Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ/1041-01 15 აპრილი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბინაში შესახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. მ-ძე და ო. გ-ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 1993 წლიდან. 1994 წელს შეეძინათ შვილი ნ. გ-ძე. მოსარჩელე ლ. მ-ძე შვილთან ერთად ოჯახური უსიამოვნების ნიადაგზე მიატოვა ქ.ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხება ვ. გ-ძის სახელზე. ლ. მ-ძემ 2000 წლის იანვარში სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნულ ბინაში შესახლება და საცხოვრებელი ფართის იზოლირებულად გამოყოფა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ლ. მ-ძე მცირეწლოვან შვილთან – ნ. მ-ძესთან ერთად შესახლებულ იქნა სარგებლობის უფლებით მოპასუხე ვ. გ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ ქ.ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინის ¹1 (გეგმა ნახაზის მიხედვით ოთახში; მოსარჩელეს მოპასუხეებთან ერთად საერთო სარგებლობაში გადაეცა საცხოვრებელი ბინის დამხმარე ფართი (შემოსასვლელი, სააბაზანო, სამზარეულო).

ვ. გ-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 აგვისტოს განჩინებით ვ. გ-ძეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ ლ. მ-ძე მიიჩნია კეთილსინდისიერ მფლობელად, ხოლო მოპასუხის მოთხოვნა ჩათვალა უსაფუძვლოდ.

ვ. გ-ძემ საკასაციო საჩივარი შეიტანა აღნიშნულ განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და არასათანადო მოპასუხედ ცნობა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განცხადებით სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 168-ე, 170-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ. მ-ძე და ო. გ-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1993 წელს; 1994 წელს შეეძინათ შვილი ნ. გ-ძე. მოსარჩელე ქორწინების მომენტიდან ცხოვრობდა ქ.ბათუმში, დედამთილის ვ. გ-ძის სახელზე რიცხულ ბინაში, რომელიც 1996 წლის ზაფხულში დატოვა შვილთან ერთად და ცხოვრება გააგრძელა მამის სახლში ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... 2000 წლის მაისში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ლ. მ-ძესა და ო. გ-ძეს შორის შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება.

პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევით გამოიტანა, კერძოდ, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლები და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტების თანახმად განჩინების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. განსახილველ შემთხვევაში მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობა საბინაო კოდექსის მოქმედების პერიოდში წარმოიშვა მაგრამ დავა სამოქალაქო კოდექსის ნორმებით უნდა გადაწყდეს, ვინაიდან იგი უძრავი ნივთების მიმართ სხვა სანივთო სამართლებრივ წესებს ადგენს, კერძოდ, მფლობელობის შეწყვეტა, მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე, კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობა და ა.შ.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლები; სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საქმის გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

მფლობელის კეთილსინდისიერება თუ არაკეთილსინდისიერება სუბიექტური შეფასების საგანს წარმოადგენს და მათში ვლინდება პირის დამოკიდებულება ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლებისადმი, ხოლო მფლობელობა კანონიერი იქნება თუ უკანონო, ობიექტური, ნორმატიული ნების შეფასების საგანს წარმოადგენს; მფლობელობის ფაქტის შეფასებისას, მხედველობაში მიიღება როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კეთილსინდისიერი მფლობელობის, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური საფუძველი, ვინაიდან ცოლ-ქმრული ურთიერთობა, ან დედამთილის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრების, ბინის ფლობის ფაქტი არ არის მფლობელობის სამართლებრივი, კანონიერი საფუძველი ნორმის შინაარსის მიხედვით მართლზომიერ მფლობელობას შეიძლება მაშინ ჰქონდეს ადგილი, როცა მფლობელობას საფუძვლად მესაკუთრის კეთილი ნება კი არა, სამართლის ნორმატიული ნების საფუძველზე დამყარებული “კანონიერი” ნება უდევს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ბუნებრივია იცოდა მისი მფლობელობის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთვა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუ კი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით.

კოდექსის მოცემული ნორმა უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლების მხოლოდ იმ კეთილსინდისიერ მფლობელს ანიჭებს, ამ გზით იმ კეთილსინდისიერი მფლობელის უფლებას იცავს, რომელიც მართლზომიერი მფლობელია; პალატა თვლის, რომ კეთილსინდისიერი, მართლზომიერი მფლობელის მიერ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის უფლება შეზღუდულია, როცა ნივთს მესაკუთრე ფლობს. კანონი იმპერატიულად მიუთითებს, რომ მფლობელი ახალი მფლობელისგან ვერ მოითხოვს ნივთის უკან დაბრუნებას, თუ ამ უკანასკნელს მფლობელობის უკეთესი უფლება აქვს, ე.ი. თუ ახალი მფლობელი მესაკუთრეა; მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა უკეთესი უფლების მქონე პირის, თუნდაც მესაკუთრის მიმართ მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუ ნივთი ძალადობის ან მოტყუების გზით მოიპოვება.

სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის მიხედვით, მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. მოსარჩელე ლ. მ-ძემ 1998 წელს საკუთარი ნებით დატოვა მფლობელობა ნივთზე საცხოვრებელ სახლზე უფლების მიტოვებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელე ლ. მ-ძის სასარჩელო მოთხოვნის, ყოფილი დედამთილის, მესაკუთრე ვ. გ-ძის საცხოვრებელ ბინაში შესახლების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ვ. გ-ძეს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 აგვისტოს განჩინება და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ლ. მ-ძის სარჩელი ბინაში შესახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.