Facebook Twitter

საქმე # 190100123007274362

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №578აპ-24 ქ. თბილისი

ა–ი ლ., 578აპ-24 19 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ–სა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. მ–მა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა.

ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი საფუძვლებით: საქმეში არ არის წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ლ. ა–ს ბრალეულობას დაადასტურებდა; დაზარალებულმა უარი განაცხადა ბრალდებულის მიმართ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ლ. ა–ს ყოფილი სიდედრის ჩვენებით კი დასტურდება, რომ მას დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა სიძის მიმართ. ბრალდებული არასოდეს ყოფილა მხილებული მოძალადეობრივ და კონფლიქტურ საქციელში. მუქარის ფაქტს საერთოდ არ ჰქონია ადგილი, ლ. ა–ი დაზარალებულის სახლში მივიდა საკუთარი შვილის მოსანახულებლად და წასაყვანად.

ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ლ. ა–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი საფუძვლებით: მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არასამართლიანია, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა ლ. ა–ს მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საფრთხე და ხასიათი, მისი პიროვნება; სასამართლოს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული დანაშაულის სპეციფიკური სახე.

2. მსჯავრდებულ ლ. ა–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. მ–ს საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს ბრალდების საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს დასაშვებობის კრიტერიუმებს.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ლ. ა–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ლ. ა–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ივლისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

გაუქმდა ლ. ა–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

ლ. ა–ს სასჯელის მოხდა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 3 აპრილიდან.

4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ა–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. რ–ში, მ–ს მე-..გასასვლელის №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ლ. ა–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – ჟ. ბ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მათ შორის არსებული ოჯახური კონფლიქტის შესახებ ფაქტის პოლიციაში გაცხადების შემთხვევაში, ყელს გამოსჭრიდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. ა–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ლ. ა–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება, რომ ლ. ა–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისათვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ – სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

11. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, დაზარალებულმა ჟ. ბ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ყოფილი მეუღლის, ლ. ა–სის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს იმას, რომ დაზარალებულის ჩვენების გარეშე (სუბიექტური კრიტერიუმი) შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი შიშის რეალურობის დადგენა.

12. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა (ობიექტური კრიტერიუმი), რომელთა მიხედვით, ლ. ა–ს ბრალეულობა მის მიმართ მსჯავრად შერაცხილ ქმედებაში დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, სახელდობრ: პირდაპირი მოწმის, შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირის, დაზარალებულის დედის, ვ. ბ–ს ჩვენება, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ლ. ა–ს მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტზე. იგი ყელის გამოჭრით დაემუქრა ჟ. ბ–ს, პოლიციაში დარეკვის შემთხვევაში. ჟანამ სწორედ აღნიშნული მუქარის შემდეგ ითხოვა სამართალდამცავი ორგანოების დახმარება; უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის ოპერატორთან დაზარალებულის საუბრის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, დგინდება, რომ დაზარალებული აფორიაქებული და შეშინებულია, იგი ტირილით ესაუბრება „112“-ის ოპერატორს და ითხოვს დახმარებას; მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომლის შესაბამისად, ჟ. ბ–მ მიუთითა ადგილი ბინის შესასვლელში, სადაც 2023 წლის 2 აპრილს, მისი ყოფილი მეუღლე – ლ. ა–ი, დაახლოებით 19:00 საათზე, ჯერ ესაუბრებოდა, შემდგომ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა დანით ყელის გამოჭრით, რაც მან აღიქვა რეალურად და ძალიან შეეშინდა; ლ. ა–ს მიმართ გამოცემული №....... შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელთა მიხედვით, დადგენილია, რომ ჟ. ბ–ს გადმოცემით, 2023 წლის 2 აპრილს მასთან მივიდა ყოფილი მეუღლე – ლ. ა–სი, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. შემაკავებელი ორდერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ მსხვერპლი ფიქრობს, მოძალადემ შეიძლება მოკლას, რადგან მრავალჯერ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ეს კი მან აღიქვა რეალურად და შეეშინდა.

13. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ა–ს ბრალეულობა უტყუარად არის დადგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობით. აქედან გამომდინარე, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ იკვეთება.

14. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ. ა–სის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, ვინაიდან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი შეფარდებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას, რის გამოც, მისი დამძიმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ–სა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი