s3კ-1079-02 20 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: უკანონო საჩრდილობლის მოხსნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 25 მაისს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა გამგეობამ თ. ჩ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ... მცხოვრებმა თ. ჩ.-ემ “ქ.-თან” შეთანხმებული პროექტისა და შესაბამისი ორდერის გათვალისწინებით მოაწყო საჩრდილობელი. ორდერს ვადა გაუვიდა 1998წ. 23 ივნისს. დიდუბის რაიონის გამგეობამ მიზანშეუწონლად ჩათვალა ორდერის ვადის გაგრძელება და მოსთხოვა მოპასუხეს უკანონო საჩრდილობლის აღება, მაგრამ მოპასუხემ მოთხოვნა არ შეასრულა.
მოსარჩელე მოითხოვს საჩრდილობლის მოშლას და ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 9 ნოემბრის განჩინებით საქმე განსჯადობის მიხედვით გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას. პალატამ მიუთითა, რომ სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილი იყო ადმინისტრაციული გარიგების საფუძველზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 8 თებერვლის განჩინებით საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად კვლავ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას დაუბრუნა. პალატამ მიუთითა, რომ საქმის განხილვა უნდა მომხდარიყო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ, ვინაიდან განსახილველი დავა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას განეკუთვნებოდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 ივლისის განჩინებით გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე შემდგომი განხილვის მიზნით დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს. პალატამ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო.
2002წ. 18 აგვისტოს თ. ჩ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებით შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპრირი განხილვის გარეშე საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ მიღებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე შემდგომი განხილვის მიზნით გადაეცეს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს საჩრდილობლის აღება და ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. მოსარჩელეა ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობა, ხოლო მოთხოვნის საფუძველი საჩრდილობლის მოწყობის შესახებ დიდუბის რაიონული გამგეობის და არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ მიცემული ნებართვისა და ორდერის ვადის ამოწურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავა დაკავშირებულია ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან და მის შესრულებასთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით, საერთო სასამართლოებში დავა განიხილება იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის, გარიგების ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
მოცემულ დავაში მოსარჩელე რაიონული გამგეობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რის გამოც დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად.
ადმინისტრაციული დავათა განხილვის წესი არსებითად განსხვავდება სამოქალაქო დავათა განხილვის პროცედურისაგან.
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს და უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების წარმოსადგენად.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით მტკიცებულებას სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლო თავისი ინიციატივით არ იღებს გადაწყვეტილებას დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოდგენის შესახებ.
აღნიშნულის გამო პალატა თვლის, რომ როდესაც ადმინისტრაციულ დავას იხილავს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე, ირღვევა კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციულ დავათა განხილვის უმთავრესი პრინციპი და დავა წყდება იმ აუცილებელი ნორმების გამოყენების გათვალისწინების გარეშე, რაც ადმინისტრაციულ წარმოებას სამოქალაქო საქმეთა სასამართლო წარმოებისაგან განასხვავებს.
პალატა თვლის, რომ საპროცესო ნორმების ამგვარ დარღვევას შეიძლება შედეგად მოჰყვეს საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იყენებს იმ საპროცესო ნორმებს, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების კანონიერებისა და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
ვინაიდან მოცემული დავა განხილულია თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვძლად უდევს კანონის დარღვევა, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და განსახილველად დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატას.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. აქედან გამომდინარე, საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა უფლებამოსილი არ იყო, თვითონ გადაეწყვიტა განსჯადობის საკითხი. მას საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად უნდა გადაეგზავნა ზემდგომი სასამართლოსათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.