Facebook Twitter
3კ-1084-02

3კ-1084-02 16 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: რეგისტრირებული კავშირი “...-ის" გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომების გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობა და კავშირის რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 3 ნოემბერსა და 14 დეკემბერს რეგისტრირებული კავშირი “...-ის" წევრთა მიერ ჩატარებულ იქნა გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომა, სადაც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: რეგისტრირებული კავშირის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტსა და პრეზიდიუმის წევრებს შეუწყდათ უფლებამოსილება; საზოგადოების წესდების 42-ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილება; 2001წ. 9 ნოემბრის სხდომაზე “...-ის" ვიცე-პრეზიდენტად არჩეულ იქნა ვ. ბ.-ი, ხოლო 14 დეკემბრის სხდომაზე პრეზიდენტად – ნ. ყ.-ი. აღნიშნული ცვლილებები რეგისტრირებულ იქნა კავშირის რეესტრში დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს მიერ.

2001წ. 26 ნოემბერს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ც.-მ და მოითხოვა რიგგარეშე სხდომების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და კავშირის რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანა შემდეგი საფუძვლებით:

1. რიგგარეშე სხდომის მოწვევისას დარღვეულ იქნა სკ-ს 41-ე მუხლი და “...-ის" წესდების 12.5 მუხლი, რომლის მიხედვით კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს საზოგადოების წევრთა 1/10-ის წერილობითი მოთხოვნით, დღის წესრიგზე მითითებით. აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს ყველა წევრს წერილობით ან კავშირის ბეჭდვით ორგანოში ინფორმაციის გამოქვეყნებით კრებამდე ორი კვირით ადრე მაინც.

საინიციატივო ჯგუფის მიერ გაკეთებულ განცხადებაში არ იყო მითითებული იმ საკითხზე, რომელიც შემდეგ განხილულ იქნა რიგგარეშე სხდომაზე. ამასთან, მოწვევა არ განხორციელებულა წევრთა 1/10-ის მოთხოვნით. კრება მოწვეულ იქნა საინიციატივო ჯგუფის მიერ, რასაც კანონი არ ითვალისწინებს;

2. საზოგადოების წევრთა მიერ ფაქტობრივად არ გამოქვეყნებულა დღის წესრიგი, რის გამოც სკ-ს 42-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე მათ არ ჰქონდა უფლებამოსილება, კრებაზე განეხილათ და წესდებაში შეეტანათ ცვლილებები, ასევე შეეწყვიტათ პრეზიდენტისა და პრეზიდიუმის წევრების უფლებამოსილება და აერჩიათ ვიცე-პრეზიდენტი;

3. 2001წ. 14 დეკემბრის რიგგარეშე ასამბლეა მოწვეულ იქნა არაუფლებამოსილი პირის, ვ. ბ.-ის, მიერ, რომელიც სკ-ს 41-ე მუხლისა და წესდების 12.5 მუხლის უხეში დარღვევით რეგისტრირებულ იქნა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად. ამასთან, წესდების 18.8 მუხლით მას ამგვარი უფლებამოსილება უნდა მინიჭებოდა გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის მიერ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: 2001წ. 9 ნოემბრის ყრილობა მოწვეულ იქნა იმ პერიოდში მოქმედი წესდების 16.9 მუხლის მიხედვით, რომლითაც ყრილობის მოწვევის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ყრილობის დელეგატთა 1/10-ის მოთხოვნა. დელეგატთა 1/10-მა სინიციატივო ჯგუფს დაავალა არა ყრილობის მოწვევა, არამედ მისი მომზადება. დღის წესრიგის საკითხები დელეგატებს ეცნობათ როგორც წერილობითი, ასევე გაზეთ “...-ის" საშუალებითაც. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელის მოსაზრების დაყრდნობა იმ გარეომებაზე, რომ ასამბლეის მოწვევის შემთხვევაში საჭირო იყო მიმართვა პრეზიდიუმის ან საზოგადოების ხელმძღვანელისადმი, საფუძველს მოკლებულია, რადგან მოსარჩელეს ფოსტით გაეგზავნა შეტყობინება და მოწვევა, რის ჩაბარებაზეც მან უარი განაცხადა.

მოპასუხის განმარტებით, წევრთა 1/10-ის ხელმოწერის მოგროვება რიგგარეშე ყრილობის მოსაწვევად პრეზიდიუმისათვის პრობლემას არ წარმოადგენდა, რასაც ადასტურებს 4/154 წევრის ხელმოწერა მოსარჩელის პრეზიდენტობიდან გადაყენების მოთხოვნით. 2001წ. 9 ნოემბრის ყრილობას თავიდან ესწრებოდა 65 დელეგატი, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მოსარჩელის მომხრეებს დაკავებული ჰქონდათ ავტობუსები და არ უშვებდნენ ყრილობაზე. ამ მიზეზით ყრილობა დაიწყო გვიან. მას შემდეგ, რაც დელეგატებმა მაინც მოახერხეს დარბაზში შეღწევა და დამატებითი რეგისტრაციის გავლა. დელეგატთა რაოდენობამ მიაღწია 95 კაცს. მხოლოდ ამის შედეგ შეუდგა ყრილობა მუშაობას. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხემ მიუთითა დამატებით სარეგისტრაციო მასალაზე და დაგვიანებით რეგისტრაცია გავლილი 30 დელეგატის ნოტარიალურად დამოწმებულ განცხადებებზე.

მოპასუხის განმარტებით, მას რომ ყრილობის გაყალბება მიზნად არ ჰქონია, დასტურდება იმითაც, რომ ყრილობა გაგრძელდა 14 დეკემებრს, ვინაიდან 9 ნოემბერს, შესვენების შემდეგ, კვორუმი აღარ იყო. 14 დეკემბრის სხდომაზე მონაწილეობას ღებულობდნენ მოსარჩელე და მისი მომხრე ვ. პ.-ი. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 105 დელეგატის თანხმობას, მათგან მხოლოდ ნაწილია ნოტარიულად დამოწმებული, ნაწილი წარმოდგენილია ორ ცალად, ნაწილზე რეგიონის თავმჯდომარის განცხადებაა, ხოლო 15 დელეგატის წერილობით განცხადება მის მიერ იქნა წარმოდგენილი, რომლებიც აცხადებენ, რომ ნ. ც.-ის სასარგებლოდ მათი განცხადებები მოტყუებით და ძალადობით იქნა მიღებული. 2002წ. 15 თებერვალს ჩატარდა კიდევ ერთი რიგგარეშე ყრილობა, რომელზედაც 100 დელეგატის ხელმოწერით მიღებული რეზოლუციით დელეგატები პროტესტს გამოთქვამენ მოსარჩელის ქმედებებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ესწრებოდნენ 9 ნოემბრის ყრილობას, ანუ ყრილობაზე იყო კვორუმი. რაც შეეხება 14 დეკემბრის სხდომას, მას ესწრებოდა თვით მოსარჩელე და მისთვის ცნობილია, რომ ვ. ბ.-ს არანაირი ყრილობა არ მოუწვევია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოითხოვა მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულის სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელს, რეგისტრირებული კავშირი “...-ის” მიერ 2001წ. 9 ნოემბერსა და 14 დეკემბერს ჩატარებული გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომების გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობისა და კავშირის რეესტრში შესაბამისი ცვლილებებეის შეტანის შესახებ, ეთქვა უარი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ც.-მ და მისმა წარმომადგენელმა გ. გ.-ემ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2001წ. 27 სექტემბერს ჩატარდა რეგისტრირებული კავშირი “...-ის" გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა ახალი წესდება, არჩეულ იქნა საზოგადოების პრეზიდიუმი და პრეზიდენტი.

ასამბლეის სხდომის გადაწყვეტილებები რეგისტრირებულ იქნა კავშირის რეესტრში 2001წ. 5 ნოემბერს.

2001წ. 14 ოქტომბერს ჩატარდა რეგისტრირებული კავშირი “...-ის" დელეგატთა 10%-ის სხდომა, რომელზედაც საზოგადოების გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომის ორგანიზაციის მიზნით არჩეულ იქნა საინიციატივო ჯგუფი.

2001წ. 9 ნოემბერს ჩატარდა რეგისტრირებული კავშირი “...-ის" გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომა, რომელზედაც უფლებამოსილება შეუწყდათ საზოგადოების პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტსა და პრეზიდიუმს. სხდომაზე არჩეულ იქნა ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა 9 კაცის შემადგენლობით. სხდომაზე ცვლილება შევიდა კავშირის წესდების მეათე თავის 42-ე მუხლში. აღნიშნული ცვლილებები 2001წ. 19 ნოემბერს რეგისტრირებულ იქნა კავშირის რეესტრში.

2001წ. 9 ნოემბრის სხდომა გაგრძელდა 2001წ. 14 დეკემბერს, რომელზედაც პრეზიდენტად არჩეულ იქნა ნ. ყ.-ი, ასევე დაინიშნა პრეზიდიუმის ოთხი ახალი წევრი.

მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 2001წ. 9 ნოემბერს რიგგარეშე სხდომის მოწვევისას დარღვეულ იქნა სკ-ს 41-ე და საზოგადოების წესდების მე-16 მუხლი, რომლის თანახმადაც საზოგადოების კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს წევრთა 1/10-ის წერილობით მოთხოვნით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შემდეგი საფუძვლით: საზოგადოების წესდების მე-16 მუხლით კრების მოწვევის უფლება აქვს დელეგატთა (და არა წევრთა) 1/10-ს. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2001წ. 27 სექტემბერს, გენერალური ასამბლეის სხდომის შემდეგ, 25 დელეგატმა გამოხატა უკმაყოფილება ჩატარებული არჩევნების მიმართ, რის გამოც გადაწყვიტეს, მოეწვიათ საზოგადოების გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომა. მათი წერილობითი მოთხოვნები დადასტურებული და დამოწმებულია სანოტარო წესით 2001წ. 9-10 ოქტომბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ კრების მოწვევის შესახებ გამოხატული იყო დელეგატთა 1/10-ის ნება და სკ 41-ე მუხლის მოთხოვნები დარღვეული არ ყოფილა.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გაზეთ “...-ის" 2001წ. 26 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული იყო განცხადება ორი კვირით ადრე სხდომის მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ. გაზეთში გამოქვეყნებული დღის წესრიგი და კრების მიერ მიღებული დღის წესრიგი ემთხვევა ერთმანეთს.

სასამართლომ მიიჩნა, მოპასუხეების მიერ კრება მართებულად იქნა მოწვეული 1999წ. 10 სექტემბრის წესდების საფუძველზე, რადგან 2001წ. 27 სექტემბრის წესდება კრების მოწვევის მომენტში ჯერ კიდევ არ იყო კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული სასამართლოში და კრების მოწვევის დროს მოქმედებდა ძველი წესდება.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2001წ. 9 ნოემბრის რიგგარეშე სხდომას ესწრებოდა 95 დელეგატი და აქედან გამომდინარე, კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იყო.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ წესდებაში ცვლილებების შესატანად საჭირო იყო კავშირის წევრთა 2/3-ის თანხმობა, რადგან სკ-ს 41-ე მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებას დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ც.-ი არ არის ის პირი, ვისაც აქვს უფლება, იდავოს კრების მოწვევისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე, მაგრამ სსკ-ს 84-ე მუხლი არ არის იმპერატიული ნორმა და არ ავალდებულებს სასამართლოს, შეასრულოს ეს საპროცესო მოქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან არ არის დარღვეული მისი, როგორც საზოგადოების წევრის უფლება, სასამართლომ სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ, ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა სკ-ს მე-40, 41-ე და 44-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მხოლოდ საზოგადოების წევრთა 1/10-ს აქვს უფლება იდავოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 2001წ. 14 დეკემბრის გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომის გადაწყვეტილებათა ბათილობის შესახებ, რადგან ¹2 ოქმის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ 14 დეკემბრის სხდომა წარმოადგენდა 2001წ. 9 ნოემბრის სხდომის გაგრძელებას და ვ. ბ.-ის მიერ სხდომის მოწვევის თაობაზე საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი.

ამდენად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და 2002წ. 15 ივლისის განჩინებით უცვლელად დატოვა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც.-ის წარმომადგენელმა გ. გ.-მ.

კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების და გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე ყველა განჩინებების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას შემდეგი საფუძვლებით:

1. სააპელაციო პალატამ 2002წ. 24 მაისს სასამართლოში შესული საჩივარი განიხილა სასწრაფოდ 15 ივლისს, რის გამოც მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, წარედგინათ მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანი გახდებოდა. აღნიშნულის გამო, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნები.

2. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 84-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია იგი არასათანადო მოსარჩელედ. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ს მე-40 და 44-ე მუხლი, რადგან დავის საგანი არ ყოფილა ნ. ც.-ის წევრად აღდგენის საკითხი. ისინი ასევე არ დაობენ გამგეობის არჩევის საკითხს. სასამართლოს სხვადასხვა ასპექტში სხვადასხვაგვარად აქვს მისადაგებული ერთი და იგივე ნორმა ამ ნორმის თავისებური ინტერპრეტაციის გზით: ერთ შემთხვევაში მოსარჩელის პოზიციას აბათილებს იმით, რომ მოსარჩელეს არასწორად აქვს მითითებული სკ-ს 41-ე მუხლის პირველ ნაიწლზე, ხოლო მეორე შემთხვევაში იგივე ნორმას იყენებს სულ სხვა ასპექტში და ამტკიცებს, რომ არა დელაგატთა, არამედ საზოგადოების წევრთა 1/10-ია უფლებამოსილი შესაბამის ქმედებებში.

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, არ არის სათანადოდ შეფასებული მტკიცებულებები _ საოქმო ჩანაწერები, გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაცია და სხვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სამოქალაქო საქმეებს სასამართლოები განიხილავენ განცხადების მიღების დღიდან, არა უგვიანეს ორი თვისა, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 5 თვისა.

მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას არ მიუღია გადაწყვეტილება საქმის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ და საქმე განიხილა კანონით დადგენილ ორთვიან ვადაში. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს 2001წ. 26 ნოემბერს და მას სააპელაციო სასამართლში საქმის განხილვამდე, 2002წ. 15 ივლისამდე, საკმაო დრო ჰქონდა იმისათვის, რომ წარედგინა მტკიცებულებები. ამასთან, მხარის მოვალეობაა, მტკიცებულებები წარადგინოს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების სტადიაზე. თუ მხარემ არ წარმოუდგინა სასამართლოს წერილობითი მასალები ან არ შეასრულა სხვა საჭირო მოქმედება არასაპატიო მიზეზით, მაშინ მას ერთმევა უფლება შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დროს (სსკ-ს 206-ე მუხლი). მართალია, სსკ-ს 380-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოში შეიძლება, მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ მიიღოს ისინი, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი, თუ მათი განხილვა ხელს შეუშლის სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულად განხილვას და მხარემ უხეში გაუფრთხილებლობის გამო არ წარუდგინა ეს მასალები პირველი ინსტანციის სასამართლოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპოვებული მტკიცებულებები მათ ხელზე დარჩათ და სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანი არ გამხდარა, ვერ გახდება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. საკასაციო საჩივარზე თანდართულ მასალებზე ვერც საკასაციო სასამართლო იმსჯელებს, რადგან სსკ-ს 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოს შეუძლია, იმსჯელოს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებების მიმართ, რომლებიც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.

საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია იგი არასათანადო მოსარჩელედ და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა სკ-ს მე-40, 41-ე და 44-ე მუხლებზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ც.-ი სათანადო მოსარჩელეა, მაგრამ სააპელაციო პალატის აღნიშნული მითითება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგან სააპელაციო პალატის განჩინებით სრულად გაზიარებულ იქნა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყევტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო და არა იმ საფუძვლით, რომ იგი არასათანადო მოსარჩელეს წარმოადგენდა.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ 2001 წ. 27 სექტემბერს რეგისტრირებული კავშირი “...-ის" გენერალური ასამბლეის ჩატარების შემდეგ 25 დელეგატმა გამოხატა უკმაყოფილება ჩატარებული არჩევნების მიმართ, რის გამოც გადაწყვიტეს, მოეწვიათ საზოგადოების გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომა. მათი მოთხოვნები დადასტურებულია სანოტარო წესით და დამოწმებულია 2001წ. 9-10 ოქტომბერს. ამდენად, რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ საზოგადოების წესდების მე-16 მუხლის შესაბამისად წერილობით გამოხატულ იქნა საზოგადოების დელაგატთა 1/10-ის ნება.

2002წ. 14 ოქტომბრის სხდომაზე დელეგატთა გადაწყვეტილებით საინიციატივო ჯგუფს დაევალა რიგგარეშე სხდომის მოწვევის ორგანიზება და წესდების ახალი რედაქციის დამუშავება.

გაზეთ “...-ის" 2001წ. 26 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა განცხადება რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ დღის წესრიგის მითითებით.

2001წ. 9 ნოემბერს ჩატარდა რეგისტრირებული კავშირის გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა 95 დელეგატი. სხდომაზე უფლებამოსილება შეუწყდათ საზოგადოების პრეზიდენტს, საპატიო პრეზიდენტს და პრეზიდიუმს. არჩეულ იქნა ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა.

აღნიშნული სხდომა გაგრძელდა 14 დეკემბერს, რომელზედაც არჩეულ იქნა პრეზიდენტი და პრეზიდიუმის ოთხი ახალი წევრი.

საკასაციო პალატა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სავალდებულოდ მიიჩნევს, რადგან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს საქმეში არსებულ რაიმე მტკიცებულებებზე, რომლებიც გამორიცხავდა საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დარღვეულია სკ-ს 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, კრების მიერ გადაწყვეტილი საკითხები არ იყო შესული დღის წესრიგში, საკასაციო პალატა არ იზიარებს, რადგან გაზეთ “...-ში" გამოქვეყნებული დღის წესრიგი და კრების მიერ მიღებული დღის წესრიგი ემთხვევა ერთმანეთს.

დაუსაბუთებელია კასატორის მითითება 9 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის არაუფლებამოსილების შესახებ, რადგან საზოგადოების 2001წ. 9 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის ოქმით 181 დელეგატიდან სხდომას ესწრებოდა 95 დელეგატი. სხდომაზე დამსწრე დელეგატთა ასეთი ოდენობა დადასტურებულია რეგისტრაციის მასალებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ც.-ის წარმომადგენელ გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ივლისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.