3კ-1071-02 2 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 25 ივნისს ლ. ნ.-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს ე. ნ.-ისა და ნ. ტ.-ის წინააღმდეგ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ე. ხ.-ამ ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრებაში გადასცა საცხოვრებელი ბინა და დამხმარე სათავსო. აღნიშნული ბინის მესაკუთრე ე. ხ.-ა ცხოვრობდა ერევანში, მაგრამ ხშირად ჩამოდიოდა თბილისში და ნახულობდა თავის ბინას. გარკვეული დროის შემდეგ მის საკუთრებაში არსებულ ერთ ოთახში თვითნებურად შეიჭრნენ მეზობლად მცხოვრები ე. ნ.-ე და ნ. ტ.-ი. მათი ბინიდან გამოყვანა ე.ხ.-ამ ვერ მოახერხა. ამჟამად იგი სადავო ბინის მესაკუთრეა, მაგრამ იმის გამო, რომ მოპასუხეებს დაკავებული აქვთ აღნიშნული ფართი, მოსპობილი აქვს ბინის განკარგვის უფლება. აქედან გამომდინარე ლ. ნ.-ემ მოთხოვა მოპასუხეების მიერ დაკავებული ფართის გამოთავისუფლება.
მოპასუხეებმა შეპასუხება არ წარმოადგინეს, მაგრამ სასამართლო პროცესზე სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულება სათანადო წესით არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში მოსარჩელე არ შეიძლება მიჩნეული იქნეს სადავო ბინის მესაკუთრედ. ამასთან ჩუქების ხელშეკრულებით სადავო სახლში განსაზღვრულია მხოლოდ ბინის იდეალური წილი, ანუ თბილისში ... მდებარე ლიტერ “ა” სახლის 9/14 წილი და მოსარჩელეს სანამ არ დაუდგენია რეალური წილი, ამ ბინიდან გამოსახლების მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ლ. ნ.-ემ 2001წ. 23 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულებით ე.ხ.-ასაგან საჩუქრად მიიღო ქ.თბილისში ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 9/14 ნაწილი და ამ ნივთზე უფლებამოსილ პირად ჩაითვლება ლ. ნ.-ე. მართალია, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია საჯარო რეესტრში შემძენის რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი, მაგრამ ეს არ წარმოადგენდა სარჩელზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან მოსარჩელის უფლება სადავო ნივთზე დადასტურებული იყო ნაჩუქრობის ხელშეკრულებით, ამასთან მოპასუხეებიც აღიარებდნენ, რომ სადავო ფართი არ წარმოადგენდა მათ საკუთრებას და ისინი ამ ოთახში შესახლებულნი იყვნენ უნებართვოდ.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ს 131-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო მოპასუხის აღიარებას სადავო ნივთზე მისი არაკანონიერი მფლობელობის შესახებ საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევა და სარჩელში მითითებულ გარემოებას დადასტურებულად თვლიდა.
ე.ნ.-ემ და ნ.ტ.-მა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 აპრილის განჩინებით უცვლელად დარჩა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ბინა საჯარო რეესტრში 2002წ. 26 მარტიდან ირიცხება ლ.ნ.-ის სახელზე, ხოლო ე.ნ.-ემ და ნ.ტ.-მა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მათ აქვთ სადავო ფართის ფლობის უფდება.
2002წ. 15 ივლისს ე.ნ.-ემ და ნ.ტ.-მა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ სადავო ფართი არ წარმოადგენდა ე.ხ.-ასა და ლ.ნ.-ეს შორს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საგანს.
კასატორმა ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა 173-ე მუხლი.
კასატორის მოსაზრებით სკ-ს 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკუთრების დაცვა სასამართლოს უნდა მოეხდინა ყველა მესაკუთრის ინტერესების სასარგებლოდ და უფლება არ ჰქონდა ნ.-ის სასარგებლოდ გადაეწყვიტა დავა, ვინაიდან იგი მოითხოვდა საკუთრებით დაცვას მხოლოდ თავის სასარგებლოდ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ჩუქების ხელშეკრულებით ე.ხ.-ამ ლ.ნ.-ეს აჩუქა მის საკუთრებაში არსებული ბინის 9/14 წილი. ამჟამად აღნიშნული ბინა ირიცხება ლ.ნ.-ის სახელზე და ლ.ნ.-ე წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრეს.
სკ-ს 170-ე მუხლის I-ლი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონების სარგებლობა, განკარგოს იგი თუკი ამით არ ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ყველა მესამე პირი, მათ შორის მეზობელი, ვალდებულია, თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან. მოცემულ შემთხვევაში კი საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დარღვეულია მესაკუთრის უფლება, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული ერთი ოთახის სარგებლობის, ფლობის და განკარგვის უფლებამოსილება შეზღუდულია.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სკ-ს 173-ე მუხლის I-ლი ნაწილის შესაბამისად არ გაითვალისწინა ყველა მესაკუთრის ინტერესები.
საერთო საკუთრებაში სკ-ს 173-ე მუხლი არეგულირებს თითოეული თანამესაკუთრის უფლებებსა და მოვალეობებს. მოცემულ შემთხვევაში ლ.ნ.-ე არის მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრე და მოცემულ შემთხვევაში საერთო საკუთრებას ან თანამესაკუთრეობას ადგილი არა აქვს.
სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. როგორც დადგენილია, ამგვარი ფლობის უფლება კასატორებს არ გააჩნიათ და ამდენად, ლ.ნ.-ეს, როგორც მესაკუთრეს, უფლება ჰქონდა, მოეთხოვა სადავო ფართის დაბრუნება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მიღებულია სწორი გადაწვეტილება და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ნ.-ისა და ნ. ტ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.