გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-194-184(კ-06) 30 ოქტომბერი, 2006წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: თანამდებობაზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 21 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. კ-ემ მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თავდაცვის მინისტრის 2005წ. 22 ივნისის ¹..... და ¹.... სამხედრო ნაწილის მეთაურის 2005წ. 24 ივნისის ¹82 ბრძანებების მის ნაწილში გაუქმება და თანამდებობაზე აღდგენა შემდეგი საფუძვლებით:
თავდაცვის სამინისტროს მე-..... ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2005წ. 24 ივნისის ¹799 და მისი პატაკის საფუძველზე გაცემული‚ თავდაცვის მინისტრის 2005წ. 22 ივნისის ¹.... ბრძანების შესაბამისად‚ ¹..... სამხედრო ნაწილის მეთაურის 2005წ. 24 ივნისის ¹82 ბრძანებით დათხოვნილ იქნა რეზერვში თავდაცვის სამინისტროს მე-.... ქვეითი ბრიგადის ....-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-... მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაურის თანამდებობიდან და მოხსნილ იქნა ყველა სახის კმაყოფიდან.
აღნიშნული ბრძანებები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან თავდაცვის მინისტრის მე-.... ქვეითი ბრიგადის .....-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურის ზეწოლით ბატალიონის ყველა ოფიცერს იძულებით დააწერინეს პატაკები, ამასთან, მან პატაკი დაწერა თანამდებობიდან განთავისუფლების და არა დათხოვნის შესახებ. ამასთან, დარღვეულია თვით დოკუმენტის მსვლელობის წესი, ანუ პატაკი, რომელიც ბატალიონის მეთაურის სახელზე დაიწერა, ბატალიონში დარეგისტრირებული არ ყოფილა.
მოსარჩელის აზრით, მას თანამდებობაზე დარჩენის უპირატესი უფლება აქვს, რადგან უმაღლესი სამხედრო განათლების მქონეა, გავლილი აქვს საქართველოსა და თურქეთის მიერ განხორციელებული საერთო-საჯარისო ოფიცრების მომზადების კურსები, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, მივლინებული იყო კოდორის ხეობის დასაცავად და აქვს საბრძოლო გამოცდილება. სამხედრო სამსახურის წესები არასოდეს დაურღვევია, ატესტირებისას იღებდა დადებით შეფასებებს და სამსახურის პერიოდში ცდილობდა პირადი შემადგენლობისათვის გადაეცა როგორც სამხედრო სამსახურის, ასევე‚ საბრძოლო გამოცდილება.
საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირა და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, აღნიშნა, რომ მოსარჩელე «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის II თავის 21.2»ი» მუხლის თანახმად პირადი პატაკის საფუძველზე დაითხოვეს სამსახურიდან. პატაკის დაწერა გამოწვეული იყო სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმებით, როდესაც ამგვარ პატაკებს ყველა თანამდებობის პირს აწერინებდნენ, რადგან შემდეგ შეიძლება შეეცვალათ თანამდებობის არსი. ვ. კ-ის პატაკში მითითებულია: «გთხოვთ, გამათავისუფლოთ თანამდებობიდან» და არა _ შეიარაღებული ძალების რიგებიდან, მაგრამ მიუხედავად პატაკის შინაარსისა, იგი საერთოდ შეიარაღებული ძალების რიგებიდან იქნა განთავისუფლებული, რაც უკანონოა, რადგან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ შინაარსის იქნებოდა პატაკი, ეს არ იყო სისტემიდან დათხოვნის საფუძველი. იმავე სისტემაში იქნებოდა სხვა თანამდებობები, სადაც შეიძლებოდა მოსარჩელის დანიშვნა. თვით მითითებული 21.2»ი» მუხლის თანახმად, პირადი პატაკის საფუძველზე საერთოდ რიგებიდან დათხოვნა შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, რისთვისაც მარტო პატაკი არ კმარა და სავალდებულოა ამ შემთხვევათა დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა. მსგავსი კი ვ. კ-ეს არ წარუდგენია.
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე თანამდებობიდან კანონიერად განთავისუფლდა პირადი პატაკის საფუძველზე, რის გამოც მისთვის სხვა სამსახურის შეთავაზება ვერ მოხდებოდა, ამასთან, ზეწოლასა და იძულება არ მომხდარა ჰქონია. პირადი განცხადების საფუძველზე კი, საკონტრაქტო სამსახურის გარდა, მოსამსახურეს უპირობოდ ათავისუფლებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს 2005წ. 22 ივნისის ¹1627 ბრძანების გამოტანის საფუძველი (მოსარჩელესთან მიმართებაში) გახდა ვ. კოჟორიძის პირადი განცხადება, რომელიც თავად დაწერა. ეს კი, სასამართლოს მითითებით, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის» შესახებ კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია და რადგან თავდაცვის მინისტრის გასაჩივრებული ბრძანებით, ფაქტობრივად, მოსარჩელე ვ. კოჟორიძის განცხადება დაკმაყოფილდა, აღნიშნული აქტი უკანონოდ ვერ ჩაითვლება.
მოსარჩელის მტკიცება, რომ განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ მან ბატალიონის მეთაურის მხრიდან იძულების შედეგად დაწერა, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია იმ მოტივით, რომ განცხადების დაწერის შეთავაზება ან მოთხოვნა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი ნების გამოვლენის გამომრიცხავ იძულებად, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის «ი» პუნქტის თანახმად კი პირადი განცხადება მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება, რომ მოცემულ შემთხვევაში «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის» შესახებ კანონის 21-ე მუხლის «ი» პუნქტით გათვალისწინებულ პირობები ვ. კოჟორიძესთან მიმართებაში არ არსებობდა, სასამართლომ გასაჩივრებული აქტის ბათილობის საფუძვლად არ მიიჩნია, ვინაიდან მითითებული კანონის «ზ» ქვეპუნქტი, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების უპირობო საფუძველს იძლევა, თანაც, ვ. კ-ეს განცხადება საკუთარი სურვილით სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სადავო ბრძანების გამოცემამდე არ გამოუთხოვია.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ. კ-ემ და მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტმა აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის 2005წ. 22 ივნისის ¹1627 ბრძანებით იგი თავდაცვის სამინისტროს მე-.... ქვეითი ბრიგადის ....-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-.... მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაურის თანამდებობიდან დათხოვნილ იქნა «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21.2»ი» მუხლის (პირადი განცხადების) საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვით და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით. პატაკი მან მართლაც დაწერა, მაგრამ არა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის და პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვის, არამედ თანამდებობიდან განთავისუფლების მოთხოვნით.
აპელანტის მითითებით, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21.2»ი» მუხლი ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის დათხოვნას პირადი განცხადებით მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევების სახით, რომელთა არსებობა დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებებით. კონკრეტულ შემთხვევაში კი კანონში მითითებულ არც ერთ საგამონაკლისი შემთხვევა არ არსებობდა და, შესაბამისად, არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არსებობს.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში 21.2 მუხლის «ზ» ქვეპუნქტის მითითება აპელანტმა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან აღნიშნული ქვეპუნქტი ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის დათხოვნას პირადი განცხადების საფუძველზე, თუ მას გააჩნია სამხედრო სამსახურის 10 და მეტიწ. სტაჟი, რაც ასევე უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებით. პატაკით იგი ითხოვდა თანამდებობიდან განთავისუფლებას და არა სისტემიდან დათხოვნას. მინისტრის ბრძანებით კი დაითხოვეს ზემოხსენებული კანონის «ი» ქვეპუნქტით. აპელანტის აზრით, სასამართლოს უნდა ემსჯელა მხოლოდ აღნიშნული ნორმის ირგვლივ და არ ჰქონდა უფლება‚ ემსჯელა ნორმაზე, რასაც მოპასუხე არ დაყრდნობია.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ თავდაცვის სამინისტროში ხორციელდებოდა და დღესაც ხორციელდება რეფორმები, რომელიც იწვევდა საკადრო ცვლილებებს, რის გამოც პატაკები ყველა თანამშრომელს დააწერინეს. ამის შემდეგ აღნიშნული პირები სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნენ, მხოლოდ ვ. კოჟორიძე და მასთან ერთად ორი თანამშრომელი დაითხოვეს სამსახურიდან. მოსარჩელემ პატაკით მოითხოვა თანამდებობიდან განთავისუფლება და არა სისტემიდან დათხოვნა. არსებობს უამრავი თანამდებობა, სადაც შეიძლებოდა იგი დანიშნულიყო, რადგან არის უმაღლესი განათლების პროფესიონალი თანამშრომელი ისეთ დეფიციტურ დარგში, როგორიცაა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა და მის მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ჩადებულია არამარტო საქართველოს, არამედ საქართველოს მეგობარი ქვეყნების ხარჯები.
აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, ვ. კ-ე «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21.2 მუხლის «ი» ქვეპუნქტის საფუძველზე იქნა დათხოვილი მაშინ‚ როდესაც, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს მოსამსახურის დათხოვნას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში _ მძიმე ოჯახური მდგომარეობის, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევისა ან დანიშვნის გამო _ რაც არ მომხდარა, მეტიც, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს გამოება არსებობდა, იგი დოკუმენტურად უნდა დადასტურებულიყო.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ აღნიშნული კანონის «ზ» ქვეპუნქტზე მითითებას, რომელიც ითვალისწინებს ოფიცერთა სამსახურიდან პირადი სურვილით დათხოვნას არანაკლებ 10 წელი ნამსახურების შემთხვევაში, აპელანტის წარმომადგენლის აზრით, სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, რადგან სამსახურიდან დათხოვნაზე ვ. კ-ეს პატაკი არ დაუწერია და თავდაცვის სამინისტროს იგი აღნიშნული საფუძვლით არ გაუთავისუფლებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი თავდაცვის მინისტრის 2005წ. 22 ივნისის ¹1627 ბრძანება და თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრძანების გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის აუცილებლობაზე. გასაჩივრებული აქტის გამოცემის ნორმატიულ საფუძვლად დასახელებულია «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21.2 «ი» მუხლი, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წინაპირობებად გულისხმობს, გამონაკლისის სახით, როგორც მოსამსახურის პირადი განცხადების, ასევე‚ დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული მიზეზების (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა) არსებობას. ამასთან, პატაკში მოსარჩელეს გამოთქმული აქვს მხოლოდ თანამდებობიდან და არა საერთოდ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის სურვილი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თავდაცვის მინისტრის 2005წ. 22 ივნისის ¹1627 ბრძანების გამოცემამდე სრულყოფილად არ გამოკვლეულა, არსებობდა თუ არა «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილი პირობები, რის გამოც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც‚ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად‚ აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ _ მოსარჩელე ვ. კ-ის წარმომადგენელმა მ. ლ-ემ და მოპასუხე თავდაცვის სამინისტრომ.
ვ. კ-ის წარმომადგენელმა მ. ლ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. კ-ის თანამდებობაზე აღდგენა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ სწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მტკიცებულებები, კერძოდ: ვ. კ-ეს მართლაც აქვს დაწერილი პატაკი, მაგრამ თანამდებობიდან განთავისუფლების და არა სისტემიდან დათხოვნის შესახებ. მოსარჩელე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ იქნა «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21.2»ი» მუხლით, მაშინ როდესაც, აღნიშნული საფუძველი ითვალისწინებს მოსამსახურის განთავისუფლებას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით. კონკრეტულ შემთხვევაში კი არც განსაკუთრებულ გარემოება და არც მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობდა არათუ საქმეში, არამედ ბუნებაშიც კი.
კასატორის აზრით, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მოპასუხემ ბრძანების გამოცემისას არ შეისწავლა და გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არ არსებობს სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი, არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა მოპასუხისათვის ამ გარემოებების შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დავალება.
თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულება _ მოსარჩელის პატაკი მისი თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. მოსარჩელემ აღნიშნული პატაკით გამოხატა თანამდებობიდან გადადგომის და არა სამსახურში მუშაობის გაგრძელების სურვილი.
კასატორის განმარტებით, სამხედრო სამსახური განსაკუთრებული სახის სამსახურია და მკაცრი დისციპლინით ხასიათდება, რის გამოც სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა‚ ასევე‚ სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობებთან არის დაკავშირებული. ამასთან, კასატორის მითითებით, ბრძანება მოსარჩელის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ არ გასაჩივრებულა დროულად, მას გაშვებული აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადა.
ამდენად, კასატორის აზრით, გასაჩივრების საფუძველს მოკლებული იყო ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარიც, რადგან ადმინისტრაციის მიერ გამოკვლეული და შესწავლილ იქნა გარემოებები ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნა პირადი პატაკით გათავისუფლების შესახებ, რაც გახდა მიზეზი თავდაცვის მინისტრის 22.06.05 ¹1627 ბრძანების გამოცემისა, რომელიც მიღებულია «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21.2.»ი» მუხლის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006წ. 7 ივლისის განჩინებით ვ. კ-ის წარმომადგენელ მ. ლ-ისა და თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროსა და ვ. კ-ის წარმომადგენელ მ. ლ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 31 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას არასწორად განმარტა «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21.2»ი» მუხლი, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის 2005წ. 6 ივნისის პატაკი, რომელშიც მითითებულია: «გთხოვთ, გამანთავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან». საქმეში ასევე წარმოდგენილია შეიარაღებული ძალების მე-.... ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2005წ. 14 ივნისის ¹799 განცხადება გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსისადმი, სადაც აღნიშნულია: «სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გაათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დაითხოვოთ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან». აღნიშნული პატაკისა და შუამდგომლობის საფუძველზე თავდაცვის მინისტრის 2006წ. 2 ივნისის ¹1627 ბძანებით ვ. კ-ე, თავდაცვის სამინისტროს მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური, დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21.2 მუხლის «ი» ქვეპუნქტის თანახმად.
«სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21.2 მუხლის «ი» ქვეპუნქტი ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნას პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა). სამხედრო სამსახურის, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფო სამსახურის თავისებურებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა განმარტებულ უნდა იქნეს როგორც სამხედრო მოსამსახურის შემზღუდველი ნორმა, საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს დატოვოს სამხედრო სამსახური და ამით ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის ინტერესებს. ამავე ინტერესებიდან გამომდინარე, იგი ასევე ბოჭავს ადმინისტრაციას, გაუმართლებლად არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა სამხედრო მოსამსახურესთან. იმავდროულად, მითითებული ნორმა არ ზღუდავს ადმინისტრაციას, თუკი ამით ზიანი არ მიადგება სახელმწიფო ინტერესებს და არ არსებობს სამხედრო მოსამსახურის განთავისუფლების დაბრკოლება, რისი გადაწყვეტაც ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, ასეთ შემთხვევაში დააკმაყოფილოს მოსამსახურის განცხადება ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებული საკითხების გამორკვევის გარეშე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული მიზეზების გამორკვევა ადმინისტრაციას ევალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ადმინისტრაცია არ არის თანახმა აღნიშნული სამხედრო მოსამსახურის განთავისუფლებაზე. მოცემულ შემთხვევაში თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ვ. კ-ის პირადი პატაკის არსებობის პირობებში ადმინისტრაციას არ ეკისრებოდა «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21.2»ი» მუხლით განსაზღვრული გარემოებების _ მძიმე ოჯახური მდგომარეობის, სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლის, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევისა ან დანიშვნის _ გამორკვევისა და შესწავლის ვალდებულება, თუკი მიაჩნდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურის განთავისუფლება არ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო ინტერესებს. შესაბამისად, არ არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამორკვევის გზით ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ ვ. კ-ის მტკიცებას, რომ მისი პატაკის არსებობის პირობებში, რომლითაც ითხოვდა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებას, ადმინისტრაციას არ ჰქონდა შესაძლებლობა, დაეთხოვა იგი შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში. «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონის 31-37-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება რეზერვში ჩარიცხვით ან გადადგომით. ამდენად, კასატორის მტკიცება სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებისას რაიმე სხვაგვარი შედეგის დადგომის შესაძლებლობაზე არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორ თავდაცვის სამინისტროს მსჯელობას მოსარჩელის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვების თაობაზე. მოსარჩელეს მისი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ თავდაცვის მინისტრის 2005წ. 22 ივნისის ¹1627 ბრძანება გასაჩივრებული აქვს ბრძანების გამოცემიდან ერთი თვის ვადაში _ 2005წ. 21 ივლისს, რის გამოც კასატორის აღნიშნული მსჯელობა მოკლებულია საფუძვლიანობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით არ უმსჯელია და არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება, საქმის მასალებით დასტურდებოდა თუ არა ადმინისტრაციის მხრიდან მოსარჩელის იძულების ფაქტი პატაკის დაწერისას, რაზედაც მოსარჩელე ასევე ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. სადავო საკითხის არსებითად გადაუწყვეტელობის პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე არ არის დადგენილი შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად გამოიტანოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ხელახლა არსებითად უნდა განიხილოს აღნიშნული საქმე და გამოარკვიოს, საქმის მასალებით დასტურდება თუ არა ვ. კ-ის მიერ იძულებით, საკუთარი ნების გარეშე თანამდებობიდან განთავისუფლების პატაკის დაწერა, რაზეც მოსარჩელე ამყარებს თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის, 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტის, 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თავდაცვის სამინისტროსა და ვ. კ-ის წარმომადგენელ მ. ლ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 31 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.