Facebook Twitter
საქმე # 010142224701557337



საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით


საქმე №12აგ-24 17 ივლისი, 2024 წელი
ბ-ი ბ. 12აგ-24 თბილისი


საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენით:
1.1. ბ. ბ-ის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 111,19,108-ე მუხლზე (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
1.2. ბ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,19,108-ე მუხლით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ბ. ბ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 1 დეკემბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. 2024 წლის 2 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით მომართეს მსჯავრდებულმა ბ. ბ-მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
6. კასატორებმა - მსჯავრდებულმა ბ. ბ-მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმება.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის არგუმენტები, გააანალიზა კასატორების მოსაზრებები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საჩივარში მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით განსაზღვრულ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის რომელიმე საფუძველს/წინაპირობას.
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობლი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, კასატორების განმარტებით, ახალ გარემოებას წარმოადგენს ექსპერტ მ. ნ-ს მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც, მათი აზრით, ეჭვქვეშ აყენებს საქმეში არსებულ სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნას, რაც ბ. ბ-ს მსჯავრდების ერთ-ერთი საფუძველი გახდა.
3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც გადასასინჯი განაჩენის დადგენის დროს ცნობილი არ იყო და ამავდროულად, დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის რომელიმე წინაპირობას.
4. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომლის თანახმად, დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, თუ რატომ ვერ შეძლო აღნიშნული მტკიცებულების (დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის R N... დასკვნა) მოპოვება გამოძიების ეტაპზე ან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ ბ. ბ-სა და მისი ადვოკატის არგუმენტი, რომ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა თავიდანვე ვერ შეძლო უსახსრობის გამო, რადგან, ისევე როგორც სააპელაციო პალატისათვის, საკასაციო სასამართლოსთვისაც გაუგებარია, თუ რატომ არ ისარგებლა დაცვის მხარემ შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მტკიცებულების მოპოვებისა და წარმოდგენის უფლებით ან რატომ არ იშუამდგომლა იმის თაობაზე, რომ მას უსახსრობის გამო არ შეეძლო მისთვის საინტერესო მტკიცებულების წარმოდგენა (დამოუკიდებელი ექსპერტიზის დანიშვნა) და დანიშნულიყო ექსპერტიზა მათთვის საინტერესო საკითხების დასადგენად მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა საქმის გამოძიება და არსებითი განხილვა.
5. ამასთანავე, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომართვისას დასაბუთებული უნდა იყოს, თუ რა ახალი გარემოება დადგინდა, რის გამოც ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი ახლა გამოიკვეთა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარემ ზემოხსენებული ალტერნატიული ექსპერტიზა დანიშნა და ჩაატარა გამოძიების პერიოდში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც თავიდანვე იყო ცნობილი დაცვის მხარისათვის და რომლებიც განიხილა და შეაფასა თავის განაჩენებში როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
6. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ, რა ახალი გარემოება გამოვლინდა, რის გამოც ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი საქმის დასრულების შემდეგ გამოიკვეთა. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა ვერ ჩაითვლება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ბ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ მიესადაგება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე საფუძველს და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ბ. ბ-სა და მისი ადვოკატის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.




თავმჯდომარე ლ. თევზაძე



მოსამართლეები: შ. თადუმაძე



მ. გაბინაშვილი