¹ 3კ/1064-01 13 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე,მ. ცისკაძე
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაცვლილი დების _ ნ. და ო. პ-შვილების სახელზე ირიცხებოდა ორი ბინა: ნ. პ-შვილის სახელზე თბილისში, ... ქუჩაზე (ოროთახიანი ბინა) და ო. პ-შვილის სახელზე თბილისში, ... ქუჩაზე (ერთოთახიანი ბინა).
1997 წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა ნ. პ-შვილი. ო. პ-შვილმა აღიდგინა რა მემკვიდრეობა ნ. პ-შვილის ქონებაზე, 1997 წლის 10 მარტს თავის სახელზე რიცხული ორივე ბინა, როგორც მემკვიდრეობით მიღებული, ისე საკუთარი, მიჰყიდა ვ. ლ-შვილს. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღირიცხა ვ. ლ-შვილი.
1997 წლის 5 თებერვალს ო. პ-შვილმა სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძით მის სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება უანდერძა ვ. ლ-შვილის შვილს ა. ლ-შვილს. ო. პ-შვილი გარდაიცვალა 1997 წლის 27 მარტს.
შ. პ-შვილმა, ნ. და ო. პ-შვილების ბიძაშვილისშვილმა, სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ო. პ-შვილსა და ვ. ლ-შვილს შორის 1997 წლის 10 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ გარიგებები იძულებით დაიდო და მოითხოვა ო. პ-შვილის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 1997 წლის 10 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებები, ხოლო შ. პ-შვილს უარი ეთქვა ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობაზე იმ მოტივით, რომ ის, როგორც მეხუთე რიგის მემკვიდრე, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, არ შედიოდა კანონისმიერ მემკვიდრეთა რიგში.
საქმე არაერთგზის განიხილა სხვადასხვა სასამართლო ინსტანციამ.
თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისათვის მომზადების სტადიაზე პალატის 2000 წლის 31 ივლისის განჩინებით, შ. პ-შვილის წარმომადგენლის თანხმობით, შ. პ-შვილი, როგორც არასათანადო მხარე, შეიცვალა სათანადო მოსარჩელით – თბილისის მთავრობით.
მ. ლ-შვილმა, ვ. ლ-შვილის მეუღლემ და ა. ლ-შვილის კანონიერმა წარმომადგენელმა, როგორც დაინტერესებულმა პირმა, 2001 წლის 11 ივნისს წარადგინა სასამართლოში დამოუკიდებელი მოთხოვნა დავის საგანზე, განცხადებაში მოითხოვა საქმეში მესამე პირად ჩაბმა და ო. პ-შვილის დანაშთ ქონებაზე ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა; მ. ლ-შვილმა სარჩელში მიუთითა, რომ ო. პ-შვილმა მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ორივე სადავო ბინა, 1997 წლის 5 თებერვალს ანდერძით უანდერძა მის არასრულწლოვან შვილს ა. ლ-შვილს.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სადავო ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებები ბათილად რომც იქნეს ცნობილი, ის ხაზინას ვერ გადაეცემა, ვინაიდან გარდაცვლილ პ-შვილებს ჰყავთ ანდერძისმიერი მემკვიდრე;
სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 18 ივნისის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის შესაბამისად ა. ლ-შვილის კანონიერი წარმომადგენელი მ. ლ-შვილი საქმეში ჩართულ იქნა მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნით და მისი სარჩელი თბილისის მთავრობის მიმართ მიღებულ იქნა წარმოებაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება, 1997 წლის 10 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში, გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
მოსარჩელე მხარეს _ თბილისის მთავრობას, უარი ეთქვა ო. პ-შვილსა და ვ. ლ-შვილს შორის 1997 წლის 10 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უსაფუძვლობის გამო.
მესამე პირს, ა. ლ-შვილის კანონიერ წარმომადგენელ მ. ლ-შვილს უარი ეთქვა დამოუკიდებელ მოთხოვნაზე ო. პ-შვილის დანაშთი ქონების თბილისში, ... და ... ქუჩებზე მდებარე ბინების ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ლ-შვილსა და ო. პ-შვილს შორის ადგილი არ ჰქონდა მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დადებას; ო. პ-შვილს სიცოცხლეში ნასყიდობის ხელშეკრულებათა ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია და აღნიშნული საქმის წარმოებაზე მის მიერ არც რწმუნება ყოფილა გაცემული; საცხოვრებელი ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებათა ფორმა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეთა მიერ დაცულია, ხელშეკრულებები დამოწმებულია სანოტარო წესით და რეგისტრირებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში;
მესამე პირის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ სამკვიდროს გახსნის დროისათვის საცხოვრებელი ბინები სამკვიდრო ქონებაში აღარ შედიოდა.
თბილისის მთავრობამ საკასაციო საჩივარი შეიტანა უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი გარემოებების გამო:
სასამართლომ არ დააკმაყოფილა თბილისის მთავრობის მოთხოვნა ო. პ-შვილის 1997 წლის 5 თებერვლის ანდერძის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შესახებ.
სასამართლომ არასწორად შეაფასა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები კერძოდ, ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოჩვენებით, ვინადან მას იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია – გამყიდველ ო. პ-შვილს არ მიუღია თანხა; ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენენ იმის პირდაპირ მტკიცებულებას, რომ ნასყიდობის არც ერთ ხელშეკრულებაში არ არის გამოხატული ო. პ-შვილის ნამდვილი ნება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. პ-შვილი, რომლის სახელზეც ირიცხებოდა თბილისში, ... მდებარე ოროთახიანი ბინა, გარდაიცვალა 1997 წლის 28 თებერვალს, ო. პ-შვილი კი 1997 წლის 27 მარტს. ო. პ-შვილმა 1997 წლის 7 მარტს აღიდგინა მემკვიდრეობა ნ. პ-შვილის დანაშთ ქონებაზე, ხოლო იმავე წლის 10 მარტს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე ვ. ლ-შვილს მიჰყიდა როგორც მემკვიდრეობით მიღებული, ასევე ... მდებარე საკუთარი ბინა.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შეილახა მისი უფლება, ვინაიდან თვლის, რომ თბილისის მთავრობა არაა უფლებამოსილი, მოითხოვოს ვ. ლ-შვილსა და ო. პ-შვილს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებათა ბათილად ცნობა.
სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის ხაზინაზე. აღნიშნული ნორმა უმკვიდრო ქონებად მიიჩნევს იმ ქონებას, რომელიც სამკვიდროს გახსნის მომენტში მამკვიდრებლის საკუთრებას წარმოადგენდა, მაგრამ მამკვიდრებელს არც კანონიერი და არც ანდერძისმიერი მემკვიდრეები არ დარჩენია.
ო. პ-შვილის გარდაცვალების მომენტში სამკვიდროში შემავალი სადავო ბინა მის ქონებას არ წარმოადგენდა, ვინაიდან მამკვიდრებელმა გარდაცვალებამდე გაასხვისა იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა; სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. პალატას მიაჩნია, რომ თბილისის მთავრობის უფლება და ინტერესი განსახილველ შემთხვევაში არ დარღვეულა, რადგან სამკვიდრო ქონება ხაზინას არ გადასცემია და არც არსებობდა ხაზინაზე გადაცემის სამართლებრივი საფუძველი.
გამომდინარე აღნიშნულიდან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.