საქმე N 160100122005643171
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №398აპ-24 ქ. თბილისი
ნ–ი ჯ., 398აპ-24 1 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულების: ჯ. ნ–სა და რ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ–სა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების: ჯ. ნ–სა და რ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. გ–მ და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ.
ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულების: ჯ. ნ–სა და რ. ჩ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: საქმეზე არ არის წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდებოდა ჯ. ნ–სა და რ. ჩ–ს ბრალეულობა; განაჩენი ემყარება მხოლოდ მოწმე ს. მ–ს ჩვენებას, რომელიც გარდა იმისა, რომ არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ასევე – არასანდოა, ვინაიდან იგი ნარკოტიკული ნივთიერების ხშირი მომხმარებელია, ასევე არაერთხელაა ნასამართლევი ნარკოტიკული დანაშაულისათვის; ფარულ ვიდეოჩანაწერებში, მართალია, ჩანან გარკვეული პირები, მაგრამ უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების გაყიდვა და ყიდვა არ ჩანს, ვინაიდან ასეთ ქმედებას ადგილი საერთოდ არც ჰქონია; ვიდეოკადრში ჩანს გაურკვეველი საგანი, მაგრამ ეს რომ ნამდვილად ბრალდებულების მიერ ს. მ–სათვის გადაცემული ნარკოტიკული საშუალებაა, ჩანაწერებით არ დგინდება; ამასთან, ვიდეოჩანაწერზე არ ჩატარებულა ვიდეოტექნიკური ექსპერტიზა; ს. მ–მა ბრალდებულებს თანხები გადასცა არა იმ მიზნით, რის შესახებაც ბრალდება აპელირებს, არამედ – რ. ჩ–ს შემთხვევაში – თანხის სესხების მიზნით, ხოლო ჯ. ნ–ს შემთხვევაში – ტაქსით მომსახურებისათვის.
ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გამამართლებელი ნაწილის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, მსჯავრდებულების მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი მოტივებით: პროკურორს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ჯ. ნ–სა და რ. ჩ–ს გამამართლებელ ნაწილშიც აკმაყოფილებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, კერძოდ, საქმეში მოთავსებულია: მოწმე პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ჯ. ნ–ს და რ. ჩ–ს პირად ჩხრეკაში, პირადი ჩხრეკის ოქმები, ამოღებული ნივთმტკიცებები და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ჯ. ნ–სგან და რ. ჩ–სგან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
2.1. ჯ. ნ–მს ბრალად ედება: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ორი ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
ჯ. ნ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü ჯ. ნ–მა გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, საერთო წონით, 0,096 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, რაც 2021 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 13:10 საათზე, ქ. მ–ში, რ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე – 115 ლარად გაასაღა მოქალაქე ს. მ–ზე.
ü ჯ. ნ–მმა გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა საერთო წონით, 0,0536 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, რაც 2021 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 13:55 საათზე, ქ. მ–ში, რ–ს ქუჩაზე, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე – 115 ლარად გაასაღა მოქალაქე ს. მ–სზე.
ü ჯ. ნ–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა საერთო წონით, 1,0848 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, რომელიც მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს 2022 წლის 15 მარტს, დაახლოებით 19:05 საათზე, ქ. მ–ში, ჟორდანიას ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ. ნ–ს პირადი ჩხრეკის შედეგად.
2.2. რ. ჩ–ს ბრალად ედება: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ასევე – ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ორი ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
რ. ჩ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü რ. ჩ–მ გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, საერთო წონით, 0,0544 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, რომელიც 2022 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 11:55 საათზე, ქ. მ–ში ჟ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე – 115 ლარად გაასაღა ს. მ–სზე.
ü რ. ჩ–მ შეიძინა და ინახავდა საერთო წესით 0,0623 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, რომელიც 2022 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ. მ–ში, ჟ–ს ქუჩის N..-ში – 115 ლარად გაასაღა მოქალაქე ს. მ–სზე.
ü რ. ჩ–მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა საერთო წონით 0,929 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, რომელიც მ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს 2022 წლის 15 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. მ–ში, .... ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული რ. ჩ–ს პირადი ჩხრეკის შედეგად.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 დეკემბრის განაჩენით:
3.1. ჯ. ნ–ს, – დაბადებული 1... წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
ჯ. ნ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-4 ნაწილით (2021 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით;
ჯ. ნ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-4 ნაწილით (2021 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. ნ–ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით;
ჯ. ნ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება. მასვე, ამავე კანონის შესაბამისად, 15 წლით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
გაუქმდა ჯ. ნ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – და მას სასჯელი აეთვალა მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 15 მარტიდან;
3.2. რ. ჩ–ს, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
რ. ჩ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-4 ნაწილით (2022 წლის 5 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით;
რ. ჩ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-4 ნაწილით (2022 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ჩ–ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით;
რ. ჩ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება. მასვე, ამავე კანონის შესაბამისად, 15 წლით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
გაუქმდა რ. ჩ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და მას სასჯელის მოხდა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 15 მარტიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გასაჩივრებული განაჩენის გამამართლებელი ნაწილის გაუქმება და, მის ნაცვლად, მსჯავრდებულების მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გამამართლებელი ნაწილის გაუქმება და, მის ნაცვლად, მსჯავრდებულების მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვისა და ბრალდების მხარეების საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულების – ჯ. ნ–სა და რ. ჩ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-4 ნაწილით (დანაშაულის ორ-ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმე ს. მ–ს ჩვენებით (რომელმაც პირადად ბრალდებულებისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები); მოწმე პოლიციელების – ე. ბ–ს, ქ. ჰ–ს (რომლებმაც დაადასტურეს მოცემულ საქმეზე მათი მონაწილეობითა და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების სისწორე), ნეიტრალური მოწმეების, თარჯიმნების – ვ. პ–სა და ნ. გ–ს (მონაწილეობდნენ ბრალდებულების მიმართ ჩატარებულ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში) ჩვენებებით; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით (რომლებშიც ასახულია: 2021 წლის 25 და 26 დეკემბერს ს. მ–სა და ჯ. ნ–ს შეხვედრები და საუბრები, ჯ. ნ–ს მიერ ს. მ–სთვის გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი; 2022 წლის 5 და 8 იანვარს ს. მ–სა და რ. ჩ–ს შეხვედრები და საუბრები, რ. ჩ–ს მიერ ს. მ–სთვის გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი); 2021 წლის 25 დეკემბრის და 2021 წლის 26 დეკემბრის (ჯ. ნ–ს ეპიზოდები) ამოღების ოქმებით (რომელთა თანახმადაც, 2021 წლის 25 დეკემბერსა და იმავე წლის 26 დეკემბერს შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა ე. ბ–მ, თარჯიმნების მონაწილეობით, ს. მ–საგან ამოიღო თითო-თითო წონაკად დაფასოებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ს. მ–მა შეიძინა ჯ. ნ–სგან. ამოღებული ნივთიერებები დაილუქა კანონით დადგენილი წესით); 2022 წლის 5 იანვრისა და იმავე წლის 8 იანვრის (რ. ჩ–ს ეპიზოდები) ამოღების ოქმებით (რომელთა თანახმად, 2022 წლის 5 და 8 იანვარს ინსპექტორ გამომძიებელმა ე. ბ–მ, თარჯიმნების მონაწილეობით, ს. მ–საგან ამოიღო თითო-თითო წონაკად დაფასოებული, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ს. მ–მა შეიძინა რ. ჩ–საგან. ამოღებული ნივთიერებები დაილუქა კანონით დადგენილი წესით); ქიმიური ექსპერტიზის N....... და N........ დასკვნებით და ექსპერტების: ნ. ო–სა და მ. დ–ს ჩვენებებით (რომელთა მიხედვით ს. მ–სგან 2021 წლის 25 დეკემბერს ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს”, წონით – 0,096 გრამს, ხოლო იმავე წლის 26 დეკემბერს ამოღებული ნივთიერება – ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს” წონით 0,0536 გრამს); ქიმიური ექსპერტიზის N...... და N...... დასკვნებით და ექსპერტ ლ. მ–ს ჩვენებით (რომელთა მიხედვით ს. მ–სგან 2022 წლის 5 იანვარს ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს”, წონით – 0,0544 გრამს, ხოლო იმავე წლის 8 იანვარს ამოღებული – ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს”, წონით – 0,0623 გრამს); საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის N........ დასკვნითა და აღნიშნული დასკვნის გამცემი ექსპერტის ე. ყ–ს ჩვენებით (რომლის მიხედვით, ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათებსა და ერთიან მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ 04.05.1957 წელს დაბადებულ ჯ. ნ–ს ფოტოსურათებზე, დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება); საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის N...... დასკვნითა და აღნიშნული დასკვნის გამცემი ექსპერტის ნ. ბ–ს ჩვენებით (რომლის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე და ერთიან მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ ...... წელს დაბადებულ რ. ჩ–ს ფოტოსურათებზე, დაფიქსირებულია ერთი და იმავე პიროვნების იერსახის გამოსახულება); წარმოდგენილი ნივთმტკიცებებით – ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერებითა და მისი დათვალიერების ოქმებით (რომლებშიც ჩანს, თუ როგორ გაასაღეს, გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ, რ. ჩ–მ და ჯ. ნ–მა ს. მ–ზე ნარკოტიკული ნივთიერებები), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ჯ. ნ–სა და რ. ჩ–ს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულების ჩადენა. რაც შეეხება ჯ. ნ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო – რ. ჩ–ს მიმართ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებს, ბრალდების მოცემულ ეპიზოდებში, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
10. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, გამამტყუნებელ ნაწილში, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, მათ შორის, მოწმე ს. მ–ს ჩვენებასთან მიმართებით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, არ იკვეთება. მისი ჩვენება თანმიმდევრული და კონკრეტულია, ამასთან, სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს: ფარულ ვიდეო-აუდიოჩანაწერებს, მოწმეთა ჩვენებებს, წერილობით მტკიცებულებებს (საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებს). ამდენად, ს. მ–ს ჩვენება სრულად აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
11. გარდა ამისა, საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გარეშე, ხოლო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ოქმების სისწორე დადასტურებულია მათი ჩამტარებელი გამომძიებლებისა და მათში მონაწილე სხვა პირების ხელმოწერებითა და ჩვენებებით; ზემოაღნიშნული მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შეიცავს ფაქტების დასადგენად საკმარის, რელევანტურ და სარწმუნო ინფორმაციას, ამასთან, მათი გამოკვლევისას არ გამოვლენილა გარემოება მათ სანდოობასა და უტყუარობასთან დაკავშირებით.
12. მოცემულ შემთხვევაში დაცვისა და ბრალდების მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სათანადოდ შეაფასეს თითოეული მტკიცებულება და დაასაბუთეს ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც მიიჩნიეს, რომ ჯ. ნ–სა და რ. ჩ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-4 ნაწილით (დანაშაულის ორ-ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების ნაწილით, საქმეში არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, განსხვავებით, ჯ. ნ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო – რ. ჩ–ს მიმართ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებისგან. ამასთან, დაცვისა და ბრალდების მხარეთა არგუმენტებს დასაბუთებული პასუხები გასცეს, მათ შორის – მოწმეთა ჩვენების სანდოობასა და მტკიცებულებათა საკმარისობასთან დაკავშირებით.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების: ჯ. ნ–სა და რ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ–სა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი