საქმე # 200100122005492794
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №543აპ-24 ქ. თბილისი
ს–ი ჯ., 543აპ-24 22 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურორის მოადგილის – მაია გუგეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურორის მოადგილემ მაია გუგეშაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ჯ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო ა. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ არაობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც, კერძოდ: დაზარალებულების – ე. ე–ს, ე. ე–ს, მოწმეების – მ. და ნ. ე–ს, ი. ბ–სა და გ. რ–ს ჩვენებებით, დაზარალებულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ჯ. ს–მა და ა. დ–მა ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
2.1. ჯ. ს–ს ბრალად ედება: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
ჯ. ს–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2021 წლის 10 სექტემბერს, დღის საათებში, ქ. თ–ში, ა–ს ქუჩის N..-ში მდებარე ე. ე–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი სიტყვიერი დაპირისპირების დროს, ჯ. ს–მი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ე. ე–ს და ე. ე–ს, კერძოდ, ამავე ქუჩაზე, N..-ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან მათ დაუმიზნა ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი და განუცხადა, რომ ესროდა და მოკლავდა ორთავეს. ე. ე–მა და ე. ე–მა მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü 2021 წლის 10 სექტემბერს, დღის საათებში, ჯ. ს–მა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ა. დ–მა, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს ე. ე–ზე, კერძოდ, თავდაპირველად ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ჯ. ს–მი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ელიზბარ და ე. ე–ებს, რომლებიც შევიდნენ ქ. თ–ში, ა–ს ქუჩის N..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თუმცა სახლის ფანჯარასთან მივიდნენ ჯ. ს–მი და ა. დ–მი, რომლებმაც ხელთნაქონი მეტალის ჯაჭვები ფანჯრიდან რამდენჯერმე დაარტყეს სახლის ოთახში მყოფ ე. ე–ს მარცხენა ხელში, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. ა. დ–ს ბრალად ედება: სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის.
ა. დ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ა. დ–მი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. 2021 წლის 10 სექტემბერს, დღის საათებში, ჯ. ს–მა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა, ა. დ–მმა, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს ე. ე–ზე, კერძოდ, თავდაპირველად ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ჯ. ს–მი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ე. და ე. ე–ებს, რომლებიც შევიდნენ ქ. თ–ში, ა–ს ქუჩის N..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თუმცა სახლის ფანჯარასთან მივიდნენ ჯ. ს–მი და ა. დ–მი, რომლებმაც ხელთნაქონი მეტალის ჯაჭვები ფანჯრიდან რამდენჯერმე დაარტყეს ოთახში მყოფ, ე. ე–ს მარცხენა ხელში, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენით:
3.1. ჯ. ს–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა ჯ. ს–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა, უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
3.2. ა. დ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ა. დ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა, უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, გამართლებულებს – ა. დ–სა და ჯ. ს–ს განემარტათ, რომ უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ა. დ–სა და ჯ. ს–ს დამნაშავედ ცნობა მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებებში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად წარმოიშვა გონივრული ეჭვი ჯ. ს–სა და ა. დ–ს ბრალეულობასთან მიმართებით, რაც, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც, თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დადასტურდა ჯ. ს–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ა. დ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებები, გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას კი საკასაციო სასამართლო – მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე მაია გუგეშაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი