყოფილდა ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინა არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონებას, რადგან იგი არის მ. მ-ძის საკუთრებაში და მასზე მემკვიდრეობა არ გახსნილა.
საკასაციო საჩივრით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი. სამოქალაქო კოდექსის 721-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების გამო, რწმუნებული ვალდებულია გააგრძელოს დავალებული მოქმედების შესრულება, თუ დაყოვნება მარწმუნებელს ან მის მემკვიდრეებს შეუქმნის ზიანის მიყენების საფრთხეს.
ჩუქების ხელშეკრულებით ზიანი მიადგა ბ. გ-ძის მემკვიდრის _ არასრულწლოვან ბ. გ-ძის ინტერესებს. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. რწმუნებულს არ ჰქონდა მემკვიდრეების კუთვნილი ქონების გაჩუქების უფლება.
კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ, მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით მიიჩნია მ. დ-შვილი არაკეთილსინდისიერ მხარედ ქორწინების რეგისტრაციისას.
კასატორი არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნით სამკვიდრო ქონების ღირებულების განსაზღვრას. კასატორი მიიჩნევს, რომ მ. დ-შვილი არის ... მოედანზე მდებარე ბინის თანამესაკუთრე. მის წილს დამატებული სამკვიდრო წილი წარმოადგენს ... მდებარე სახლის ფართზე მეტს, რის გამოც ... მოედანზე მდებარე ბინა მათი მოსაზრებით უნდა აღირიცხოს მ. დ-შვილისა და არასრულწლოვანი ბ. გ-ძის სახელზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმის თაობაზე, მ. ო-ოვზე დავალებული მოქმედების განხორციელებით _ მ. მ-ძესთან ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შედეგად შეილახა თუ არა მემკვიდრეთა კანონიერი უფლებები. სამოქალაქო კოდექსის 721-ე მუხლი უზრუნველყოფს მემკვიდრეთა დაცვას ზიანის მიყენების საფრთხისაგან. კანონმდებელი უშვებს რწმუნებულის მიერ დავალებული მოქმედების განხორციელებას მარწმუნებლის გარდაცვალების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების გამო.
სამოქალაქო კოდექსის 721-ე მუხლის პირველი ნაწილით დავალების ხელშეკრულება არ წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების გამო, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან სხვა რამ არ გამომდინარეობს მინდობილობის შინაარსიდან. ნებაყოფლობით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გარიგებებში წარმოიშობა რწმუნებულის სახელზე გაცემული მინდობილობიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 109-ე მუხლის “დ” პუნქტის მიხედვით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება უფლებამოსილების გამცემი პირის გარდაცვალებით ან მისი ქმედუუნარობის დადგომით, თუკი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა დაედგინა, ჰქონდა თუ არა გ. ო-ოვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ჩუქების ხელშეკრულების დასადებად.
ბ. გ-ძის გარდაცვალების შემდეგ წარმოიშვა მემკვიდრეობითი ურთიერთობა. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების გამოტანისას არ იმსჯელა დავალების ხელშეკრულების შესრულებასა და მემკვიდრეთა უფლებებს შორის წარმოშობილ კოლიზიაზე. სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ მემკვიდრეთა უფლებებთან შედარებით რატომ ენიჭება პრიორიტეტი დავალების ხელშეკრულების შესრულებას. ბ. გ-ძესთან ქორწინებაში მ. დ-შვილის მიჩნევა არაკეთილსინდისიერ მხარედ წარმოადგენს ვარაუდს, რომელიც არ არის დამყარებული სათანადო მტკიცებულებებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით თუ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახალი განხილვისათვის უბრუნებს საოლქო სასამართლოს შესაბამის კოლეგიას ან პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება ქორწინების ბათილად ცნობისა და მცირეწლოვან ბ. გ-ძის მემკვიდრედ ცნობის ნაწილში დარჩეს უცვლელად. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება