გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1056-01 6 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
ნ.კვანტალიანი
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ტ. ბ-ას სარჩელი ლ. ბ-ას მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო და საკასაციო წესით და დარჩა უცვლელი დღეისათვის გადაწყვეტლება შესულია კანონიერ ძალაში.
ტ. ბ-ამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გაითვალისწინა მოწმის, ლ. ბ-ას, ცრუ ჩვენება, ასევე ა. ბ-ას მეორე ახსნა-განმარტება, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში იქნა დაწერილი. სასამართლო დაეყრდნო ცრუ მოწმეების ახსნა-განმარტებებს, რასაც ადასტურებს ლ. ბ-ას თხოვნით შედგენილი ზ. ი-ის ახსნა-განმარტება, რომელიც დაწერილია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, განმცხადებელმა მიუთითა აღნიშნული გარემოებებზე და სკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის საფუძველზე მოითხოვა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 მარტის განჩინებით ტ. ბ-ას უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებაზე. სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებას არ წარმოადგენს სადავო ბინის შეძენა ტ. ბ-ას ფულით, აღნიშნული გარემოება განიხილებოდა სამივე ინსტანციის სასამართლოში. სასამართლომ არ მიიჩნია ასევე ახლად აღმოჩენილ გარემოებებად ის გარემოებები, რომ ბინის გაფორმებასთან დაკავშირებით მისი და მამამისის თანხმობის არსებობა, მოსარჩელის მითითება, რომ მამის მეორე ახსნა-განმარტება ყალბია, რომ იგი არ ესწრებოდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას. სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს გარემოებებიც ადრევე ცნობილი იყო ტ. ბ-ასათვის და განიხილებოდა სამივე ინსტანციის სასამართლოში. რაც შეეხება 2000წ. 23 სექტემბერს გლდანი-ნაძალადევის შს მე-6 ქვეგანყოფილებაში მოწმე ზ. ი-ისათვის ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებას, სასამართლომ ჩათვალა, რომ იგი წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, მაგრამ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ტ. ბ-ას სარჩელის უსაფუძვლობა უფრო მყარი მტკიცებულებებით დადასტურდა და რომც ყოფილიყო სასამართლოსათვის ცნობილი ზ. ი-ის მეორე ახსნა-განმარტება, არ გამოიწვევდა ტ. ბ-ასათვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 მარტის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ტ. ბ-ამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 ივნისის განჩინებით ტ. ბ-ას უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 მარტის განჩინება. სააპელაციო სასამართლომ ბ-ას მიერ მითითებული გარემოებები არ მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებებად, რადგან ჩათვალა, რომ მათი შეფასება მოხდა როგორც პირველი ინსტანციის, ასევე, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში. რაც შეეხება ზ. ი-ის ახსნა-განმარტებას, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ვერ დაედება საფუძვლად საქმის განახლებას, რადგან მოწმე არ უარყოფს ტ. ბ-ას დასწრებას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული იყო სანოტარო წესით და მოწმის საწინააღმდეგო ჩვენება არ გამოიწვევდა საქმის განხილვის დროს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ტ. ბ-ამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ თავიდანვე გამოიტანა ტენდენციური და უსაფუძვლო გადაწყვეტილება, რომელიც დამყარებული იყო მოპასუხე მხარის ცრუ არგუმენტებზე. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია მის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებებაზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებად და უსაფუძვლოდ უთხრა უარი საქმის განახლებაზე. კასატორი მიუთითებს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ლ. ბ-ამ ნასყიდობის ხელშეკრულება ნოტარიუსთან გააფორმა მისი გვერდის ავლით მისი ფულით და თაღლითური გზით. მანვე დაიყოლა მოწმე ი-ი, რომ არ მიეცა კასატორის სასარგებლო ჩვენება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ. ბ-ას სარჩელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ტ. ბ-ამ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” პუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების მოთხოვნით, თუ მხრისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ტ. ბ-ას მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან მის მიერ მითითებული გარემოებები, როგორიცაა: ბინის ყიდვა მისი ფულით, ბინის გაფორმებაზე მისი და მამამისის თანხმობის არქონა, ასევე მისი აწ გარდაცვლილი მამის მეორე ახსნა-განმარტების სიყალბე და ნასყიდობის ხელშეკრულების გვერდის ავლით გაფორმება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რადგან პალატა თვლის, რომ მოცემული გარემოებები განხილულ იქნა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში და ამდენად, იგი არ შეიძლება განხილული იყოს როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება. პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ მოწმის მიერ მიცემული ყალბი ჩვენება მიჩნეულ უნდა იქნეს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რადგან აღნიშნული არ არის დადგენილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. სსკ-ს 423-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, ამ მოტივით დასაშვებია თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული საქმეზე გამოტანილი განაჩენი.
რაც შეეხება კასატორის მითითებას ახლად აღმოჩენილ გარემოებად ზ. ი-ის მიერ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, 2000წ. 23 სექტემბერს გლდანი-ნაძალადევის შს მე-6 განყოფილებაში მიცემული ახსნა-განმარტებაზე უსაფუძვლოა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია სანოტარო წესით და მოწმის სააწინაღმდეგო ჩვენება მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
პალატა თვლის, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.