საქმე # 080100123006879091
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №585აპ-24 ქ. თბილისი
ო–ე თ., 585აპ-24 19 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ო–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. კ–სა და ლ. ტ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. ო–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ა. კ–მ და ლ. ტ–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება როგორც საქმეში არსებულ მასალებს, ასევე სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს; დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და სასამართლოში არ მისცა თ. ო–ს წინააღმდეგ ჩვენება, განაჩენი კი ემყარება მხოლოდ ირიბ ჩვენებებს, რომლებიც არ შეიძლებოდა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გამხდარიყო; გაურკვეველია, თუ როგორ დაადგინა სასამართლომ დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილისა და საფუძვლიანი შიშის განცდის ფაქტები.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით თ. ო–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ო–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანიშნულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით და დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით და დამატებითი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათით.
გაუქმდა თ. ო–სის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თ. ო–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადა აეთვალა – 2023 წლის 11 იანვრიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ო–მ ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
ü 2023 წლის 6 იანვარს, ღამის საათებში, ქ–ში, .......ის გამზირის N.....-ში მდებარე სახლში, თ. ო–მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდასწრებით, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა მეუღლეს – ე. ო–ს (სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, მოქაჩა თმა), რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2022 წლის დეკემბერში, ქ–ში, ........ის გამზირის N...-ში მდებარე სახლში, თ. ო–მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით იძალადა მეუღლეზე – ე. ო–ზე (ჯოხი ჩაარტყა მარცხენა ბარძაყის არეში), რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2023 წლის 6 იანვარს, ღამის საათებში, ქ–ში, .......ის გამზირის N.....-ში მდებარე სახლში, თ. ო–ე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ე. ო–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ო–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ა. კ–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი, მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, თ. ო–ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად: ოჯახური ძალადობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტის - ფიზიკური ტკივილის განცდის დადგენა შესაძლებელია როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე - საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით (მსხვერპლის სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ძალადობის ხანგრძლივობის, მიყენებული დაზიანებების რაოდენობის, სახის, განლაგების, დანაშაულის ჩადენის ხერხის, საშუალებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით), რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადობის ისეთი ფაქტები, სადაც დაზარალებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი ტკივილის ვერბალურად გადმოცემა, დაუსჯელი დარჩებოდა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი N443აპ-20).
11. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა –მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას (სუბიექტური კრიტერიუმი) ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას, მაგრამ იმავდროულად, შიშის არსებობა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზეც.
12. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ, სასამართლოში დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებში, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების – ა. ო–ს, ს. გ–ს, თ. ძ–ს ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებითა და სატელეფონო გასაუბრების შესახებ ოქმით, ე. ო–ს ზედაპირული დათვალიერების ოქმით, თ. ო–ს მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2023 წლის 8 იანვრის ოქმით, „ე–ს ჰოსპიტლების’’ ქ–ს რ.... ჰოსპიტლიდან 2023 წლის 3 თებერვლის ამოღების ოქმით, ,,ა..... ჰოსპიტლიდან“ 2023 წლის 7 თებერვლის ამოღების ოქმით, ე. ო–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2023 წლის 9 იანვრის ცნობით, ბ–ს სამედიცინო ცენტრიდან 2023 წლის 6 თებერვლის ამოღების ოქმით, ე. ო–ს სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნით, მისი გამცემი ექსპერტის გ. გ–სის ჩვენებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, თ. ო–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს.
13. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული, ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ო–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. კ–სა და ლ. ტ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი