საქმე N 020100121005294871
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №345აპ-24 ქ. თბილისი
მ–ა ი., 345აპ-24 4 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ი. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და უსამართლოა, ვინაიდან ბრალდების მხარემ წარმოადგინა ურთიერთთავსებადი, სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი. მ–ს ბრალეულობა; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნითა და დასკვნის გამცემი ექსპერტის – ზ. გ–ს ჩვენებით დგინდება, რომ ი. მ–ას ქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1 მუხლის მოთხოვნებს, რომლის დაცვის შემთხვევაშიც მას ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება; სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები, ვინაიდან როგორც ისინი განმარტავენ, მათ გამოიანგარიშეს ფხიზელი ადამიანის მოძრაობის დინამიკა, რაც განსხვავდება მძიმე ხარისხის თრობის ქვეშ მყოფი ადამიანის მოძრაობის დინამიკისაგან. ამასთან, ი. მ–ა და მისი მგზავრი გამოკითხვის ოქმებში არ უთითებდნენ, რომ შეჯახებამდე მძღოლმა მუხრუჭი გამოიყენა გზაზე არსებული სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის გამო.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. მ–ს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 11:45 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის ლ–ს თემში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სამსახურებრივი ,,KIA-ს” მარკის სატვირთო ბორტიანი ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით ......, მოძრაობდა ი. მ–ა, რა დროსაც მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ „მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცული იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება“ და შეეჯახა ქვეითად მოძრავ ე. ა–ს. ე. ა–ა გადაიყვანეს სს „ე–ს კლინიკის“ ზ–ს რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მიღებული დაზიანებების შედეგად, იმავე დღეს გარდაიცვალა.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენით ი. მ–ა, – დაბადებული .... წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ი. მ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება, უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან. ასევე, უნდა გაუქმდეს ი. მ–ს მიმართ გამოყენებული პასპორტის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და მართვის მოწმობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოძიების ორგანოში ჩაბარებისა და კვირაში ერთხელ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადების ვალდებულება.
გამართლებულ ი. მ–ს, განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ი. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მისი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.
9. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ ი. მ–ა სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობისას, სოფელ ლიის ტერიტორიაზე დაეჯახა ქვეითს – ე. ა–ს, რის შედეგადაც, იგი იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს დაარღვია თუ არა ი. მ–ამ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33.1 მუხლის მოთხოვნები, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
10. პროკურორი ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნასა და ამ დასკვნის გამცემი ექსპერტის ზ. გ–ს ჩვენებაზე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი. მ–ას ქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1 მუხლის მოთხოვნებს, რომლის დაცვის შემთხვევაშიც მას ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. დასკვნის გამცემი ექსპერტის ზ. გ–ს ჩვენებით, ვინაიდან მძღოლი ი. მ–ა მოძრაობდა 70-80 კმ/სთ-ით და აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო 40 კმ/სთ-ით მოძრაობის შეზღუდვა, მძღოლს საავტომობილო გზაზე შეხვდა ორი წინაღობა და 40 კმ.სთ-ით მოძრავი ავტომობილი გაჩერდებოდა კვალის მეცხრე მეტრზე და 16.5 მეტრს დამატებით ვეღარ გაივლიდა. მისივე განმარტებით, მძღოლმა ე.წ. მწოლიარე პოლიციელის შემდეგ დამუხრუჭება იმიტომ არ განაგრძო, რომ სავარაუდოდ, მექანიკურად აეშვა ფეხი მუხრუჭიდან.
11. თავის მხრივ, დაცვის მხარემ წარმოადგინა, დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის ორი დასკვნა, კერძოდ:
12. შპს ,,ტრანსპორტისა და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის” 2022 წლის 28 იანვრის N......... ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ,,KIA-ს" მარკის, სახელმწიფო ნომრით ....... ავტომანქანის მძღოლს ი. მ–ას ტექნიკური თვალსაზრისით (გამოთვლილი შედეგების მიხედვით), არ შეეძლო საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, მის მოქმედებაში საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება;
13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 25 იანვრის N....... დასკვნა, რომლის შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ პირობებში შემთხვევაში მონაწილე ,,KIA-ს" მარკის, სახელმწიფო ნომრით ......... ავტომანქანის მძღოლი ი. მ–ა ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ აღინიშნება.
14. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტის რ. ვ–ს განმარტებით, მან შესაბამისი გამოთვლებით დაადგინა, რომ თავდაპირველად ი. მ–ა მოძრაობდა 75 კმ/სთ სიჩქარით, მაგრამ ბარიერის – ე.წ ,,მწოლიარე პოლიციელის” გადალახვისას მან დაამუხრუჭა და შეანელა სიჩქარე 58,4 კმ/სთ-მდე. თუკი, მძღოლი დაამუხრუჭებდა ქვეითზე შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, მუხრუჭს წყვეტა არ ექნებოდა და ბარიერზე გადასვლის შემდეგ კვლავ გააგრძელებდა მუხრუჭის გამოყენებას. ვინაიდან, მძღოლმა ბარიერის გადალახვის შემდეგ მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო, მის სამოძრაო ზოლში ქვეითი არ შესულა და, შესაბამისად, მძღოლისთვის საფრთხე არ არსებობდა. დაახლოებით 16,5 მ მანძილში, როდესაც ქვეითმა გზაზე გადმოირბინა, მძღოლს აღარ შეეძლო შეჯახების თავიდან აცილება. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა დავით გველესიანმაც. მან განმარტა, რომ ე.წ. ,,მწოლიარე პოლიციელის’’ ბარიერის გადალახვის შემდეგ მძღოლს მუხრუჭი არ გამოუყენებია, ვინაიდან მისთვის ქვეითი საფრთხეს არ წარმოადგენდა. ქვეითი გაჩერებული იყო და ახლოს რომ მოვიდა მხოლოდ მაშინ დაიწყო გადმორბენა, შესაბამისად, ი. მ–ა ტექნიკური თვალსაზრისით ვერ შეძლებდა ავტო-საგზაო შემთხვევის თავიდან აცილებას.
15. დაცვის მხარის ექსპერტთა განმარტებები და მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნები, სრულად თანხვდენილია ი. მ–ასა და ასევე – მოწმე მ. ქ–ს ჩვენებებთან. აღსანიშნავია, რომ მოწმე მიხეილ ქარჩავა შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირია, იგი ი. მ–ასთან ერთად მგზავრობდა ,,KIA-ს” მარკის სატვირთო ავტომანქანით, მძღოლის (ი. მ–ას) გვერდით სავარძელზე იჯდა. მისი ჩვენებებით დგინდება, რომ როდესაც ქვეითად მოსიარულემ დააპირა სავალ გზაზე გადასვლა, ი. მ–ამ მას დაუსიგნალა, რის შემდეგაც, ქვეითი გაჩერდა, ხოლო როცა მიუახლოვდნენ მას, ქვეითმა ზუსტად მაშინ გადაირბინა გზაზე, რის გამოც ი. მ–ამ ვეღარ შეძლო შეჯახების თავიდან აცილება. ი. მ–ამ კი უჩვენა, რომ სოფელ ლ–ს ტერიტორიაზე შენიშნა ბარიერი, ე.წ „მწოლიარე პოლიციელი“. ბარიერთან მისვლამდე მკვეთრად შეანელა მოძრაობა, დაამუხრუჭა და მოძრაობდა 30 კმ/სთ-ით. ამ დროს ქვეითი სამოძრაო ზოლში არ იმყოფებოდა. ბარიერის გადავლის მერე, დაახლოებით 15 მეტრში დაინახა მამაკაცი, რომელიც ცდილობდა საავტომობილო გზაზე გადასვლას, რის გამოც, მის გასაფრთხილებლად გამოიყენა ხმოვანი სიგნალი. ქვეითი გაჩერდა გზის მარცხენა მხარეს, ხოლო მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ ქვეითი არ აპირებდა გზის გადაკვეთას, გააგრძელა მოძრაობა. შემდეგ, როდესაც მიუახლოვდა ქვეითს, მან ამ დროს დაიწყო გზაზე სწრაფად გადარბენა. მათ შორის მანძილი იყო ძალიან მცირე, რის გამოც ვერ მოასწრო დამუხრუჭება და შეეჯახა ქვეითს. გამართლებულ ი. მ–ასა და მოწმე მ. ქ–ს ჩვენებები ასევე სრულად შეესაბამება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და ავტოსაგზაო შემთხვევის სქემას.
16. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ გარდაცვლილ ე. ა–ს სისხლის ნიმუშში აღმოჩნდა 2,93% ეთილის სპირტი, რაც შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მძიმე ხარისხს.
17. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებები არის დამაჯერებელი, თანმიმდევრული და ერთმანეთთან სრულად თანხვდენილი, ხოლო ბრალდების მხარემ ვერ შეძლო ი. მ–ას ბრალდების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურება, რადგან მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო სტანდარტს. ამდენად, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
19. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ვინაიდან ი. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილი ბრალდება არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი