Facebook Twitter

საქმე N 010100121005356141

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№363აპ-24 ქ. თბილისი

ქ–ა მ., 363აპ-24 23 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის – ალექსანდრე ძირკვაძისა და მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ – ალექსანდრე ძირკვაძემ და მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ–სემ.

2. ბრალდების მხარე თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლას, მაგული და ო. ქ–ს დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მათთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელების განსაზღვრას. კასატორი მიიჩნევს, რომ: ერთი მხრივ, უკანონოა ო. ქ–ს უდანაშაულოდ ცნობა, რამეთუ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა, კერძოდ, დაზარალებული ს. პ–სი, რომლის ჩვენებაც დაედო საფუძვლად მ. ქ–ს მსჯავრდებას, ერთმნიშვნელოვნად ამხელს ო. ქ–ს მ. ქ–სთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში, რასაც ასევე ცხადყოფს: ნეიტრალური მოწმის – ლ. ქ–ს ჩვენება და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. მეორე მხრივ, მ. ქ–სთვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს, რამეთუ მსჯავრდებული არ აღიარებს დანაშაულს, არ ნანობს ჩადენილს და ბოდიშიც არ მოუხდია დაზარალებულისათვის.

3. დაცვის მხარე თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. ქ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარის მოწმეების, მათ შორის – დაზარალებულ ს. პ–ს მონათხრობი – ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველია. დაზარალებულის მტკიცებით, შემთხვევას არავინ შესწრებია, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა თვითმხილველი მოწმე – ლ. ქ–ე, რომელმაც დაადასტურა, რომ დაინახა ძირს დაგდებული მ. ქ–ს, რომელსაც ზემოდან მოჰქცეოდა ს. პ–ი, რაც ცხადყოფს, რომ სწორედ დაზარალებული დაესხა თავს მსჯავრდებულს, რომელიც თავს იცავდა და არა – პირიქით.

4. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ო. ქ–სა, – დაბადებულს 19.. წლის 23 მაისს, – და მ. ქ–ს, – დაბადებულს 19.. წლის 5 აპრილს, – ბრალად დაედოთ: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგით:

4.1. 2021 წლის 31 ივლისს, დაახლოებით, 09:15 საათზე, ქ. ბ–ში, .... ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს, ო. ქ–მ მ. ქ–სთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს. პ–ს, კერძოდ, ო. ქ–მ ორჯერ ჩაარტყა ხელი თავში ს. პ–ს, ხოლო მ. ქ–ს – ძლიერად ურტყამდა ხელებს სახისა და კისრის არეში, სწვდა თმაში და ძლიერად მოჰქაჩა. ო. და მ. ქ–ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ს. პ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5. ო. და მ. ქ–ებს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენით ო. ქ–სა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; მ. ქ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, ო. და მ. ქ–ების დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რამეთუ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადგინდა ო. ქ–ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, ხოლო, მეორე მხრივ, უტყუარად დადასტურდა მ. ქ–ს მიერ ს. პ–სზე ძალადობის ფაქტი, კერძოდ: დაზარალებულ ს. პ–სის ჩვენება, რომ შემთხვევის დილას, მისმა მეზობელმა – მ. ქ–მ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად იძალადა მასზე, დაკაწრა ფრჩხილებით, თანხვდენილია და დასტურდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის შინაარსი ცხადყოფს, რომ რომ ს. პ–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხენა ლოყის, მარცხენა მხრის, ნიკაპის არეებში, კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე, ქვედა ყბის მარჯვენა კუთხესთან და მარჯვენა მხრის არეში აღენიშნებოდა ნაჭდევები, კისრის გვერდით ზედაპირებზე, ორივე ლავიწის არესა და თვალბუდის ქვედა არეში, მარჯვნივ აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. მარცხენა თვალბუდის ქვედა, მარცხენა საფეთქლის არეში, კისრის წინა ზედაპირსა და გულმკერდის წინა ზედაპირზე – ნაკაწრები, მარჯვენა მტევნის მესამე თითზე – არასწორკიდეებიანი ჭრილობა. ამავდროულად ხაზგასასმელია, რომ დაზარალებულის მტკიცების მიუხედავად, რომ მ. ქ–ს ფიზიკურ ძალადობას აგულიანებდა მისი მეუღლე – ო. ქ–სა, რომელსაც ეკავა მისი ხელები და თავშიც ჩაარტყა ხელი, ლ. ქ–სემ, რომელიც ფაქტის თვითმხილველი მოწმეა, დაადასტურა, რომ ფიზიკური დაპირისპირებისას ო. ქ–სა მაღაზიასთან იდგა და ქალებთან არ მისულა. აღსანიშნავია, დანაშაულის შესახებ თავდაპირველი შეტყობინების შინაარსიც, რომლის მიხედვით, დაზარალებული ს. პ–ი მხოლოდ მ. ქ–ს ამხელდა ძალადობაში. ამავდროულად, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ს. პ–ს არ გამოვლენია დაზიანება თავის არეში, როგორიც შესაძლოა, ო. ქ–ს იმგვარი ძალადობის შედეგად დარჩენოდა, როგორზედაც დაზარალებული უთითებდა თავის ჩვენებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა ო. ქ–ას წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის, რისი გათვალისწინებითაც, მ. ქ–სათვის წარდგენილი ჯგუფური ცემის ბრალდება მართებულად შეფასდა, როგორც მაკვალიფიცირებელი გარემოებების გარეშე ჩადენილი ცემა, რომლისთვისაც იგი კანონიერად და სამართლიანად არის მსჯავრდებული.

12. ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ სასჯელთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

14. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მ. ქ–ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომლის გამკაცრების აუცილებლობა, არ იკვეთება. საკასაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გაცხადებულ სასჯელის დამძიმების ერთ-ერთ საფუძველთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს, წამახალისებელი ნორმებია, რაც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის –ალექსანდრე ძირკვაძისა და მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი