Facebook Twitter
3კ-1047-02

3კ-1047-02 19 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველო უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბავშვისთვის გვარის განსაზღვრა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. კ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ი. თ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა შვილის აღსაზრდელად მისთვის მიკუთვნება, მოპასუხისათვის ბავშვის სარჩენი ალიმენტის დაკისრება და შვილისათვის გვარად მისი გვარის კ.-ის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით: 1989 წლიდან 1996 წლამდე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა ი. თ.-თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: კ. და ე. 2000 წელს გარდაეცვალა ქალიშვილი ე. ფაქტობრივ მეუღლესთან აღარ ცხოვრობს და სურს ბავშვს კ-ს განესაზღვროს გვარად კ.-ი. სასამართლო სხდომაზე ი. თ.-მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, სარჩელი ცნო შვილის სარჩენი ალიმენტის დაკისრების და ბავშვის აღსაზრდელად დედასთან დატოვების ნაწილში, ხოლო სარჩელი ბავშვისათვის დედის გვარის კ.-ის განსაზღვრის ნაწილში სარჩელი არ ცნო.

წალკის რაიონული სასამართლოს 2000წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. კ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მისი შვილის კ-ს გვარი, სახელი, მამის სახელი და სხვა მონაცემები განისაზღვრა შემდეგნაირად: კ.-ი კ. ი-ს ძე, დაბადებული 1990 წ. მამა თ.-ი ი. გ.-ის ძე – ქართველი, დედა – კ.-ა მ. ი.-ს ასული – ბერძენი. ამ სახით მოხდა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერის აღდგენა. კ. კ.-ი აღსაზრდელად დარჩა დედასთან, ხოლო მოპასუხე ი. თ.-ს დაეკისრა შვილის სარჩენი ალიმენტი 50 ლარის ოდენობით. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არ არსებობს დავა ბავშვების აღსაზრდელად დედისათვის გადაცემის და ალიმენტის დაკისრების ნაწილში, ხოლო რაც შეეხება ბავშვის გვარს სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხე თ.-ის მოსაზრებას, იმის შესახებ, თუ ბავშვს დედის გვარი ექნება, უპრობლემოდ, მამის ნებართვის გარეშე, გაიყვანს მოსარჩელე საზღვარგარეთ, კერძოდ საბერძნეთში. სასამართლომ ჩათვალა, რომ რადგან ბავშვის დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში დაფიქსირებულია თ.-ი ი., ამდენად, მამა ისეთივე უფლებებით სარგებლობს, როგორიც დედა და გვარის შეცვლა გავლენას ვერ იქონიებს ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებაზე.

წალკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. თ.-მა ბავშვისათვის გვარის განსაზღვრის ნაწილში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 მარტის განჩინებით ი. თ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა წალკის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ბავშვი იზრდება კ.-ების ოჯახში უმჯობესი იქნებოდა, თუ ბავშვიც ამ გვარს ატარებს. თვითონ ბაშვი, რომელიც უკვე 10 წელზე მეტისაა მოითხოვს, რომ ატაროს დედის გვარი. აქედან გამომდინარე არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. თ.-მ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 10 ოტომბრის განჩინებით ი. თ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა გადაწყვეტილება, მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სასამართლო გასცდა საჩივრის ფარგლებს და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვნია, რითაც დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნა.

საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა წალკის რაიონული სასამართლოს 2000წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილება მ. კ.-ს შვილის – კ-ს გვარის, სახელის, მამის სახელის და სხვა მონაცემების განსაზღვრის, ყველა სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა მ. კ.-ს სარჩელი და მისი შვილის კ-ს გვარად განისაზღვრა დედის გვარი კ.-ი. დანარჩენ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის განხილვის დროს რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნა და მიეკუთვნა მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, კერძოდ ბავშვის სახელის, მამის სახელის განსაზღვრა და ყველა სხვა სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობა. სააპელაციო სასამართლომ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით განესაზღვრა დედის გვარი – კ.-ა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. თ.-მ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არ იმსჯელა, თუ რატომ არის ბავშვის ინტერესებში ატაროს დედის გვარი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, კერძოდ ბავშვისათვის გვარად დედის გვარის კ.-ის მიკუთვნების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მხარეები არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1989 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, კ. და ე. 2000 წელს გარდაიცვალა 1991 წელს დაბადებული ე. და მხარეებს დარჩათ ერთი შვილი კ., რომლის დაბადების სააქტო ჩანაწერში ბავშვის მამად ჩაწერილია მოპასუხე ი. თ.-ი. მ. კ.-მ სასარჩელო განცხადებით ითხოვა ბავშვს გვარად დედის გვარი კ.-ი განსაზღვროდა. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის დროს სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ს 1195-ე მუხლით, რომლის თანახმად შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით თუ მშობლებს საერთო გვარი არ აქვთ შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით. სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე დავის შემთხვევაში სასამართლომ უპირველეს ყოვლისა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ინტერესები, თუმცა გადაწყვეტილებაში არ დაასაბუთა თუ რატომ არის ბავშვის ინტერესებში, რომ იგი ატარებდეს დედის და არა მამის გვარს. მარტო ის გარემოება, რომ ბავშვს, რომელიც დავის გადაწყვეტის დროს 12 წლის იყო, სურს ატაროს დედის გვარი, არ შეიძლება ჩაითვალოს ბავშვის ინტერესების დაცვად. მოსარჩელე მ. კ.-ა, ვერც სასარჩელო განცხადებაში და ვერც სასამართლო სხდომაზე ვერ განმარტავს, თუ რატომ არის დედის გვარის განსაზღვრა ბავშვის ინტერესებში. სსკ-ს 102-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მხარემ თვითონ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მ.კ.-ს სარჩელი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ი. თ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება ბავშვის გვარის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

მ. კ.-ს სარჩელის დამაყოფილების და მისი შვილის კ-სათვის გვვარად კ.-ის განსაზღვრის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული დარჩეს უცვლელი.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.