Facebook Twitter

¹ 3კ/1047-01 22 მარტი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ვალის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 42 მოპასუხის მიმართ და თითოეული მოპასუხისაგან მოითხოვა საკრედიტო – საგირავნო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალის და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნება. თითოეული მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა იყო სხვადასხვა საგანზე და სხვადასხვა საფუძვლით. მოსარჩელემ სულ მოითხოვა 474 702 აშშ დოლარი და 47 533 ლარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარი.

ვინაიდან 42 მოპასუხის მიმართ გაძნელდა საქმის მომზადება, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 18 ივნისის განჩინებით სარჩელი ნ. ლ-შვილის ჯ. მ-ძის, ა. კ-ძის, ი. ტ-ძის, მ. ჯ-ძის, მ. დ-ძის, ნ. ბ-ძის, ც. ბ-შვილის, ნ. ს-ძის, ცაგერის რაიკოოპერატივის, ი. მ-ძის, დ. დ-შვილის, დ. კ-ძის, ვ. ს-ძის, გ. გ-ძის (სულ 15 მოპასუხის მიმართ) გამოყო ცალკე წარმოებად.

2001 წლის 20 ივნისის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა ცხრა მოპასუხე. მოსარჩელის შუამდგომლობით სასამართლომ მათ მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე საქმე გამოყო ცალკე წარმოებად, ხოლო დანარჩენი ექვსი მოპასუხის ი. ტ-ძის, დ. დ-შვილის, ა. კ-ძის, ნ. ლ-შვლის, ვ. ს-ძის და ი. მ-ძის მიმართ საქმე განიხილა არსებითად და 2001 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სს კომერციულ ბანკ “რ.” სარჩელი მოპასუხე ი. მ-ძის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი. მ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1200 აშშ დოლარის გადახდა. დანარჩენი ხუთი მოპასუხის მიმართ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. ამ გადაწყვეტილებაზე სსკბ “რიონმა” შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია ერთ სარჩელში გააერთიანოს ამ სასამართლოს განსჯადი რამდენიმე მოთხოვნა ერთი და იმავე მოპასუხის მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე საფუძვლებს, ემყარება ეს მოთხოვნები თუ არა.

მითითებული ნორმის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნების გაერთიანება შესაძლებელია ერთი და იმავე მოპასუხის მიმართ, ამასთან, ეს მოთხოვნები უნდა იყოს ამ სასამართლოს განსჯადი. სასარჩელო მოთხოვნათა გაერთიანების მიზანია დავის სწორად და სწრაფად გადაწყვეტა.

მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნები სხვადასხვა საგანზე გააერთიანა 42 მოპასუხის მიმართ, სასარჩელო მოთხოვნები ემყარებოდა სხვადასხვა საფუძვლებს. ამასთან, სარჩელში გაერთიანებული მოთხოვნები არ იყო საოლქო სასამართლოს განსჯადი. მიუხედავად ამისა, საოლქო სასამართლოს მიერ სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში, მაგრამ 42 მოპასუხის მიმართ გაძნელდა საქმის განსახილველად მომზადება, რის გამოც სასამართლომ ჯერ 15, ხოლო შემდეგ 8 მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნები გამოყო ცალკე წარმოებად.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მრავალი მოპასუხის მიმართ, სხვადასხვა საგანზე და სხვადასხვა საფუძვლით გაერთიანებული სასარჩელო მოთხოვნების არაგანსჯადი სასამართლოს მიერ განხილვა მიზანშეუწონელია, ამასთან, ასეთი განხილვა ხელს არ შეუწყობს დავის სწორად და სწრაფად გადაწყვეტას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოთ მითითებული საპროცესო დარღვევების გამო, სასამართლომ მოცემულ საქმეზე გამოიტანა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად უნდა ჩაითვალოს კანონის დარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებად, რის გამოც გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სასამართლომ დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, საქმე უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საპროცესო ნორმების დაცვით და ზემოთ მითითებული დარღვევების აღმოფხვრის შედეგად. სასამართლომ დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნები უნდა გამოყოს ცალკე წარმოებად და დაუქვემდებაროს განსჯად სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის 2001 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება