საქმე N 330100122005724464
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №295აპ-24 ქ. თბილისი
ლ– რ., 295აპ-24 2 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ლ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ჯ–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას შემსუბუქების კუთხით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენით:
2.1. რ. ლ–ი, – დაბადებული 1... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი და, საბოლოოდ, რ. ლ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილი – 2 (ორი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
გაუქმდა რ. ლ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
რ. ლ–ი დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 20 სექტემბრიდან.
მსჯავრდებულ რ. ლ–ს ყოფაქცევაზე კონტროლი საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში დაევალა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რ. ლ–ს დაევალა, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
2.2. გ. ა–ე, – დაბადებული 1... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და, საბოლოოდ, გ. ა–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – 2 (ორი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა – 1 (ერთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გ. ა–ე დაკავებულ იქნა სასამართლოს სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან –2023 წლის 20 სექტემბრიდან.
მსჯავრდებულ გ. ა–ს ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, დაევალა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გ. ა–ს დაევალა, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ლ–მა ჩაიდინა: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ხოლო გ. ა–მ ჩაიდინა: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ.
რ. ლ–სა და გ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2021 წლის დეკემბერში, შპს „.....“ (ს/კ.........)-ის დირექტორმა რ. ლ–სმა და გ. ა–მ განიზრახეს ყალბი (ფიქციური) მომსახურების ხელშეკრულებების დამზადებითა და გამოყენებით, სხვისი კუთვნილი VISA პლასტიკური ბარათის უნებართვო გააქტიურებით, მოტყუებით დაუფლებოდნენ სს „.... ბანკი ....“ კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხებს. ამ მიზნით, 2021 წლის 13 დეკემბერს, რ. ლ–სსა და გ. ა–ს შორის გაფორმდა ყალბი (ფიქციური) მომსახურების ხელშეკრულება არარსებულ 500 კმ2 მიწის ნაკვეთზე გაშენებულ კერძო სახლის საპროექტო სამუშაოების შესახებ (ღირებულება 90 450 ლარი), ხოლო 2021 წლის 15 დეკემბერს – ისევ ყალბი (ფიქციური) მომსახურების ხელშეკრულება არარსებულ 2300 კვ2 მიწის ნაკვეთზე გაშენებული ვილის და დამხმარე სათავსოების საპროექტო სამუშაოების შესახებ (ღირებულება 149 000 ლარი). აღნიშნულის შემდეგ, 2021 წლის 15 და 16 დეკემბერს, რ. ლ–ი და გ. ა–ე, სხვისი კუთვნილი VISA პლასტიკური ბარათის უნებართვო გამოყენებით, თითქოსდა რეალური საპროექტო სამუშაოების ღირებულების ასანაზღაურებლად, სს ,,..... ბანკი .....“ პრეავტორიზაციის მქონე პოსტერმინალიდან, მოტყუებით დაეუფლნენ 239 450 ლარს. აღნიშნული ქმედების შედეგად, სს „.... ბანკ ......“ მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ü 2021 წლის დეკემბერში შპს „მელაძე 2021“(ს/კ ......)-ის დირექტორმა რ. ლ–მა და გ. ა–მ განიზრახეს ყალბი (ფიქციური) მომსახურების ხელშეკრულებების დამზადებით და გამოყენებით, სხვისი კუთვნილი VISA პლასტიკური ბარათის უნებართვო გააქტიურებით, მოტყუებით დაუფლებოდნენ სს „.... ბანკი ....“ კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხებს. ამ მიზნით, 2021 წლის 13 დეკემბერს, რ. ლ–სა და გ. ა–ს შორის გაფორმდა ყალბი (ფიქციური) მომსახურების ხელშეკრულება, არარსებულ 500 კვ2 მიწის ნაკვეთზე გაშენებულ, კერძო სახლის საპროექტო სამუშაოების შესახებ (ღირებულება 90 450 ლარი), ხოლო 2021 წლის 15 დეკემბერს – ისევ ყალბი (ფიქციური) მომსახურების ხელშეკრულება, არარსებულ 2300 კვ2 მიწის ნაკვეთზე გაშენებული ვილისა და დამხმარე სათავსოების საპროექტო სამუშაოების შესახებ (ღირებულება 149 000 ლარი). აღნიშნულის შემდეგ, თითქოსდა რეალური საპროექტო სამუშაოების ღირებულების ასანაზღაურებლად, 2021 წლის 15 დეკემბერს, სხვისი კუთვნილი VISA პლასტიკური ბარათის უნებართვო გამოყენებით, რ. ლ–ი და გ. ა–ს ,,..... ბანკი .......“ პრეავტორიზაციის მქონე პოს-ტერმინალიდან, შპს „.....-ის” მიმდინარე ანგარიშზე დარიცხვით, მოტყუებით დაეუფლნენ 90 450 ლარს, ხოლო 2021 წლის 16 დეკემბერს, იმავე სქემით, მოტყუებით, დაეუფლნენ 149 000 ლარს, რის შედეგადაც, სს ,,..... ბანკ .........“ მიადგა 239 450 ლარის ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
ü მსჯავრდებულმა რ. ლ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ჯ–მ სააპელაციო საჩივარით მოითხოვეს მსჯავრდებულ რ. ლ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
ü მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – თ. ა–მ და ზ. მ–მა მოითხოვეს მსჯავრდებულ გ. ა–ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აპელანტებმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ გ. ა–სის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრა, სახელდობრ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის №/1197-22 განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და მას, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს არასაპატიმრო სასჯელი – პირობითი მსჯავრი, ხოლო დამატებით სასჯელად – ჯარიმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. ა–სა და ზ. მ–ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ რ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენში, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. ა–ს მიმართ სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება, ხოლო აღნიშნული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის – მსჯავრდებულ რ. ლ–ს მიმართ, დარჩა უცვლელად.
გ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
გ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის N 1/1197-22 განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ გ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 (ათი ათასი) ლარი.
მსჯავრდებული გ. ა–ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მსჯავრდებულ გ. ა–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის მოხდის ვადაში (მისი აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში) ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 17 თებერვლიდან 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, ასევე – 2023 წლის 20 სექტემბრიდან 2024 წლის 23 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
მსჯავრდებულ გ. ა–ს ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში, დაევალა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გ. ა–ს დაევალა, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ რ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ–ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ რ. ლ–სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასთან.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ რ. ლ–ს სასჯელი განსაზღვრული აქვს მისი პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ზიანი სრულად ანაზღაურებულია) და დამამძიმებელი (არ გააჩნია) გარემოებების, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და ხასიათის (ჩაიდინა ორი დამოუკიდებელი განზრახ მძიმე დანაშაული), ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას. მსჯავრდებულს სწორედ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, შეეფარდა თითოეული ეპიზოდისათვის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელები და მის მიმართ ასევე გამოყენებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო დანაწესიც.
12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ რ. ლ–ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა ყველა რელევანტური გარემოება, დაცულია სისხლის სამართლის კანონით დადგენილი მოთხოვნები, ასევე – სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპები, რის გამოც არ არსებობს სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი.
13. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში გ. ა–ს მიმართ შეეტანა ცვლილება და მისთვის საბოლოო სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლი ითვალისწინებს განაჩენის აღსრულებას სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს, კერძოდ: თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი არსებობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისთვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ. მითითებული საპროცესო ნორმა გამოიყენება სწორედ ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი და შესაბამისად, საფუძველი, რომ საბოლოო სასჯელი დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
15. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გ. ა–ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის N 1/1197-22 განაჩენი (რომლითაც დამტკიცდა გ. ა–სა და პროკურორს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება) გ. ა–ს მიმართ და ასევე ინფორმაცია, იმის შესახებ, დასრულებული იყო თუ არა სამართალწარმოება აღნიშნული განაჩენით მსჯავრდების საქმეზე.
16. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, 2023 წლის 18 დეკემბრის სააპელაციო პალატის სხდომაზე, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა გ. ა–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის N 1/1197-22 განაჩენის საქმეზე დართვის შესახებ, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა და აღნიშნული განაჩენი საქმეს დაერთო ცნობის სახით.
17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „დაუსრულებელი სამართალწარმოებისას განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრა ერთმნიშვნელოვნად შესაძლებელია მხოლოდ ისეთ განაჩენთან ერთობლივად, რომელიც ერთდროულად არის კანონიერ ძალაში შესულიც და საბოლოოც (გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება), წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას გაუქმებული ან შეცვლილი სასჯელის მოხდის რეალური საფრთხე, რაც დაუშვებელი და გაუმართლებელია“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენი საქმეზე N 1014აპ-21). „მსჯავრდებულის მიერ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გაუქმებული ან შეცვლილი სასჯელის მოხდის თავიდან ასარიდებლად, .. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს განაჩენის აღსრულების წესს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021წლის 16 დეკემბრის განაჩენი საქმეზე N 1014აპ-21).
18. ამასთან, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნის მიზნებისათვის წინა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება მისი გასაჩივრების ყველა შესაძლებლობის ამოწურვას. როდესაც ბოლო განაჩენის გამოტანისას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი შესაძლოა ჯერ კიდევ შეიცვალოს, პირველი ინსტანციის სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის შესახებ, ხოლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრების ფარგლებში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას გააჩნია საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლები“. „კასატორის მიერ ბოლო განაჩენის გასაჩივრების უფლების გამოყენება არ წარმოადგენს ყველა კანონიერ ძალაში შესული განაჩენით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისა და აღსრულებისათვის გამოსადეგ საპროცესო მექანიზმს, ვინაიდან ამისათვის არსებობს საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული სპეციალური სამართლებრივი შესაძლებლობა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინება საქმეზე N635აპ-22,).
19. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე განაჩენების აღსრულების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლით დადგენილი პროცედურის მიხედვით.
20. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია მხოლოდ დაცვის მხარის (მსჯავრდებულ რ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ–ს) საკასაციო საჩივარი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს და გასაჩივრებულ განაჩენში საკუთარი ინიციატივით შეიტანოს მსჯავრდებულ გ. ა–ს საუარესო ცვლილება.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი