Facebook Twitter
3კ-1054-02

3კ-1054-02 18 დეკემბერი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: უკანონოდ დაკავებული ფართიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 15 მაისს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში შპს “შ.-ს” დირექტორმა რ. ნ.-მ სარჩელი აღძრა სს “ც.-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა მხარეებს შორის 1997წ. 1 აგვისტოს 10წ. ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, ინდ. მეწარმეების “გ. ა.-ის”, “ა. მ.-ისა” და შპს “პ.-ის” მიერ დაკავებული ფართის გადაცემა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ საქმეში თანამოპასუხეებად ჩააბა ინდ. მეწარმეები “გ. ა.-ე”, “ა. მ.-ე” და შპს “პ.-ი”.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “შ.-ს” დირექტორის რ. ნ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლო გასცდა სარჩელის ფარგლებს და საქმეში თანამოპასუხეებად ჩართო ინდ. მეწრმეები “გ. ა.-ე”, “ა. მ.-ე” და შპს “პ.-ი”, მაშინ როდესაც სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა მხოლოდ სს “ც.-ის” მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას.

აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ გადაწყვეტილება იყო იურიდიულად დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ემყარებოდა სს “ც.-ის” ¹196/1 ბრძანებას, რომლის საფუძველზედაც შპს “შ.-ს” უნდა გადასცემოდა 1431 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი და რომელიც დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა, მაშინ როდესაც მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა 1997წ. 1 აგვისტოს მხარეთა შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას შპს “შ.-ზე” 10 წლის ვადით არასაცხოვრებელი ფართის გადაცემაზე, რომელიც არ გაუქმებულა. აპელანტის აზრით ასევე ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია ის ფაქტი, რომ სასამართლომ გაიზიარა თანამოპასუხეთა პრეტენზია იმაზე, რომ მათ არ სურთ შპს “შ.-ს” დაქვემდებარებაში მუშაობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “შ.-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.Pსააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი: სადავო ფართი, რომელიც მესამე პირებს აქვთ დაკავებული, წარმოადგენს მოპასუხე სს “ც.-ის” საკუთრებას. 2001წ. 12 ივლისს დაიდო ნაწილობრივ სასყიდლიანი უზრუნველყოფის ხელშეკრულება, რომელიც გატარებულია საჯარო რეესტრში. სს “ც.-მ” შპს-ს გადასცა უძრავი ქონება, მათ შორის ის ქონება, რომელიც დაკავებული აქვთ მესამე პირებს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ს მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლოს წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. სააპელაციო საჩივრის მიხედვით შპს “შ.-ს” მოთხოვნას წარმოადგენდა უზუფრუქტით დატვირთული სადავო ფართის გადაცემა, რაც მოსარჩელის მიერ დადასტურებულ იქნა სასამართლო სხდომაზეც. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “შ.-ს” უფლებისა თუ კანონით გათვალისწინებული ინტერესების დარღვევა, რადგან უზუფრუქტის ხელშეკრულებით მოპასუხის მიერ სადავო ფართი შპს-თვის უკვე გადაცემულია.

სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “შ.-ს” წარმომადგენელმა ი. ნ.-მ, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, მოპასუხე _ ინდ. მეწარმეების “გ. ა.-ის”, “ა. მ.-ისა” და შპს “პ.-ი”-ის უკანონოდ დაკავებული ფართიდან გამოსახლებას და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვს უზუფრუქტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას. დადგენილია, რომ უზუფრუქტის ხელშეკრულება დადებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის რაიმე უფლება ან კანონით გათვალისწინებული ინტერესები არ დაურღვევია. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მაგრამ საკასაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითებს ისეთ გარემოებებს, რაც თავისი შინაარსით დავის საგნის გაზრდას წარმოადგენს.

სსკ-ს 406-ე მუხლის თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.

მოცემულ შემთხვევაში კასატორმა შეცვალა დავის საგანი და მოწინააღმდეგე მხარე. კერძოდ, თუ სააპელაციო საჩივარში მის მოთხოვნას წარმოადგენდა სს “ც.-ის” მიერ სადაო ფართის უზუფრუქტით გადაცემა, საკასაციო საჩივარში იგი ითხოვს მესამე პირების _ ინდ. მეწარმეების “გ. ა.-ის”, “ა. მ.-ისა” და შპს “პ.”-ის მიერ უკანონოდ დაკავებული ფართიდან გამოსახლებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორმა შეცვალა დავის საგანი, რაც სსკ-ს 406-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 401-ე, 406-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “შ.-ს” წარმომადგენელ ი. ნ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.