3კ-1057-02 22 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. ტ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ 1970 წელს გამოეყო საბაღე მიწის ნაკვეთი სოფ. ...-ში, სადაც საკუთარი სახსრებით ააშენა სახლი. 1972 წელს საქართველოს კომპარტიის ქ. თბილისის პირველი მაისის რაიკომის ბიუროს დადგენილების საფუძველზე იგი იძულებული შეიქმნა, ჩაებარებინა სახლი, რომელიც გადაეცა ცეკავშირის საკურორტო სამმართველოს. საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989წ. 20 ივნისის ¹302-ე დადგენილებით სოფ. ...-ის მებაღეობის ამხანაგობის ყოფილ წევრებს დაუბრუნდათ ნაკვეთები და ნაგებობები, ხოლო ვისთვისაც დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, მათ მცხეთის რაიონის აღმასკომმა გადაწყვეტილებით გამოუყო სანაცვლო მიწის ნაკვეთი. მოსარჩელის განმარტებით, მას გამოეყო სანაცვლო მიწის ნაკვეთი სახლის მშენებლობისათვის, რომლის აშენება დაევალა საქართველოს ცეკავშირს. ს. ტ.-ს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ცეკავშირის გამგეობამ სააგარაკო სახლის სანაცვლოდ გამოუყო ...-ში ბავშვთა და მოზარდთა დასასვენებელი სახლის ადმინისტრაციული შენობის ნაწილის ნახევარი 600 კვ.მ, ხოლო ცეკავშირის საკურორტო მომსახურეობის ფირმა “კ.-ს” კი დაევალა მოსარჩელისათვის გამოყოფილი შენობისა და საბაღე ნაკვეთის გამიჯვნა დასასვენებელი სახლის კომპლექსისაგან. 1994წ. 1 აგვისტოს ს. ტ.-სა და ფირმა “კ.-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ფირმა “კ.-მ” აიღო ვალდებულება, აეშენებინა სააგარაკო სახლი ან მოეხდინა ადმინისტრაციული შენობის გამიჯვნა 1996წ. ივნისამდე. თუკი ამას ვერ მოახერხებდა, მაშინ მოსარჩელის ოჯახს წელიწადში ერთი თვით უფასოდ დაასვენებდა საქართველოს რომელიმე კურორტზე. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. ს. ტ.-მ მოითხოვა მოპასუხისაგან სახლის ასაშენებლად 71102 აშშ დოლარის, 1997 წლიდან 2001 წლის ჩათვლით მიუღებელი საგზურების თანხის _ 13.920 აშშ დოლარის და მორალური ზიანის სახით 10000 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხემ განმარტა, რომ ის თანახმა იყო, 1994წ. 1 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის გადაეცა დასასვენებელი სახლების ადმინისტრაციული შენობის ნახევარი საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ ცნო.
რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ს.ტ.-ს ფირმა ,,კ.-ის” სამართალმემკვიდრე შპს “ს.-საგან” საკუთრებაში გადაეცა დასასვენებელი სახლების ადმინისტრაციული შენობის ნახევარი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არსებობა და განმარტა, რომ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ფირმა “კ.-ის” ვალდებულებები უნდა გადასულიყო მის სამართალმემკვიდრე შპს “ს.-ისზე” და მას უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა. მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნები სკ-ს 398-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა უკანონოდ.
ს. ტ.-მ რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ და სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას.
აპელანტმა განმარტა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო, ვინაიდან სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სააგარაკო სახლის, დასასვენებელი საგზურების ღირებულებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ს. ტ.-მ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2001წ. 21 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ს. ტ.-ის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა 1997წ. 25 ნოემბრამდე, ახალი სკ-ს ძალაში შესვლამდე, რის გამოც სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დავა უნდა დარეგულირდეს კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ს. ტ.-ს წარმოეშვა უფლება მოეთხოვა მოვალისათვის ვალდებულების შესრულება, რომელიც უნდა შესრულებლიყო ჯეროვნად და დაწესებულ ვადაში. საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ვინაიდან დადგენილ ვადაში ს. ტ.-ს არ აუშენეს სააგარაკო სახლი, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა გადასცემოდა ადმინისტრაციული შენობის ნაწილი. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას სახლისა და საგზურების ანაზღაურების შესახებ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია უსაფუძვლოდ. Pპალატამ ასევე უსაფუძვლოდ ჩათვალა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. სააპელაციო პალატის განმარტებით, 1964წ. სამოქალქო სამართლის კოდექსი ასეთს საერთოდ არ ითვალისწინებდა.
ს. ტ.-მა მიიჩნია უკანონოდ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001წ. 21 ნოემბრის განჩინება და საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის განჩინება არის უკანონო. მისი მოთხოვნა სააგარაკო სახლის მშენებლობის ხარჯების, დასასვენებელი საგზურების ღირებულების და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებას და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 15 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეზე საგზურების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატა უთითებდა, რომ საქმეში წარმოდგენილ 1994წ. 1 აგვისტოს ხელშეკრულებაში მითითებულია საგზურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ მოპასუხის ვალდებულებაზე. Aაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საგზურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ ხელშეკრულებაში მითითებული არ ყოფილა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ტ.-ის სარჩელი შპს ,,ს.-ისზე” 1997 წლის 1 ივნისამდე მიუღებელი საგზურების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ხოლო დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატა უთითებს, რომ ს. ტ.-ს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა საგზურების გამოყოფა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, ანუ 1997წ. 1 ივნისამდე, ვინაიდან შემდგომში, ხელშეკრულების არარსებობის პირობებში, ფირმა ,,კ.-ს” და მის უფლებამონაცვლეს არ ეკისრებოდათ მოსარჩელისათვის საგზურების მიცემის ვალდებულება. Pპალატის აზრით, მოპასუხე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა ს. ტ.-ისათვის მიყენებული ზიანი, ანუ გადაეხადა მისთვის ამ საგზურების ღირებულება, თუ ს. ტ.-ი დაადასტურებდა, რომ მისი მხრიდან გაწეული იყო ეს ხარჯები ან მან განიცადა სხვაგვარი ზიანი. Aაღნიშნული უნდა მომხდარიყო სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით განსაზღვრული სამწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რომელიც აითვლებოდა ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ დღიდან, როდესაც მან შეიტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ანუ 1997წ. 1 ივნისის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი შეტანილია სასამართლოში სათანადო მოპასუხის მიმართ 2001წ. თებერვალში, ს. ტ.-ის მიერ გაშვებულია საქმეზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ტ.-მა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი მოთხოვნის დაკამაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლოს სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი.
მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე არსებული მტკიცებულებები კოლეგიის მიერ არ არის სრულად და ყოველმხრივ გამოკვლეული და განხილული:
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ს. ტ.-ის მიერ გაშვებულია საქმეზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება დადგენილი წესით სარჩელის აღძვრით.
დადგენილი წესით სარჩელის აღძვრა გულისხმობს იმგვარი ხარვეზის არარსებობას, რომლის დროსაც სასამართლოს მიერ სარჩელი არ მიიღება წარმოებაში, ან სასამართლოს მიერ რჩება განუხილველი.
უდავოა, რომ ს. ტ.-მა დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა 1996წ. ცეკავშირის გამგეობის მიმართ და მისი განხილვა გრძელდებოდა 2000წ. დეკემბრამდე.
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ს. ტ.-ს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა საგზურების გამოყოფა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, ანუ 1997წ. 1 ივნისამდე, ვინაიდან შემდგომში, ხელშეკრულების არარსებობის პირობებში, ფირმა ,,კ.-ს” და მის უფლებამონაცვლეს არ ეკისრებოდათ მოსარჩელისათვის საგზურების მიცემის ვალდებულება. დაუსაბუთებელია გადაწყვეტილებაში 1997წ. ივნისის მითითება, ვინაიდან ეს თარიღი ხელშეკრულებაში საერთოდ არ არის აღნიშნული.
ხელშეკრულების თანახმად ფირმა ,,კ.-ი” ვალდებული იყო ს. ტ.-ისათვის 1996წ. პირველ ივნისამდე აეშენებინა ახლად გამოყოფილ ტერიტორიაზე სააგარაკო სახლი ან საბოლოოდ მოეხდინა ადმინისტრაციული შენობის გამიჯვნა, თუ ეს არ მოხერხდებოდა, მაშინ მოქალაქე ს. ტ.-ის ოჯახი (სამი სული) უფასოდ დაესვენებინა რესპუბლიკის რომელიმე კურორტზე წელიწადში ერთი თვით.
აღნიშნული დებულების თანახმად მოპასუხის ვალდებულება, რომ ს. ტ.-ის ოჯახი უფასოდ დაასვენოს რესპუბლიკის რომელიმე კურორტზე, წელიწადში ერთი თვით სამი სული, წარმოიშობა 1996წ. ივნისის შემდეგ.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს სრულყოფილ გამოკვლევას და დამატებით შეფასებას.
სააპელაციო პალატამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა განმარტოს მხარეთა ნება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, Dდაადგინოს, არსებობს თუ არა მიყენებული ზიანი და შესაბამისად გადაწყვიტოს დავა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. ტ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.