Facebook Twitter

¹ 3კ/1044 1 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი,ლ. გოჩელაშვილი

სარჩელის საგანი: პატივისა და ღირსების ხელმყოფი ვნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1997 წლის 25 აგვისტოს მ. ე-შვილმა მ. ბ-ძის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1997 წლის ივლისში გაზეთ “შ.” დაიბეჭდა მ. ბ-ძის ინტერვიუ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილე ა. იოსელიანთან სათაურით _ “ვაპირებ სიგარეტის, სპილენძის, ტყავის ბიზნესის აღორძინებას”. ინტერვიუს ერთ-ერთ ნაწილში ჟურნალისტმა მ. ბ-ძემ ხელყო მისი ინტერესები, როცა მიუთითა, რომ “ნემსის ქურდი ა. ჯ-შვილი “ზის”, “აქლემის ქურდი” _ ე-შვილი ინტერვიუს იძლევა”.

გარდა ამისა, 1997 წლის 12-18 აგვისტოს მ. ბ-ძემ გაზეთ “ა.-დ.” გამოაქვეყნა სტატია “მ. ბ-ძე მხოლოდ მ. ბ-ძის უკან შეიძლება იდგეს”. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მ. ბ-ძე ამ სტატიით ლახავს მის ღირსებას, აბუჩად იგდებს მის პიროვნებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ მ. ბ-ძემ თავის პუბლიკაციაში მიუთითა: “ე-შვილმა თვითონაც რომ იცოდეს, ვისი ჯიშისაა, კარგი იქნებოდა და მეც ამოვისუნთქავდი, ხოლო აზერბაიჯანი და სომხეთი შერიგდებოდნენ”; “ამაში, საბედნიეროდ, საქართველოს მძარცველის ე-შვილის დასტური არ მჭირდება”.

მ. ე-შვილმა მოითხოვა მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა და ბოდიშის მოხდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები არ შეიძლება ჩაითვალოს მ. ე-შვილისათვის პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობად.

1998 წლის 11 დეკემბერს მ. ბ-ძემ მ. ე-შვილის წინააღმდეგ შეგებებული სარჩელით მიმართა იმავე სასამართლოს.

მ. ბ-ძემ შეგებებულ სარჩელში მიუთითა, რომ მ. ე-შვილმა წინასწარი განზრახვით, საზოგადოებაში მისი დისკრედიტაციის მიზნით მოახდინა მისი ცილისწამება; შელახა მისი პატივი და ღირსება; მოახდინა მის პირად ცხოვრებაში ჩარევა, დევნა და ოჯახის სიმტკიცის რღვევა, ასევე, მიაყენა მატერიალური ზიანი.

აღნიშნული იმაში გამოიხატა, რომ 1997 წლის 5-11 აგვისტოს გაზეთ “ა.-დ.” გამოაქვეყნა წერილი “ჯ-შვილს თავი ქუდში უნდა ჰქოდეს”, რომელშიც იგი მოიხსენია გარეწრად, ფულის გამომძალველად, კაცთმოძულედ, ბოღმიან, გაუთავებელი საჩივრების მწერლად და მისი ოჯახის ზიანის მომტანად.

მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ 1998 წლის 15-16 აპრილს გაზეთ “შ.” მ. ე-შვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც მოითხოვა მ. ბ-ძის მიერ გამოქვეყნებული წერილების ჭეშმარიტების შემოწმება. ამ განცხადების საფუძველზე რედაქციამ შეწყვიტა მისი წერილების გამოქვეყნება.

მან მოითხოვა მითითებულ გაზეთებში მ. ე-შვილის მიერ გამოქვეყნებული ცილისმწამებლური, პატივისა და ღირსების შემლახველი პუბლიკაციების გამო იმავე გაზეთებში მ. ე-შვილისაგან ბოდიშის მოხდა, მატერიალური ზიანის _ 2000 ლარისა და მორალური ზიანის _ 221000 ლარის გადახდა.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით მ. ე-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ. ბ-ძეს დაევალა მ. ე-შვილის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და ბოდიშის მოხდა იმავე საშუალებით, რითაც ეს ცნობები გავრცელდა.

სასამართლომ შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, მ. ე-შვილს დაევალა მ. ბ-ძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და ბოდიშის მოხდა გაზეთების _ “ა.-დ.” და “შ.” მეშვეობით; მ. ე-შვილს მ. ბ-ძის სასარგებლოდ მიყენებული მორალური ზიანის სახით გადასახდელად დაეკისრა 21000 ლარი, ხოლო მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ბ-ძის მიერ ზემოთ მითითებულ გაზეთში დაბეჭდილი პუბლიკაციები შეიცავდნენ მ. ე-შვილის პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, რომელთა სინამდვილესაც მ. ბ-ძე ვერ ადასტურებდა. ასევე, მ. ე-შვილის მიერ გაზეთ “ა.-დ.” 1997 წლის 5-11 აგვისტოს და 1997 წლის 29 ივლისის პუბლიკაციების ნამდვილობის დადასტურება მ. ე-შვილმა ვერ შეძლო და იგი ლახავდა მ. ბ-ძის პატივსა და ღირსებას.

რაიონულმა სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ 1998 წლის 15-16 აპრილს გაზეთ “შ.” ე-შვილის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, მოითხოვა რა მ. ბ-ძის მიერ 1997 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების შემოწმება და ამის საფუძველზე გაზეთ “შანსის” რედაქციამ შეწყვიტა მისი წერილების გამოქვეყნება, მ. ბ-ძემ განიცადა მატერიალური ზიანი.

რაიონულმა სასასამართლომ მხარეთა შორის არსებული დავა გადაწყვიტა ახალი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

მხარეთა სააპელაციო საჩივრების საფუძველზე საქმე 2000 წლის 30 ნოემბერს განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, რომელმაც თავისი განჩინებით უცვლელად დატოვა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 4 აპრილის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 30 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის დავა შეეხება ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე ურთიერთობებს (გარდა 1998 წლის 15-16 აპრილის გაზეთ “შ.” გამოქვენებული განცხადებისა), და ამდენად, მისი სამართლებრივი რეგულირება ძველი სამოქალაქო სამართლებრივი ნორმებით უნდა განხორციელდეს. უზენაესმა სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ თუკი სასამართლო დაადგენს, რომ ადგილი აქვს პატივისა და ღირსების ხელყოფას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიუთითოს, თუ რომელი ცნობა (სიტყვა, წინადადება) იქნეს უარყოფილი.

საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ გაზეთ “შ.” 1997 წლის ივლისის (¹094) ნომერში დაბეჭდილ სტატიაში გამოთქმული იქნა მ. ბ-ძის მოსაზრება: “ნემსის ქურდი” ა. ჯ-შვილი “ზის” “აქლემის ქურდი” ე-შვილი ინტერვიუებს იძლევა და “როცა ჯარისკაცები მშივრები არიან, ორი-სამი კაცი კი მათი ლუკმით მდიდრდება”. მითითებულ სტატიაში არ არის დაკონკრეტებული ვინ “ე-შვილია” “აქლემის ქურდი” და ვინ “ორი-სამი კაცი მდიდრდება ჯარისკაცების ლუკმით”. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ სტატიით მ. ე-შვილის პატივი და ღირსება არ შელახულა, რადგან სტატიაში მითითებულ ზოგადად ე-შვილის დაკონკრეტებისათვის აკლია მნიშვნელოვანი კომპონენტი _ სახელი, რომლის გარეშეც მ. ე-შვილი ზემოხსენებულ სტატიაში პატივისა და ღირსების შელახვის ობიექტი ვერ გახდებოდა და ამდენად მისი აღდგენის მოთხოვნის უფლებაც ვერ წარმოეშობოდა.

გაზეთ “ა.-დ.” 1997 წლის 12-18 აგვისტოს (¹33/157) ნომერში გამოქვეყნებულ მ. ბ-ძის სტატიაში “მ. ბ-ძე მხოლოდ მ. ბ-ძის უკან შეიძლება იდგეს”, მ. ბ-ძის მიერ მ. ე-შვილი მოიხსენიება, როგორც ქვეყნის “მძარცველი”, ასევე მიუთითებს, რომ “ე-შვილმა თვითონაც რომ იცოდეს ვისი ჯიშისაა”. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული სტატია არ შეიძლება ჩაითვალოს მ. ე-შვილის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელებად, რადგან იგი მიმართული იყო მ. ე-შვილის მიერ გაზეთ “ა.-დ.” 1997 წლის 5-11 აგვისტოს (¹32/156) ნომერში გამოქვეყნებული სტატიის “ჯ-შვილს თავი ქუდში უნდა ჰქონდეს” საპასუხოდ. ამასთან სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული სტატია იმ შემთხვევაში შელახავდა მ. ე-შვილის პატივსა და ღირსებას, თუ გავრცელებული ცნობები აშკარად არ იქნებოდა სინამდვილესთან შესაბამისობაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ბ-ძემ გამოიყენა კანონით მინიჭებული ინფორმაციის მიღების უფლება, თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ და მოიპოვა ინფორმაცია მ. ე-შვილის შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოხსენებიდან, პროკურატურიდან მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, ფინანსთა სამინისტროდან, იცნობდა მასალებს გაზეთებიდან “ა.”, “ს. რ.” და სხვა, სადაც მის საქმიანობას მიიჩნევდნენ უკანონოდ და როგორც მოქალაქეს და ჟურნალისტს ჰქონდა უფლება გამოეთქვა თავისი მოსაზრება საჯარო მოსამსახურეზე ისე, რომ არ დაურღვევია საქართველოს კონსტიტუციისა და “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გაზეთ “შ.” 1997 წლის ივლისის ნომერში და გაზეთ “ა.-დ.” 12-18 აგვისტოს ნომერში მ. ბ-ძის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს არ შეულახავს მ. ე-შვილის პატივი და ღირსება და შესაბამისად მ. ე-შვილის მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა მ. ბ-ძის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. ე-შვილის მიერ გაზეთ “ა.-დ.” (¹32/156) ნომერში 1997 წლის 5-11 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატიით “ჯ-შვილს თავი ქუდში უნდა ჰქონდეს”, უხეშად დაარღვია მისი, როგორც მოქალაქის, პიროვნების, ჟურნალისტის უფლებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ სტატიაში მ. ბ-ძის მიმართ გამოთქმული სიტყვები: “კაცთმოძულე”, “ბოღმიანი”, “გაუთავებელი საჩივრების მწერალი”, “მისნაირი გარეწრები”, ლახავს მ. ბ-ძის პატივს და ღირსებას. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ, მოხდა მისი პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების შეფასება. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული სტატია იმ შემთხვევაში ვერ შელახავდა მ. ბ-ძის ინტერესებს, თუ იგი გამოქვეყნებული იქნებოდა მ. ბ-ძის მიერ მ. ე-შვილის უფლების შემლახავი სტატიის საპასუხოდ. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მითითებული სტატია მ. ე-შვილმა გამოაქვეყნა ვინმე გ. კ-ძის მიერ 1997 წლის 29 ივლისი – 4 აგვისტოს გაზეთ “ა.-დ.” გამოქვეყნებული წერილის “შადმან ვალავის წათამამებული კაცი და დაკარგული მილიონები” საპასუხოდ. სასამართლომ არ გაიზიარა მ. ე-შვილის სავარაუდო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა გ. კ-ძის უკან მ. ბ-ძე იდგეს, რადგან მ. ე-შვილმა აღნიშნული ვერ დაადასტურა.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ბ-ძის სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) მე-7 მუხლის შესაბამისად.

სასამართლომ მ. ბ-ძის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვად მიიჩნია ასევე მ. ე-შვილის მიერ 1998 წლის 15-16 აპრილის გაზეთ “შ.” (¹044) ნომერში გამოქვეყნებული შემდეგი შინაარსის განცხადება: “გთხოვთ მოავლინოთ თქვენი წარმომადგენლები, რათა მოხდეს ქალბატონ მ. ბ-ძის მიერ თქვენს გაზეთში 1997 წლის ივლისის შემდეგ დაბეჭდილი სტატიების ჭეშმარიტების შემოწმება”. სასამართლომ მიუთითა, რომ ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო მ. ბ-ძის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-18-ე მუხლის VI ნაწილი და 413-ე მუხლი და მიუთითა, რომ გამოქვეყნებული განცხადებით მ. ბ-ძისათვის მიყენებული სულიერი და ფსიქიკური ტკივილებისათვის მ. ე-შვილს უნდა დაეკისროს 5000 ლარის გადახდა. ხოლო მატერიალური ზიანის ოდენობის დაუსაბუთებულობის გამო კი სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მ. ბ-ძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ზემოაღნიშნული საფუძვლებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001 წლის 15 აგვისიტოს გადაწყვეტილებით გააუქმა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ე-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

მ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. ე-შვილს დაევალა მის მიერ 1997 წლის 5-11 აგვისტოს გაზეთ “ა.-დ.” (¹32/156) ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მ. ბ-ძის პატივისა და ღირსების შემლახველი გამონათქვამების უარყოფა გაზეთ “ა.-დ.” იმავე გვერდზე, იმავე ფაქტურით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის შემდეგ.

მასვე დაეკისრა მ. ბ-ძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადების გაზეთ “შ.” 1998 წლის 15-16 აპრილის (¹ 044) ნომერში გამოქვეყნებით მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5000 ლარის გადახდა.

დანარჩენ ნაწილში მ. ბ-ძის შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და ტენდენციურია. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ შეუმოწმებლად დაუჯერა ბ-ძეს, თითქოს ის გაზეთ “შ.” გულისხმობდა სხვა ე-შვილს, რომელიც ვითომ იმავე დროს მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში. ბ-ძემ სასამართლოზე აღიარა, რომ მან სამჯერ მიმართა თავდაცვის სამინისტროს მ. ე-შვილის შესახებ, რითაც ფაქტიურად დაადასტურა, რომ თავის საგაზეთო პუბლიკაციებში მას გულისხმობდა და არა სხვა ე-შვილს.

კასატორი მიუთითებს, რომ 1997 წლის 5-11 აგვისტოს გაზეთ “ა.-დ.” გამოქვეყნებული მისი სტატია დაიბეჭდა მ. ბ-ძის სტატიის შემდეგ, რომელიც დაიბეჭდა 2001 წლის ივლისის თვეში, სადაც ის აშკარად ლახავს მის პატივსა და ღირსებას. სასამართლომ კი მითითებული ფაქტი არასწორად შეაფასა.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არ შეამოწმა ამ გაზეთებში დაბეჭდილი ინფორმაციის ჭეშმარიტება და ბრმად დაუჯერა მ. ბ-ძეს. ასევე სააპელაციო სასამართლოს არა აქვს მასალები საზოგადოების გამოკითხვის შესახებ, საიდანაც დადგინდებოდა, თუ რა ზიანი მიაყენა მ. ბ-ძეს. სასამართლო დაუსაბუთებლად ამტკიცებს, რომ შეილახა მ. ბ-ძის საზოგადოებრივი ავტორიტეტი.

კასატორის მოსაზრებით გაუგებარია, თუ რატომ ჩათვალა საოლქო სასამართლომ 1998 წლის 15-16 აპრილს გაზეთ “შ.” გამოქვეყნებული განცხადება მ. ბ-ძის საზიანოდ. მითითებული განცხადებით იგი რედაქციას თხოვს შემოწმებას იმ პუბლიკაციებისა, რომელიც მას ეხება და შემოწმების მასალების გამოქვეყნებას იმავე გაზეთში.

კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს ასევე დაკისრებული ზიანის ოდენობას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ მ. ე-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და “ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპის კონვენციის” მე-10 მუხლებით. კონვენციის მე-10 მუხლი ადგენს, რომ უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე მოიცავს პიროვნების თავისუფლებას, ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს, გასცეს ინფორმაცია და იდეები. ეს პრინციპები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრესისათვის.

“პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის I პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ოპერატიულად მიიღონ ცნობები სახელმწიფო ორგანოების, საზოგდოებრივ-პოლიტიკური გაერთიანებებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ პრესამ არ უნდა დაარღვიოს დადგენილი ფარგლები, რომელიც გულისხმობს “სხვისი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის დაცვის” ქვეშ, მას ეკისრება არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვალეობა-საზოგადოებას მიაწოდოს იდეები და ინფორმაციები იმ საკითხების ირგვლივ, რომლებიც თამაშდება პოლიტიკურ არენაზე. პოლიტიკოსების და მათთან გათანაბრებული საზოგადო მოღვაწეების და თანამდებობის პირების შესახებ პრესას შეუძლია ინფორმაციებისა და მონაცემების გამოქვეყნება, რასაც მნიშვნელობა აქვს მათი პიროვნების საზოგადოებრივი შეფასებისათვის, რა დროსაც დაიშვება მათი თავისუფალი კრიტიკა, თუ ეს კრიტიკა უხეშად არ ხელყოფს მათ პირად ცხოვრებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 18 ივლისის ¹ 3კ/376-01 გადაწყვეტილება).

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მ. ე-შვილი იყო სახელმწიფო მოხელე, თავდაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. დადგენილია, რომ მევლუდ ე-შვილის მიმართ სახელმწიფო კრედიტების დიდი ოდენობით მითვისებასთან დაკავშირებით აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ბ-ძემ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება და მოიპოვა ინფორმაცია მ. ე-შვილის შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოხსენებიდან, მოიპოვა მასალები პროკურატურიდან, ფინანსთა სამინისტროდან და სხვა, რის შემდეგაც გამოთქვა თავისი მოსაზრება სახელმწიფო მოხელეზე, რაც სავსებით თავსდება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ აზრის გამოთქმის და გავრცელების თავისუფლების ფარგლებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ე-შვილის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 1997 წლის 5-11 აგვისტოს გაზეთ “ა.-დ.” გამოქვეყნებულ სტატიაში მ. ე-შვილის მიერ მ. ბ-ძის მიმართ გამოთქმული სიტყვები “კაცთმოძულე, ბოღმიანი, გარეწარი, გამომძალველი, გაუთავებელი საჩივრების მწერალი და სხვა”, არის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები, რაც გარკვეულწილად ხელყოფს მ. ბ-ძის პატივს და ღირსებას. პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ამ ნაწილშიც ასევე მიიღო სწორი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება 1998 წლის 15-16 აპრილის გაზეთ “შ.” მ. ე-შვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც იგი მოითხოვს მ. ბ-ძის მიერ გამოქვეყნებული წერილების ჭეშმარიტების შემოწმებას, პალატა ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. დადგენილია, რომ მ. ბ-ძე მოითხოვდა მითითებული განცხადების უარყოფას, ასევე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას. სასამართლომ მ. ბ-ძის სარჩელის მოთხოვნაზე 1998 წლის 15-16 აპრილის გაზეთ “შ.” გამოქვეყნებული განცხადების უარყოფის ნაწილში საერთოდ არ იმსჯელა და არ მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლომ მ. ე-შვილს დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით, ამასთან, უზენაესი სასამართლოს მითითების შესაბამისად, არ იმსჯელა, თუ რომელი ცნობისათვის დაეკისრა მ. ე-შვილს მორალური ზიანის ანაზღაურება, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. აქედან გამომდინარე, პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფად ჩაითვლება, თუ არსებობს რაიმე ცნობის (ფაქტის) გავრცელება და ეს ცნობა შეიცავს ამ ნორმით დაცულ ერთ ან რამდენიმე უფლების დარღვევას. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არაქონებრივი უფლებების დარღვევის იურიდიული კვალფიკაციისათვის აუცილებელია უფლების დამრღვევი ცნობის (ფაქტის) გავრცელება.

დადგენილია, რომ 1998 წლის 15-16 აპრილის გაზეთ “შანსში” გამოქვეყნებული განცხადებით მ. ე-შვილი მოითხოვს მ. ბ-ძის მიერ გამოქვეყნებული წერილების ჭეშმარიტების შემოწმებას.

პალატას მიაჩნია, რომ მითითებული განცხადება ვერ ჩაითვლება ისეთ ცნობად ან ფაქტად, რომელიც ლახავს მ. ბ-ძის პატივსა და ღირსებას. განცხადება შეიცავს მოთხოვნას წერილების ჭეშმარიტების შემოწმების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი და არასწორად ჩათვალა მითითებული განცხადება მ. ბ-ძის პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობად, შესაბამისად ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც არ წარმოიშობა. აღნიშნულის გამო სასამართლო გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ძის სარჩელს მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ეთქვას უარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

მ. ე-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება გაზეთ “შ.” 1998 წლის 15-16 აპრილის ¹044 ნომერში გამოქვეყნებული განცხადებით მ. ბ-ძისათვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მ. ე-შვილისათვის 5000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

მ. ბ-ძეს შეგებებულ სარჩელს მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ეთქვას უარი.

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.