Facebook Twitter

საქმე N 190100123007708838

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №328აპ-24 ქ. თბილისი

ი–ი ქ., 328აპ-24 11 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ქ. ი–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მისთვის განსაზღვრული სასჯელი არის მსუბუქი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას. მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი დანაშაული და, ამასთან, დაზარალებული მნიშვნელოვნად დააზარალა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ, იგი წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ქ. ი–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით. მასვე, 2 (ორი) წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

გაუქმდა ქ. ი–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

ქ. ი–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან – 2023 წლის 4 ივლისიდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ი–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

ქ. ი–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ქ. ი–მა, 2023 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კამათის დროს, მუშტის მარცხენა თვალის არეში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა შვილზე – ზ. ი–ზე, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ქ. ი–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–მ და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა.

ü მსჯავრდებულ ქ. ი–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–მ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ქ. ი–ს უდანაშაულოდ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში.

ü სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ქ. ი–სათვის შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. განსახილველ შემთხვევაში, პროკურორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით; შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ქ. ი–ს შეუფარდეს საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. საკასაციო პალატის აზრით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სრულად გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (მან თავისი ოჯახის წევრის – შვილის მიმართ კვლავ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის, განზრახი დანაშაული), ქმედებების განხორციელების სახე და ხერხი (ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კამათის დროს, მუშტი დაარტყა მარცხენა თვალში), მსჯავრდებულის ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (მისი მტკიცე სურვილი, მისწრაფება დაზარალებულისათვის მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი), პიროვნული მახასიათებლები, დაზარალებულის პოზიცია (ქ. ი–ი დაზარალებულთან შერიგებული არ არის). ყოველივე აღნიშნულისა და სასჯელის განსაზღვრის ზოგადსავალდებულო გარემოებების გათვალისწინებით, ქ. ი–ს შეეფარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სანქციით დადგენილი სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, მაშინ, როდესაც მუხლის სანქცია ითვალისწინებს სასჯელის უფრო მსუბუქ ალტერნატივასაც, რაც სამართლიანია და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.

10. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ქ. ი–ი წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ წარსულში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა, გათვალისწინებულია მისთვის ბრალად წარდგენილი მუხლის მაკვალიფიცირებელ გარემოებად (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით), რის გამოც ვერ მიიჩნევა დამოუკიდებელ დამამძიმებელ გარემოებად და სასჯელის გამკაცრების საფუძველი ვერ გახდება.

11. ამდენად, სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა ყველა რელევანტური გარემოება, დაცულია სახელმძღვანელო კანონის მოთხოვნები, ასევე – სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპები.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი