3კ-1068-02 25 დეკემბერი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 30 აპრილს ა. ბ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში ნ. მ.-ის წინააღმდეგ (მესამე პირი – ე. ბ.-ა) და მოითხოვა ნ. მ.-ის გამოსახლება თავის საკუთრებაში არსებული ბინიდან.
სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998წ. 5 ნოემბერს სანოტარო ხელშეკრულების საფუძველზე ე. ბ.-ასაგან 100000 აშშ დოლარად შეიძინა ოთხოთახიანი ბინა, მდებარე ... ქუჩის ქ.თბილისში. მათშორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბინაში ცხოვრობდა მ.-ეების ოჯახი. მოსარჩელის მოთხოვნაზე, გაენთავისუფლებინათ ბინა, მოპასუხეებმა უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ ბინაში შეასახლა ე. ბ.-ს მიერ, მათ შორის გაფორმებული სანოტარო ხელშეკრულების საფუძველზე.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობდა მის საკუთრებაში არსებულ ბინას და მოითხოვდა ნ. მ.-ისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება ქ. თბილისში ... მდებარე ბინიდან.
მოპასუხე ნ. მ.-მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი ბინის კეთილსინდისიერი მფლობელი იყო.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად: მოპასუხე ნ. მ.-ე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა მოსარჩელე ა. ბ.-ნის საკუთრებაში არსებულ, თბილისში ... მდებარე ბინიდან.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველად მიუთითა სკ-ს 172-ე მუხლი.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ნ. მ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლა შემდეგი საფუძვლით: 1998წ. 17 აგვისტოს სადავო ბინა პრივატიზებულ იქნა ე. ბ.-ს მიერ და მისი, როგორც ბინის მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე 1998წ. სექტემბრიდან ზემოაღნიშნულ ბინას ფლობს მანამ, სანამ ვიდრე ე. ბ.-ა ვალს, 5000 აშშ დოლარს არ დაუბრუნებს.
აპელანტმა ნ. მ.-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების სარჩელზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ იგი იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ მართალია მოპასუხე ნ. მ.-მ თავის დროზე ბინის ყოფილი მესაკუთრის, ე. ბ.-ს თანხმობით დაიკავა აღნიშნული ბინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მოპასუხე მართლზომიერ მფლობელად ყოფილიყო მიჩნეული, რადგან მისი მფლობელობა სამართლებრივ საფუძველზე არ იყო დაფუძნებული.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ნ. მ.-მ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინება მიიღო კანონის დარღვევით, არასწორად განმარტა სკ-ს 172-ე მუხლი, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. კერძოდ, 172-ე მუხლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, კასატორის მოსაზრებით კი მას, როგორც მფლობელს, გააჩნდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სკ-ს 159-ე მუხლი, რომლის თანახმად იგი არის კეთილსინდისიერი მფლობელი, ვინაიდან მართლზომიერად ფლობს ზემოხსენებულ ბინას. ასევე არ გამოიყენა ამავე კოდექსის 162-ე მუხლი, რომლის თანახმად დაუშვებელია, მართლზომიერ მფლობელ მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნებას.
კასატორი ახალი გადაწყვეტილებით მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმას, ვინაიდან მიაჩნია, რომ წარმოადგენს სადავო ბინის კეთილსინდისიერ მფლობელს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე საქმის მასალებთან ერთად გაეცნო საკასაციო საჩივარს, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სადავო ბინაში იგი ცხოვრობს ბინის ყოფილი მესაკუთრის, ე. ბ.-ს თანხმობით იმ დრომდე, სანამ იგი დაუბრუნებს ვალს 5000 აშშ დოლარს. ამასთან მან ბინის ფლობა ყოფილი მესაკუთრის თანხმობით დაიწყო, მის გასხვისებამდე.
დადგენილია, რომ 1998წ. 5 ნოემბერს მოსარჩელე ა. ბ.-მა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ე. ბ.-საგან შეიძინა ოთხოთახიანი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით აღრიცხულია ა. ბ.-ის სახელზე, ხოლო სადავო ბინაში ყოფილი მესაკუთრის, ე. ბ.-ს თანხმობით ცხოვრობს მოპასუხე ნ. მ.-ე თავის ოჯახის წევრებთან ერთად. ამასთან დადგენილია, რომ ნ. მ.-ის ოჯახს სადავო ბინის არც ყოფილი მესაკუთრესთან, ე. ბ.-სთან და არც ბინის შემდგომ მესაკუთრესთან რაიმე ხელშეკრულება ფართის ფლობის შესახებ არ გააჩნია.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ს 172-ე მუხლი, ვინაიდან მოპასუხე ნ. მ.-ე უკანონოდ ფლობდა აღნიშნულ ფართს და შესაბამისად, მოსარჩელეს ა. ბ.-ს, როგორც ბინის მესაკუთრეს კანონიერი უფლება გააჩნდა, მოეთხოვა უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სწორად გამოიყენა სკ-ს 172-ე მუხლი, რომლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ნ. მ.-ს არ გააჩნდა.
საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება, რომელიც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას სკ-ს 159-ე მუხლის გამოუყენებლობას, რომლის თანახმად კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს. როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, მოპასუხე ნ. მ.-ე არ წარმოადგენს ბინის მართლზომიერ მფლობელს, ამდენად იგი ვერ იქნებოდა მიჩნეული კეთილსინდისიერ მფლობელად. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში ასეთი სახის მოთხოვნა კასატორს არ წარმოუდგენია: პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აპრილის განჩინება უცვლელად დარჩეს.
ნ. მ.-ს დაევალოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 21 სექტემბრის განჩინებით გადადებული სახ. ბაჟის უზენაესი სასამართლოს ¹000141107 (კოდი-59) ანგარიშზე 21 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე 9 ლარის გადახდა.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.