საქმე # 330100123007118110
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№165აპ-24 ქ. თბილისი
მ–ი ა., 165აპ-24 12 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას, ა. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან, ერთი მხრივ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობაში ა. მ–ს მსჯავრდება უსაფუძვლოა, რამეთუ, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო, მეორე მხრივ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის შეფარდებული სასჯელი უსამართლოა, რადგან მოსამართლეს არ უმსჯელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე. ა. მ–მა თავი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, მაგრამ კატეგორიულად უარყო მათი გასაღების მცდელობა. ამ კატეგორიის დანაშაულთან მიმართებით, დასაბუთების მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, რომელიც, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება. ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ ერთადერთი, გაურკვეველი შინაარსის მიმოწერა, რომელიც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ა. მ–ს მსჯავრდებას, რადგან არ ადასტურებს მისთვის ბრალადშერაცხილ – ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივნისის განაჩენით ა. მ–ი, – დაბადებული ....ს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, ა. მ–ის მიესაჯა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. მ–მა ჩაიდინა: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. ა. მ–მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“ საერთო წონით – 2,566 გრამი, აქედან – 0,156 გრამს 2023 წლის 3 მარტს უკანონოდ ინახავდა პირადად და ამოუღეს თ–ში, ს–ს დასახლების ... „..“ კორპუსის .. სადარბაზოს ...სა და მ.. სართულებს შორის ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად; 0,038 გრამი განათავსა ამავე კორპუსის მე-4 და მე-5 სართულებს შორის კიბის ბაქანზე, კედელზე არსებულ ლითონის ხუფში, რომელიც ამოიღეს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ხოლო – 2,372 გრამს ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში – თ–ში, გ–ს ქუჩის №..-ში, რაც შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს სახლის ჩხრეკის შედეგად.
3.2. ა. მ–მა შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“ საერთო წონით – 0,038 გრამი, რომელსაც უკანონოდვე ინახავდა, დააფასოვა, გაანაწილა და შემდგომი გასაღების მიზნით მოათავსა თბილისში, სანზონის დასახლების პირველი „დ“ კორპუსის პირველი სადარბაზოს მე-4 და მე-5 სართულებს შორის კიბის ბაქანზე, კედელზე არსებული ლითონის ხუფში. მიუხედავად იმისა რომ ა. მ–ს ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, ქმედება – ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება – ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან 2023 წლის 3 მარტს ხსენებული ნარკოტიკული საშუალება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ა. მ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ–იის ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – ს. კ–მ და ი. კ–მ, რომლებიც ითხოვდნენ ა. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, სარწმუნოდ დადგინდა, რომ ა. მ–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა, ხოლო, მეორე მხრივ, ცდილობდა, უკანონოდ გაესაღებინა ნარკოტიკული საშუალებები, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს წარდგენილი კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ: პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2023 წლის 3 მარტს, ა. მ–ს პირადი ჩხრეკის დროს, მარჯვენა წინდიდან ამოუღეს წებოვან ლენტში შეხვეული ქაღალდი, 5 ოვალური აბით, წარწერით ,,B8“ და მრგვალი ფორმის მაგნიტი, ხოლო მეორე წინდიდან – 3 წებოვან ლენტში შეხვეული ქაღალდები, 5-5 ოვალური აბით, წარწერით ,,B8“ და მაგნიტები; მოწმე ზ. რ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ ა. მ–ს პირადი ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების ამოღების შემდგომ, მსჯავრდებულმა განმარტა, რომ იმავე სადარბაზოში, გასაღების მიზნით ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა ადგილსამყოფელი თავადვე მიუთითა და ამოიღეს სადარბაზოს მე-4 და მე-5 სართულებს შორის არსებული ელექტროსადენების ხუფიდან; ამოღების ოქმით დგინდება, რომ 2023 წლის 3 მარტს, ქ. თ–ში, ს–ს დასახლების .. „..“ კორპუსის .... სადარბაზოში, მე-..და მე-...სართულებს შორის კიბის ბაქანზე, კედელზე არსებული ლითონის ხუფიდან ამოღებულია წებოვან ლენტში შეხვეული ქაღალდი, რომელშიც აღმოჩნდა ოვალური ფორმის 5 აბი წარწერით ,,..“ და მრგვალი მაგნიტი, ხოლო ა. მ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, მსჯავრდებულს ჩანთაში ჰქონდა მოთავსებული პლასტმასის ორგანყოფილებიანი კონტეინერი 282 აბით, რომლებზეც დატანილია წარწერა – ,,..“ და 30 აბის ნატეხი, ასევე – პოლიეთილენის შესაფუთი პაკეტის ხვეულა, მომცრო ზომის მაგნიტები და ჩამკეტიანი პარკები; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა. მ–ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული აბები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“, საერთო წონით – 0,156 გრამს, მსჯავრდებულის სახლის ჩხრეკისას ამოღებული აბები და აბის ნატეხები – ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“, საერთო წონით – 2,372 გრამს, ხოლო მსჯავრდებულის მითითებით, სადარბაზოდან ამოღებული აბები – ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“, საერთო წონით – 0,038 გრამს; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით კი დასტურდება, რომ ა. მ–ის მობილური ტელეფონში აღმოჩენილია აპლიკაცია ,,........-ში“ რეგისტრირებული ორი ანგარიში: „...“ და „..”, აქედან „..-ის”-ს მიმოწერებში იკვეთება სხვადასხვა ინტერნეტმაღაზიები, ასევე – გამოვლინდა იმ ლოკაციის ფოტოსურათი, საიდანაც 2023 წლის 3 მარტს, ა. მ–იის მითითებით, ამოიღეს გასაღების მიზნით მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება, ხოლო „....-ს“ მიმოწერებში იკვეთება კავშირი „........-ს“ სახელით რეგისტრირებულ პირთან, რომელიც შეეხება ნარკოტიკების სარეალიზაციოდ კონკრეტულ ლოკაციებზე განთავსებას და თან ერთვის ფოტოსურათები ლოკაციების კოორდინატებითა და სპეციალური აღნიშვნებით, რისი ერთობლივად შეფასებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. მ–მა არა მარტო უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ, არამედ – ასევე ჰქონდა მცდელობა, უკანონოდ გაესაღებინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, შესაბამისად, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, კანონიერი და დასაბუთებულია.
9. კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ა. მ–ის შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის მინიმუმამდე შემსუბუქება, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილი, ერთი მხრივ, დანაშაულთა სიმრავლიდან, ხოლო, მეორე მხრივ, ამოღებული ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალების რაოდენობიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი