Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1053-02 6 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: მეანაბრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1997წ. 12 დეკემბერს სს “თ-სა” და ჯ. ლ-ეს შორის დაიდო საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად ლ-ემ თავის ანგარიშზე შეიტანა თანხა.

2001წ. 12 მარტს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა ბრძანება თანხის გადახდევინების შესახებ და სს “თ-ს” ჯ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6335 აშშ დოლარი.

2001წ. 18 დეკემბერს ჯ. ლ-ემ განცხადებით მიმართა ამავე სასამართლოს სს “თ-ის” მიმართ მენაბრედ ცნობისა და ეროვნული ბანკისათვის გაგზავნილი აქტივებისა და პასივების ნუსხის წარმოდგენის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ბანკის ლიკვიდატორმა არ შეასრულა სასამართლოს ზემოაღნიშნული ბრძანება. ლიკვიდატორი თანხის გაცემაზე უარს ამბობს იმ მოტივით, რომ მოსარჩელე მეანაბრე არ არის და მასსა და ბანკს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება “საბანკო მომსახურების შესახებ”. ბანკის ლიკვიდაციის პროცესში კი თავდაპირველად მეანაბრეები უნდა იქნენ დაკმაყოფილებული.

2002წ. 7 თებერვალს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯ. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს “თ-ის” სალიკვიდაციო კომისიას დაევალა ჯ. ლ-ისათვის ეროვნული ბანკისათვის გადაცემული აქტივებისა და პასივების ნუსხის წარდგენა, ხოლო მეანაბრედ ცნობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

ჯ. ლ-ემG აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელზე უარის თქმის ნაწილში.

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი და იგი არ დააკმაყოფილა შემდეგი გარემოებების გამო:

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი იყო საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა სხვადასხვა ანგარიშების გახსნას (საანგარიშსწორებო, საკასო, საკრედიტო და ა.შ.) ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტი კი ითვალისწინებდა მხოლოდ საანგარიშსწორებო – საკასო მომსახურებას, თუ მხარეებს შორის სხვა სახის ხელშეკრულება არ იქნებოდა დადებული. საანგარიშსწორებო ანგარიში იხსნება მიუხედავად იმისა, ფულადი სახსრები შეიტანება ანგარიშის გახსნის მომენტში, თუ მის შემდეგ. სასამართლომ დაადგინა, რომ ანგარიში გაიხსნა 1997წ. 12 დეკემბერს, ხოლო თანხა შეტანილია 1997წ. 16 დეკემბერსა და 1998წ. 19 თებერვალს, ე.ი. ანგარიშის გახსნის შემდეგ, რაც ანაბრის ხელშეკრულებას არ ახასიათებს.

სკ-ს 874-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა ანაბარზე პროცენტების დარიცხვა. ამ შემთხვევაში ბანკის მხრიდან ჯ. ლ-ის სასარგებლოდ პროცენტის გადახდის ვალდებულება გათვალისწინებული არ ყოფილა.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჯ. ლ-ესა და სს “თ-ს” შორის დადებული ხელშეკრულება არ არის ანაბრის ხელშეკრულება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ლ-ემ. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ითხოვს მის გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორსა და სს “თ-ს” შორის დადებული ხელშეკრულება არის თვალთმაქცური, რადგან მისი გაფორმებისას ბანკის თანამშრომლების განმარტებამ იგი შეცდომაში შეიყვანა.კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა _ სკ-ს 874-ე მუხლი; არასწორად განმარტა ხელშეკრულების 1-2 პუნქტები და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა – სკ-ს 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის 1997წ. 12 დეკემბერს დაიდო საბანკო მომსახურების შესახებ ხელეკრულება, რომლის საფუძველზეც ჯ.ლ-ემ სს “თ-ში” გახსნა ანგარიშსწორების ანგარიში (ხელშეკრულების 1.2 მუხლი). საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის არსებული გარიგება (საბანკო ხელშეკრულება) თვალთმაქცური იყო და ამიტომ სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა სკ-ს 56-ე მუხლი. აღნიშნული ნორმით თვალთმაქცურია გარიგება, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა. როგორც წესი, თვალთმაქცური გარიგებით მხარეებს სურთ დაფარონ ბათილი გარიგება, რომელზედაც ისინი სინამდვილეში შეთანხმდნენ. ყველა შემთხვევაში მხარეები შეგნებულად ფარავენ ნამდვილ გარიგებას და მათი მიზანიც ესაა. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულება იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ჯ.ლ-ეს ბანკში გაეხსნა როგორც ანგარიშსორების ანგარიში, ისე ნებისმიერი სადეპოზიტო ანგარიში. ვინაიდან მოსარჩელემ არ გახსნა სხვა სახის საბანკო ანგარიში (საკრედიტო, სატრასტო, ანაბრის შესახებ და სხვ), იგულისხმება, რომ მისი ნება გამოვლინდა მხოლოდ საანგარისწორებო ანგარიშის გახსნაში (ხელშეკრულების 1.2 მუხლი).

ამდენად, კასატორის ეს მოსაზრება უსაფუძვლოა, რაც შეეხება გარიგებას შეცდომის საფუძველზე დადებას, როგორც ამას კასატორი მიუთითებს, ისიც უსაფუძვლო მოსაზრებაა, რადგან, თუ 1997წ. 12 დეკემბერს მხარეთა შორის გარიგების დადება არსებითი შეცდომის საფუძველზე მოხდა, მათ შეეძლოთ ეს გარიგება საცილო გაეხადათ საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში. ამასთან, სკ-ს 130-ე მუხლით აღნიშნული მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირობა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. Aასეთ მომენტად მოცემულ შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ შემდეგი გარემოება: ამავე კოდექსის 874-ე მუხლის მე-3 ნაწილით ანაბარს შესაბამისად უნდა დაერიცხოს პროცენტები. დადგენილია, რომ ბოლო საბანკო ოპერაცია განხორციელდა 1999წ. 17 აგვისტოს, ე.ი. ამ პერიოდისათვის ჯ. ლ-ის მიერ ბანკში შეტანილი თანხა გაზრდილი უნდა ყოფილიყო პროცენტის სახით დარიცხული თანხით. ჯ.ლ-ეს საბანკო ხელშეკრულება სადავო არ გაუხდია 2001წ. 19 დეკემბრამდე. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სასამართლო მოცემული დავის განხილვისას ვერ გამოიყენებდა სკ-ს 72-80 მუხლებს და ბათილად ვერ ცნობდა 1997წ. 12 დეკემბრის ხელშეკრულებას.

პალატა თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 874-ე მუხლი. მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს მეანაბრედ ცნობა. სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, რადგან ეს მუხლი იძლევა ანაბრის დეფინიციას.

ამდენად, გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივნისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.