Facebook Twitter

საქმე N 150100122005719553

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №437აპ-24 ქ. თბილისი

ჩ–ი ა., 437აპ-24 1 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ჩ–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას მის მიმართ შერაცხილ ბრალდებებში იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არაობიექტურად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ა. ჩ–ი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

2. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი ორჯონიკიძე საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არ დაკმაყოფილებას, ვინაიდან იგი დაუსაბუთებელია და არ აკმაყოფილებს საჩივრის დასაშვებად ცნობის კრიტერიუმებს.

3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენით ა. ჩ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით – 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, ა. ჩ–სს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ჩ–ს სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 8 მარტიდან.

გაუქმდა ა. ჩ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ჩ–მა ჩაიდინა: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად, ძალადობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით; პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, მისი მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

ა. ჩ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü საქართველოს მოქალაქე ა. ჩ–მა თანმხლებ პირთან ერთად განიზრახა ს–ო-თ–ს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლა. აღნიშნული განზრახვის აღსასრულებლად, 2022 წლის 6 მარტს, ღამის საათებში, ა. ჩ–სი თანმხლებ პირთან ერთად, მივიდა ა–ს რაიონის სოფელ კ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გადის ..... ....ის სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნული პირები შეამჩნიეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ს–ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის №.. სამმართველოს (ა–ე) №.. სასაზღვრო სექტორის (კ–ს) თანამშრომლებმა, რის გამოც, გამოცხადდა განგაში და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის №.. სამმართველოს (ა–ს) №.. სასაზღვრო სექტორის (კ–ს) რამდენიმე თანამშრომელმა, მათ შორის - სპეციალისტმა (მესაზღვრე) ზ. ჯ–მ დაიწყეს საზღვრის დამრღვევი პირების ძებნა. ძებნისას, ზ. ჯ–მ აღმოაჩინა ა. ჩ–სი და მისი თანმხლები პირი, რომელთაც მოუწოდა შეჩერებისა და მისი ამ მოთხოვნის დამორჩილებისკენ, რის შემდეგაც, ა. ჩ–ი და მისი თანმხლები პირი თავს დაესხნენ ზ. ჯ–ს, სხეულის სხვადასხვა ადგილებზე ხელისა და ფეხის არაერთგზის დარტყმებით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და წაართვეს თანნაქონი „AKA 74 Y“ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, საქარხნო ნომრით – ,,.......“ და ერთი ცალი მჭიდი, მასში არსებული 30 ცალი ვაზნით. ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის შემდეგ, ა. ჩ–მა და მისმა თანმხლებმა პირმა ზ. ჯ–ს თავის არეში ჩაარტყეს კონდახი, რის შედეგადაც, მან გონება დაკარგა.

ü საქართველოს მოქალაქე ა. ჩ–მა თანმხლებ პირთან ერთად განიზრახა ..... .....ის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლა. აღნიშნული განზრახვის აღსასრულებლად, 2022 წლის 6 მარტს, ღამის საათებში, ა. ჩ–სი, თანმხლებ პირთან ერთად, მივიდა ა–ს რაიონის სოფელ კ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გადის ...... ......ის სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნული პირები შეამჩნიეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ს–ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის №.. სამმართველოს (ა–ს) №.. სასაზღვრო სექტორის (კ–ს) თანამშრომლებმა, რის გამოც, გამოცხადდა განგაში და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის №.. სამმართველოს (ა–ს) №.. სასაზღვრო სექტორის (კ–ს) რამდენიმე თანამშრომელმა, მათ შორის, სპეციალისტმა (მესაზღვრე) ზ. ჯ–მ დაიწყეს საზღვრის დამრღვევი პირების ძებნა. ძებნისას ზ. ჯ–მ, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა განაწესში, აღმოაჩინა ა. ჩ–ი და მისი თანმხლები პირი, რომელთაც მოუწოდა შეჩერებისა და მისი ამ მოთხოვნის დამორჩილებისკენ, რის შემდეგაც, ა. ჩ–ი და მისი თანმხლები პირი თავს დაესხნენ ზ. ჯ–მეს, სხეულის სხვადასხვა ადგილებზე ხელისა და ფეხის არაერთგზის დარტყმებით, ასევე ამ უკანასკნელისაგან წართმეული ცეცხლსასროლი იარაღის კონდახის თავის არეში ჩარტყმით, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და სხეულის დაზიანებები.

ü საქართველოს მოქალაქე ა. ჩ–მა, თანმხლებ პირთან ერთად, განიზრახა ...... ......ის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლა. აღნიშნული განზრახვის აღსასრულებლად, 2022 წლის 6 მარტს, ღამის საათებში, ა. ჩ–ი, თანმხლებ პირთან ერთად, მივიდა ა–ს რაიონის სოფელ კ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გადის ს–ო-თ–ს სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნული პირები შეამჩნიეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ს–ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის №.. სამმართველოს (ა–ს) №.. სასაზღვრო სექტორის (კ–ის) თანამშრომლებმა, რის გამოც, გამოცხადდა განგაში და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის №.. სამმართველოს (ა–ს) №..სასაზღვრო სექტორის (კ–ს) რამდენიმე თანამშრომელმა, მათ შორის, სპეციალისტმა (მესაზღვრე) ზ. ჯ–მ, დაიწყეს საზღვრის დამრღვევი პირების ძებნა. ძებნისას ზ. ჯ–მ აღმოაჩინა ა. ჩ–ი და მისი თანმხლები პირი, რომელთაც მოუწოდა შეჩერებისა და მისი ამ მოთხოვნის დამორჩილებისკენ, რის შემდეგაც, ა. ჩ–სი და მისი თანმხლები პირი თავს დაესხნენ ზ. ჯ–ს, სხეულის სხვადასხვა ადგილებზე ხელისა და ფეხის არაერთგზის დარტყმებით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, 2022 წლის 6 მარტს, ღამის დაახლოებით 23:50 საათზე, ა. ჩ–სმა თანმხლებ პირთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტის – „კ–ს“ გვერდის ავლით და ამისათვის დადგენილი პროცედურების გავლის გარეშე, უკანონოდ გადაკვეთეს ს–ო-თ–ს სახელმწიფო საზღვარი ა–ს რაიონის სოფელ კ–თან და ს–დან გადავიდნენ თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

5. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ჩ–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრითა და სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის მიერ დაზუსტებული პოზიციით, მოითხოვა მსჯავრდებულ ა. ჩ–ს გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში – კვალიფიკაციის შეცვლა და მისი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა. ჩ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ მისი ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების: ზ. ჯ–მის, თ. მ–ს ჩვენებებით, მოწმეების – ბ. ჭ–ს, ო. ბ–ს, გ. მ–ს, გ. მ–ს, კ. თ–ს, ვ. ჯ–ს, მ. ბ–ს, გ. ვ–ს, ი. მ–ს, დ. მ–ს, ც. ი–ს, ა. ბ–ს, ჯ. ჭ–ს ჩვენებებით, ზ. ჯ–ს სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ა. ჩ–ს დაკავების ოქმით, დაზარალებულ ზ. ჯ–მის მონაწილეობით ჩატარებული ა. ჩ–ს ამოცნობის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დაზარალებულ ზ. ჯ–სა და ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვდენილია, ისინი გადმოსცემენ და ადასტურებენ ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებებს. მათ ჩვენებებს შორის რაიმე სახის არსებითი სხვაობა არ იკვეთება და ისინი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, დამაჯერებელი და ობიექტურია. ბრალდების მხარის მტკიცებულებები პირდაპირ და ცალსახად ადგენს ა. ჩ–ს ბრალეულობას მის მიმართ შერაცხილი ბრალდების ყველა ეპიზოდში, ბრალდების კვალიფიკაციით. ამდენად, არ არსებობს აღნიშნული მტკიცებულებების საეჭვოდ მიჩნევისა და დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების საფუძველი, რომ სასამართლომ არაობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა. ჩ–ს მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები, ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე, სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რის გამოც, არ არსებობს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი