Facebook Twitter

3კ-1046-02 29 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 22 სექტემბერს ი. ს.-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ი. ქ.-ის, ბ. კ.-ის, ლ. ბ.-ის გამოსახლება თავისი კუთვნილი სახლიდან და მოპასუხეთა მიერ სადავო ბინით სარგებლობისათვის უკანასკნელი 3 წლის გადაუხდელი ბინის ქირის იძულებით გადახდევინება.

მოპასუხეებმა: ბ.-მ და კ.-მ ი. ს.-ის სახელზე შეიტანეს შეგებებული სარჩელი და მიუთითეს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მათ სადავო ბინები 70-იან წლებში ორდერის საფუძველზე ჰქონდათ სახელმწიფოსგან მიღებული და ისინი კეთილსინდისიერ მფლობელებს წარმოადგენენ. მოპასუხეებმა მოსარჩელისგან მათთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 22 ნოემბრის განჩინებით საქმე სირთულის გამო განსახილველად გადაეცა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქლაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას.

სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის 2000წ. 10 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. ს.-ის გამოუცხადებლობისა და მოპასუხეთა შუამდგომლობის საფუძველზე ი. ს.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, ხოლო მოპასუხეთა სარჩელის საფუძველზე გაუქმდა 1992წ. 8 დეკემბერს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლითაც სადავო საცხოვრებელი სახლი ი. ს.-ის საკუთრებად იქნა მიჩნეული.

2001წ. 9 ნოემბერს ი. ს.-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და 2000წ. 10 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. განცხადებაში ს.-ემ აღნიშნა, რომ მან საქმის განხილვისას არაერთხელ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომ პრეზიდენტთან შეხვედრამდე მის მიერ წარდგენილი სარჩელი არ ყოფილიყო განხილული, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, საქმეზე გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება მისი მონაწილეობის გარეშე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 21 ნოემბრის განჩინებით ი. ს.-ის განცხადება დარჩა განუხილველი, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გაშვების გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე ი. ს.-მ შეიტანა კერძო საჩივარი.

ამავე კოლეგიის 2001წ. 28 ნოემბრის განჩინებით ი. ს.-ს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი დაუსაბუთებლობის გამო და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 15 თებერვლის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 21 ნოემბრისა და 28 ნოემბრის განჩინებები; ი. ს.-ის კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 3 სექტემბრის განჩინებით ი. ს.-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 10 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. განჩინების გამოტანისას სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 422-ე მუხლის “ბ” პუნქტითა და 426-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რის გამოც ი. ს.-ის განცხადება კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით შეტანილად მიიჩნია.

აღნიშნულ განჩინებაზე ი. ს.-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი. კასატორმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 3 სექტემბრის განჩინების, ასევე, 2000წ. 10 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება სსკ-ს 393-ე, 241-ე მუხლების საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 10 მაისის სხდომის შესახებ მხარეებს ეცნობათ სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, სხდომაზე გამოცხადების შესახებ მოსარჩელე ი. ს.-ს გაეგზავნა დეპეშა, რომლის ჩაბარებაზეც მან უარი განაცხადა.

2000წ. 10 მაისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობისა და მოპასუხეების შუამდგომლობის საფუძველზე გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის ასლიც ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა მოსარჩელეს. მან საფოსტო გზავნილის ჩაბარებაზე კვლავ განაცხადა უარი, რაც დადასტურდა ფოსტის მიერ.

სსკ-ს 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2000წ. 10 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ი. ს.-ს გაეგზავნა 2000წ. 15 მაისს, ხოლო განცხადება აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მის მიერ შეტანილ იქნა 2001წ. 9 ნოემბერს - 1წ.ა და 6 თვის შემდეგ.

გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ი. ს.-ის განცხადების წინამძღვარია სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარე არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.

ამავე კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ემყარება 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტს, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღეს, როცა მხარეს ეცნობება გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ს.-ის განცხადება ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 10 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით შეტანილი, რის გამოც დაუშვებელია და არ შეიძლება დაექვემდებაროს განხილვას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 3 სექტემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.