Facebook Twitter

3კ-1060-02 20 ნოემბერი, 2002წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგნი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. გ.-მ 2001წ. 25 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სს “ე.-ის" წინააღმდეგ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ე. გ.-ს სარჩელი ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელის განმარტებით, დავალიანების _ 282 ლარისა და 14 თეთრის გადაუხდელობის გამო 2001წ. 19 ივლისს მოპასუხემ გამოურთო ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შუქი. აღნიშნული დავალიანების არსებობა არარეალურია და სინამდვილეს არ შეეფერება. 2001წ. 8 ივნისს მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა დავალიანების გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის შეწყვეტის თაობაზე, რის საფუძველზეც საპასუხოდ მიმართა განცხადებით სს “ე.-ს". აღნიშნულის თაობაზე უნდა მომხდარიყო ანგარიშსწორება მოპასუხის მხრიდან, მაგრამ მოპასუხემ იგი რეაგირების გარეშე დატოვა, რაც კვლავ შუქის გამორთვის საფუძველი გახდა. მოპასუხემ კანონის დარღვევით, იძულებითი წესით გადაახდევინა 37 ლარი და 25 თეთრი. ამავე დროს სს “ე.-მ" იგი კატეგორიულად გააფრთხილა, ძველი დავალიანების 10%-ის გადახდის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებოდა.

მოსარჩელეს მოპასუხის ბრალეული მოქმედებით გადაეწვა მაცივარი და ტელევიზორი, რისი შეკეთებაც 1000 აშშ დოლარი ღირს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაკისრებოდა მატერიალური ზიანისათვის 100000 აშშ დოლარის, ხოლო მორალური ზიანისათვის _ 101000 აშშ დოლარის გადახდა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ე. გ.-მ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.

სააპელაციო პალატამ მოცემულ საქმეზე დაადგინა ე. გ.-ს დავალიანება “ე.-ის" (მოპასუხის) მიმართ. 2001წ. ნოემბრისათვის მან შეადგინა 158 ლარი და 38 თეთრი, რომელიც მხარეების შეთანხმების საფუძველზე უნდა გადახდილიყო ნაწილ-ნაწილ 10 თვის მანძილზე. ასევე, დადგენილია, რომ ე. გ.-მ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ს 361-ე მუხლით აპელანტი ვალდებული იყო, დათქმულ ვადაში გადაეხადა თანხა, რისი შეუსრულებლობაც მოწინააღმდეგე მხარეს უფლებამოსილს ხდიდა, შეეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტმა ე. გ.-მ ვერ შეძლო დაემტკიცებინა სს “ე.-ის" მიერ მისთვის 100000 აშშ დოლარის ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, რადგან ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად მოსარჩელე მხარის მოვალეობას წარმოადგენდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ დაუსაბუთებელია აპელანტის მოთხოვნა მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით 101000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ. ე. გ.-მ ვერ დაასაბუთა, მოწინააღმდეგე მხარემ რით შელახა მისი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია ან რით ხელყო მისი პირადი არაქონებრივი უფლებები; ჰქონდა თუ არა იმგვარი ფაქტების გავრცელებას ან გახმაურებას ადგილი, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სს “ე."-ისათვის მორალური ზიანის დაკისრების იურიდიული საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაყწვეტილება.

ე. გ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ივლისის განჩინების გაუქმება შემდეგი გარემოებების გამო:

1. მოცემული საქმის განხილვისას სასამარათლომ დაარღვია მხარისათვის კანონითY მინიჭებული დაცვის უფლება. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკმაყოფლდა მისი შუამდგომლობა და განჩინებით სახაზინო წესით უნდა დანიშვნოდა ადვოკატი, რაც რეალურად არ განხორციელდა და იგი დარჩა დაცვის გარეშე.

2. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ს მე-6 მუხლი, 279-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტი და შეეჩერებინა მოცემული საქმის განხილვა მანამ, სანამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არ გადაწყდებოდა კონსტიტუციური სარჩელი მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფების შესახებ ნორმატიული აქტების ანტიკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ე. გ.-ს შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ 2002წ. 26 თებერვალს მიიღო განჩინება, რომლითაც მას დაენიშნა სახაზინო ადვოკატი. განჩინება შესასრულებლად გადაეგზავნა დიდუბის ადვოკატურას. 2002წ. 1 აპრილს სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ე. გ. გამოცხადდა ადვოკატის გარეშე და საქმის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. სხდომის ოქმით ირკვევა, რომ ე. გ.-ს არ დაუყენებია შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ იმის გამო, რომ მას ადვოკატი არ ჰყავდა.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია მოსარჩელის უფლება _ ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით (დაცვის უფლება), სასამართლომ სსკ-ს 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რომ საქმის განხილვაში მოეწვია ადვოკატი. განჩინება გაეგზავნა შესაბამის ადვოკატურას, მაგრამ სხდომაზე მოსარჩელე გამოცხადდა და არ გამოცხადდა მისი წარმომადგენელი (ადვოაკტი).

ამ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს დავა, რადგან არა თუ წარმომადგენლის, არამედ მხარის გამოუცხადებლობაც კი არ აფერხებს საქმის განხილვას თუ, რა თქმა უნდა, მხარე მოწვეული იყო სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

ამდენად, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარის წამორმადგენლის გამოუცხადებლობა და მის გარეშე საქმის გადაწყვეტა არ წარმოადგენს კანონდარღვევას. მითუმეტეს, მოსარჩელეს არ განუცხადებია რაიმე შუამდგომლობა საქმის განხილვასათან დაკავშირებით (სსკ-ს 215-216-ე მუხლები).

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 279-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტი, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში იხილებოდა სარჩელი ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ არსებული ნორმატიული აქტის ანტიკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს 279-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტით საქმის განხილვა უნდა შეჩერდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ეს ნორმა არ ადგენს საქმის განხილვის შეჩერების საფუძველს იმ შემთხვევისათვის, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი განიხილება. მართალია, საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი და 279-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტი ადგენს სამოქალაქო საქმის შეჩერების საფუძველს საკონსტუტუციო სასამართლოში საქმის განხილვამდე, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და წარდგინებით შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. მითითებული საპროცესო ნორმების საფუძველზე სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის განხილვა ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენდა 279-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებას, რადგან განსახილველი საქმის დავის საგანს წარმოადგენდა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით და არავითარ კავშირში არ არის ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ ნორმატიული აქტის ანტიკონსტიტუციურად ცნობის კონსტიტუციურ სარჩელთან. ამდენად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. გ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ივლისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.