საქმე # 330100123007471805
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №535აპ-24 ქ. თბილისი
მ-ი ნ., 535აპ-24 19 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ–სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ცალუღელაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ჩ–მ და საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა.
ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ვინაიდან იგი უკანონოა და არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მართალია, მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაულის ფაქტი, მაგრამ თავი უდანაშაულოდ მიიჩნია ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში.
ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ნ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც (2023 წლის 5 აპრილის ეპიზოდი), შემდეგი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი გამამართლებელ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სავსებით საკმარისი იყო მსჯავრდებულ ნ. მ–ს გამამართლებელ ეპიზოდში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობისათვის; სასამართლომ ბრალდების ამ ეპიზოდში არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. მ–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება (სამი ეპიზოდი).
ნ. მ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2023 წლის 5 აპრილს, ქ. თ–ში, გ–ს ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ. მ–მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0.0078 გრამი ,,ბუპრენორფინის” შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ე. მ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
ü 2023 წლის 8 აპრილს, ქ. თ–ში, ..–ს ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ. მ–მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0.00241 გრამი ,,ბუპრენორფინის” შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ე. მ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
ü 2023 წლის 10 აპრილს, ქ. თ–ში, ..–ს ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ. მ–სმა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0.0042 გრამი ,,ბუპრენორფინის” შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ე. მ–ეზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ნ. მ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და ნ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით.
ნ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 16 მაისიდან.
ნ. მ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო – 20 (ოცი) წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, რის შესახებაც უნდა ეცნობოთ შესაბამის ორგანოებს.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ჩ–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ნ. მ–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის 5 აპრილის ეპიზოდი).
ნ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ნ. მ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნ. მ–ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 20 (ოცი) წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
გაუქმდა ნ. მ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
ნ. მ–ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 16 მაისიდან.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. მხარეები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვისა და ბრალდების მხარეების საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ნ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) გამართლების შესახებ. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმე ე. მ–ს ჩვენება, ფულადი თანხის გადაცემის და დათვალიერების შესახებ 2023 წლის 8 აპრილის ოქმი, 2023 წლის 8 აპრილის ამოღების ოქმი, ფულადი თანხის გადაცემის და დათვალიერების შესახებ 2023 წლის 10 აპრილის ოქმი, 2023 წლის 10 აპრილის ამოღების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის 2023 წლის 11 და 12 აპრილის დასკვნები, 2023 წლის 8 აპრილს, 15:51:57 საათიდან 15:59:20 საათამდე, ქ. თ–ში, გულუას ქუჩა N..-ში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საშუალებით, ე. მ–ს მიერ თანხის ჩარიცხვის და 17:28:59 საათიდან 17:32:25 საათამდე ქ. თ–ში, გ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. მ–ს და ნ. მ–ს შეხვედრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი და მისი გაშიფრული ტექსტები (კრებსები), 2023 წლის 10 აპრილს, 14:46:40 საათიდან 14:48:08 საათამდე ქ. თ–ში, გ–ას ქუჩა N..-ში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საშუალებით, ე. მ–ს მიერ თანხის ჩარიცხვის და 19:05:50 საათიდან 19:07:30 საათამდე ქ. თ–ში, ....ის გამზირზე N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. მ–სა და ნ. მ–ს შეხვედრის ამსახველი ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი და მისი გაშიფრული ტექსტები (კრებსები), საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2023 წლის 23 მაისის ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ დ. გ–ს ჩვენება და ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, – სრულიად საკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ნ. მ–ს დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში, განსხვავებით, ბრალდების 2023 წლის 5 აპრილის ეპიზოდისა, რა ნაწილშიც წარმოდგენილია მხოლოდ მოწმე ე. მ–ეის ჩვენება, რაც გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები გამამტყუნებელ ნაწილში ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების ორივე ეპიზოდში (8 და 10 აპრილის ეპიზოდები) მოწმეების – ე. მ–სა და გ. თ–ს – ჩვენებებით და მოწმე ლ. ჭ–ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალებები ე. მ–ს გადასცა მსჯავრდებულმა ნ. მ–მა, რაც ასევე დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებითაც. აუდიო-ვიდეო ჩანაწერების შინაარსი სრულად თანხვდენილია მოწმეთა ჩვენებებთან, ხოლო ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით კი ირკვევა, რომ ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად, გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ამდენად, რაიმე გარემოება, რაც ბრალდების მხარის მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, მათ შორის, მოწმე ე. მ–ს ჩვენებასთან მიმართებით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, არ იკვეთება.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა მტკიცებულებები და დაასაბუთა გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც მიიჩნია, რომ ნ. მ–ს მიმართ ბრალდების – 8 და 10 აპრილის ეპიზოდებში, საქმეში არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო საკმარის, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, განსხვავებით, ბრალდების 2023 წლის 5 აპრილის ეპიზოდისა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ–სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ცალუღელაშვილის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი