საქმე N 010100122005791945
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№314აპ-24 ქ. თბილისი
მ–ე თ., 314აპ-24 25 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატორის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატორის პროკურორმა – ანა როყვამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას, თ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, როგორც კვალიფიკაციის შეცვლის, ასევე – სასჯელის განსაზღვრის ნაწილში, უკანონო და დაუსაბუთებელია. კასატორის მტკიცებით, მოწმეების სახით დაკითხულმა პოლიციელებმა: პ. წ–მ, ა. ვ–მ, ი. გ–მ, ბ. ნ–მ, მ. ბ–მ და ო. ბ–მ დაადასტურეს, რომ შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ადგილზე დახვდათ ძალადობრივად მოქმედი ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც რესტორნის სტუმრებს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც, აგრესიულობით გამორჩეული პირები დააკავეს. მათ შორის იყო თ. მ–ც. რესტორნის მენეჯერის – ლ. დ–სა და დაცვის პოლიციის თანამშრომლების – გ. ფ–სა და ნ. დ–ს მონათხრობის მიხედვით, ახალგაზრდების ჯგუფი ეჩხუბებოდა რესტორნის სტუმრებს, მათი მიმართულებით ისროდნენ ჭიქებს, დალეწეს ჭურჭელი და დააზიანეს დაწესებულების ინვენტარი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ რესტორნის მიმდებარე ბილიკიდან ამოღებულია ჭიქა, ხოლო მეორე სართულზე არსებული კარაოკე-ბარიდან (სადაც ორი მაგიდა იყო არეული, ეყარა ჭიქები და ბოთლები) – ჭიქის ნამსხვრევები. დაზარალებულებმა – ა. გ–მ, რ. მ–მ, ჭ. მ–მ და ჯ. ბ–მ დაადასტურეს, რომ რესტორანში მყოფმა მთვრალმა არასრულწლოვნებმა, დაპირისპირების დროს მიაყენეს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები, თუმცა კონკრეტულად ვინ ან რას ურტყამდათ – არ დაუნახავთ. სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით დადგენილია, რომ ა. გ–ს შუბლის არეში აღენიშნებოდა არასწორკიდეებიანი ჭრილობა და ნაკაწრები, რ. მ–ს მარცხენა თხემ-საფეთქლის არეში – არასწორკიდეებიანი ჭრილობა, ხოლო ჭ. მ–სა და ლ. გ–ს – სისხლნაჟღენთები. სასამართლოს წარედგინა შ. ა–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც იგი მსჯავრდებულია თ. მ–სა და, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისათვის, ხოლო ,,წინასწარი შეკავშირებაში“ არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა, მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემდგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამავდროულად, კასატორის მოსაზრებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია, პირის რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, ხოლო სასამართლოს მიერ თ. მ–სათვის განსაზღვრული მსუბუქი სასჯელი, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, არამედ პირიქით – შესაძლოა წაახალისოს ახალი დანაშაული.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. მ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2022 წლის 28 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ....ების ქუჩის №..-ის მოპირდაპირედ მდებარე რესტორან ,,ჯ–ში’’, ამავე რესტორნის მაგიდებზე დალაგებული ჭიქების გამოყენებით, თ. მ–მ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, გ. მ–სთან, გ. –სთან, ნ. ქ–სთან, შ. ა–თან, თ. ც–სთან, ჯ. ო–თან და ა. ს–სთან ერთად, ხულიგნური მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რ. მ–ს, ა. გ–სს, ჯ. ბ–ს, ჭ. მ–ს და ლ. გ–ს. თავდამსხმელები დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, ძალადობით გამოხატავდნენ რესტორანში მყოფი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, რითაც მყუდროება დაერღვა იქ მყოფ საზოგადოებას და შეჩერდა რესტორნის მუშაობა.
3. თ. მ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენით თ. მ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისათვის იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 8 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, თ. მ–ს განესაზღვრა – 8 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ~ლარი.
5. სასამართლომ დაადგინა, რომ თ. მ–სემ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგით:
5.1. 2022 წლის 28 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ........ების ქუჩის №..-ის მოპირდაპირედ მდებარე რესტორან ,,ჯ–ში’’, თ. მ–ე, ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად, ხულიგნური მოტივით, დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, ძალადობით და ძალადობის მუქარით გამოხატავდა რესტორანში მყოფი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, რითაც მყუდროება დაერღვა იქ მყოფ საზოგადოებას და შეჩერდა რესტორნის მუშაობა.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, ბათუმის რაიონული პროკურატორის პროკურორმა – ანა როყვამ, რომელიც ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას, თ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ თ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ.ზ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – ბრალდების მხარის –მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, იმ მოტივებზე მითითებით, რომ თ. მ–სათვის წარდგენილი კვალიფიკაციის შეცვლას არ აქვს კანონიერი გამართლება, ხოლო სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაადასტურა თ. მ–ს მიერ ბრალადშერაცხილი დანაშაულის – ხულიგნობის –მაკვალიფიცირებელ გარეოებებში – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით – ჩადენა, რისი გათვალისწინებითაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება მართებულად გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი კანონიერად და სამართლიანად არის მსჯავრდებული.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით სარწმუნოდ დგინდება, რომ ახალგაზრდებმა, რომელთა შორის იყო თ. მ–ც, საზოგადოებრივი წესრიგის ძალადობრივად დარღვევის დროს, დალეწეს დაწესებულების ჭურჭელი, ისროდნენ მსხვრევადი საგნებს, სავარაუდოდ, ჭიქებს, ასევე – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულია, რომ შემთხვევის შედეგად, დაზარალებულ ა. გ–ს შუბლის არეში, ხოლო რ. მ–ს – მარცხენა თხემ-საფეთქლის არეში აღენიშნებოდათ არასწორკიდეებიანი ჭრილობები, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი არცერთი სამხილი არ მიუთითებს, რომ თ. მ–მ დანაშაული რაიმე საგნის, კერძოდ, როგორც ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული, ჭიქების გამოყენებით ჩაიდინა, რისი გათვალისწინებითაც, ამ მაკვალიფიციებელი გარემოების მსჯავრდებულისათვის შერაცხვა ეწინააღმდეგება ბრალის ინდივიდუალიზაციის პრინციპს.
13. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დანაშაულის ჩადენასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის გამოიხატოს როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც – ჟესტებსა და მიმიკებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განაჩენი №114აპ-17 საქმეზე), რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს, რომლებმაც დაადგინეს, რომ თ. მ–მ ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად, ძალადობრივად დაარღვია საზოგადოებრივ წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, მაგრამ ვერც კასატორი უთითებს და არც საქმის მასალებით დასტურდება, ხულიგნობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე, თ. მ–სა და ჯგუფის სხვა წევრებს შორის რაიმე სახის კოორდინირებული მოქმედება (მათ შორის არავერბალური კომუნიკაციის გზით) დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, შესაბამისად, ვინაიდან ხულიგნობის მაკვალიფიცირებელი ნიშანია არა უბრალოდ ჯგუფის, არამედ – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა, თ. მ–ს ვერც ამ დამამძიმებელ გარემოებაში ქმედების ჩადენა შეერაცხება მსჯავრად.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
16. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თ. მ–ს ჩადენილი დანაშაულის – ხულიგნობის – სანქციით გათვალისწინებული სასჯელი განუსაზღვრა, რომლის გამკაცრება, სასჯელის მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის – მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატორის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე