Facebook Twitter

საქმე N 330100123007181883

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№188აპ-24 ქ. თბილისი

შ–ა ჯ., 188აპ-24 17 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანა კაპანაძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ჯ. შ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მიუხედავად დაზარალებულის შეცვლილი პოზიციისა, რომელმაც სასამართლოს არ მისცა ჯ. შ–ს საწინააღდეგო ჩვენება, ოჯახური ძალადობის სპეციფიკური ბუნებიდან გამომდინარე და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების – დაზარალებულის შეტყობინების, რ. შ–ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმის სახით დაკითხული ექიმის ჩვენების – გათვალისწინებით, უტყუარად დასტურდება ჯ. შ–ს ბრალეულობა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ. შ–ს, – დაბადებულს 19.. წ, – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2023 წლის 1 მარტს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, გ–ს რაიონში, .........ის ქუჩის №..-ში მდებარე №.. ბინაში, ჯ. შ–მ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – რ. შ–ზე, კერძოდ, თავის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2023 წლის 2 მარტს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, გ–ს რაიონში, ......ის ქუჩის №..-ში მდებარე №.. ბინაში, ჯ. შ–მ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – რ. შ–ე, კერძოდ, ფეხის არეში დაარტყა ფეხი, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. 2023 წლის 5 მარტს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, გ–ს რაიონში, ......ის ქუჩის №..-ში მდებარე №.. ბინაში, ჯ. შ–სმ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – რ. შ–ზე, კერძოდ, სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.4. 2023 წლის 7 მარტს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, გ–ს რაიონში, ......ის ქუჩის №..-ში მდებარე №.. ბინაში, ჯ. შ–სმ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – რ. შ–ზეე, კერძოდ, თავის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.5. 2023 წლის 8 მარტს, ღამის საათებში, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, გ–ს რაიონში, ......ის ქუჩის №..-ში მდებარე №.. ბინაში, ჯ. შ–მ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – რ. შ–ზე, კერძოდ, ხელი ძლიერად მოჰკიდა მკლავზე და დაარტყა სახეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.6. 2023 წლის 8 მარტს, ღამის საათებში, საღამოს საათებში, ბინაში, ჯ. შ–ს, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს –რ. შ–ას, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ჯ. შ–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ჯ. შ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ჯ. შ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა ჯ. შ–ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: დაზარალებულმა – რ. შ–ამ და არასრულწლოვანმა მოწმემ – გ. შ–მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები თავიანთი ახლო ნათესავის – ჯ. შ–სს წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაცია, ისევე, როგორც – საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენებების შინაარსის შემცველია, დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სხვა მტკიცებულებებიდან კი, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მოწმის სახით გამოკითხული ექიმის – თ. ნ–ს გამოკითხვის ოქმი, რომლებიც ცხადყოფს, რომ 2023 წლის 17 მარტს რ. შ–ას მარცხენა მხარზე აღენიშნებოდა ჰემატომა, ვერ ქმნიან მტკიცებულებათა უტყუარ და საკმარის ერთობლიობას ჯ. შ–სათვის წარდგენილი კონკრეტული ბრალდებების – 2023 წლის 1, 2, 5, 7 და 8 მარტს მეუღლზე ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის – გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად; აქვე აღსანიშნავია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად 2023 წლის 9 მარტს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომლის მიხედვით, რ. შ–ას განმარტებით, ჯ. შ–მ ყოფით ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც ფსიქოლოგიურად იძალადა მასზე. დაზარალებულთან გასაუბრების შედეგად შევსებული კითხვარის თანახმად, შეკითხვაზე: ,, – მსხვერპლს აღენიშნება თუ არა დაზიანებები?“ პასუხია: ,, – არა“; კითხვაზე: ,, – მოძალადე დაგმუქრებიათ ჯანმრთელობის დაზიანებით, მოკვლით ან/და ქონების განადგურებით, რამაც თქვენში მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში გამოიწვია?“ პასუხია: ,, – არა“; კითხვაზე: ,, – მოძალადემ ფიზიკურად იძალადა?“ პასუხია: ,, – არ ვიცი/თავს იკავებს პასუხების გაცემისგან“, ხოლო კითხვაზე: ,, – იგივე ქმედება განახორციელა მრავალჯერადად?“ პასუხია: ,, – არა“, რისი გათვალისწინებითა და იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებულმა რ. შ–ამ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, მის სხეულზე გამოკვეთილი დაზიანების წარმომავლობასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყდა ჯ. შ–სს სასარგებლოდ.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი