3კ-1049-02 4 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
კასატორის თხოვნა: განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ს.-ის" სარჩელი და მოპასუხეს _ სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საკურორტო-სამედიცინო დაწესებულებათა სამმართველოს შპს-ს სასარგებლოდ დაეკისრა 438600 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა.
1999წ. 25 ივნისს მოპასუხემ განცხადებით მიმართა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ სასამართლომ იგი საქმის განხილვაში არ მიიწვია და ისე მიიღო გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების შესახებ აღმასრულებლის მეშვეობით შეიტყო, რომელმაც სააღსრულებო ფურცელი წარუდგინა აღსასრულებლად. განმცხადებელმა მოითხოვა სააპელაციო ვადის აღდგენა. განცხადებასთან ერთად წარადგინა სააპელაციო საჩივარი.'თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 2 აგვისტოს განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და აპელანტს სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა აღუდგა. აღნიშნული განჩინება გაუქმდა ამავე სასამართლოს 1999წ. 10 აგვისტოს განჩინებით. იმ პერიოდში, როცა სასამართლო განიხილავდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, 1999წ. 28 ივლისს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სამედიცინო-საკურორტო დაწესებულებათა სამმართველომ განცხადებით მიმართა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება ორი საფუძვლით: გადაწყვეტილების ბათილად ცნობითა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 18 თებერვლის განჩინებით განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებად იქნა მიჩნეული და საქმე განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 ივნისის განაჩენით განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, არ დაკმაყოფილა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 8 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 ივნისის განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს, რადგან ჯერ უნდა განხილულიყო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა, ხოლო შემდეგ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები.
თბილისის საოლქო სასმართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ივლისის განჩინებით უარი ეთქვა შპს “ი.-ს" სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფიელბაზე 1999წ. 22 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება; სააპელაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1999წ. 22 აპრილს მოცემული საქმის განხილვისას მოწვეული იყო და მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საკურორტო სამედიცინო სამმართველოს წარმომადგენელი, იურიდიული სამმართველოს უფროსი დ. მ.-ი. სასამართლომ ამ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიუთითა 1999წ. 22 აპრილის სხდომის ოქმზე, მინდობილობასა და თვით სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ს 421-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 422-ე მუხლის “ბ" ქვეპუნქტსა და 426-ე მუხლზე.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ი.-მ" (მოპასუხის უფლებამონაცვლე) და მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ ისე დაადგინა არარსებული ფაქტი, თითქოს 1999წ. 22 აპრილის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომ არ მიუთითა საამისოდ საკმარის მტკიცებულებებზე; სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა სსკ-ს 426-ე მუხლზე _ განცხადების დასაშვებობის საკითხზე, რადგან განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ საოლქო სასამართლოს მიერ განხილულია და დადებითადაა გადაწყვეტილი, განჩინება განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ (2000წ. 18 თებერვლის განჩინება) კანონიერ ძალაშია შესული.
კასატორი ითხოვს გასაჩივრეული განჩინების გაუქმებას, ასევე თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 22 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწლის “გ" ქვეპუნქტით გადაწყვეტილება (განჩინება) კანონის დარღვევით მიღებულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად, მართალია, სწორად გამოიყენა ამავე კოდექსის 422-ე მუხლის “ბ ქვეპუნქტი, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, აღნიშნული ნორმით დაინტერესებული მხარის განცხადებით გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ საქმის განხილვაზე ერთ-ერთი მხარე არ იყო მოწვეული. საქმის განხილვაში მიწვევაO გულისხმობს ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილ წესს. 70-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. მოცემულ შემთხვევაში სხდომა გაიმართა 1999წ. 22 აპრილს, რომლის შესახებ მხარისათვის შეტყობინება დადგენილი წესით არ იყო გაგზავნილი. კერძოდ, შეტყობინება საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი. ასევე, საქმის მასალებში, რომლებიც სასამართლოში გადაწყვეტილებამდეა წარდგენილი, არ მოიპოვება, მოპასუხის წარმომადგენლის შესახებ რაიმე დოკუმენტი (მინდობილობა). ამდენად, მოპასუხე მხარე საქმის განხილვაშიUმონაწილეობის მისაღებად არ იყო გაფრთხილებული კანონით დადგენილი წესით (იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე, 120-ე მუხლები). რაც შეეხება სასამართლოს სხდომის ოქმში მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადდა მოპასუხე სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის იურიდიული სამმართველოს უფროსი, არაა საკმარისი გარემოება იმის დასასაბუთებლად, რომ მხარემ მონაწილეობა მიიღო საქმის განხილვაში, რადგან, ჯერ ერთი, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების მასალებში წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის. მეორე, საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ წარდგენილი დოკუმენტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებლად, რადგან იგი არაა გაფორმებული კანონით დადგენილი წესით და არ შეესაბამება საქმის განხილვის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბებულიყო კანონის შესაბამისად გაცემული და გაფორმებული მინდობილობით (და არა წერილის ან ცნობის სახით). მინდობილობას იურიდიული პირის სახელითY გასცემდა შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ამდენად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე, 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ი.-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ივლისის განჩინება, თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.