გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1088-02 23 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ქ-ი მუშაობდა შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგზაო პოლიციის პირველი განყოფილების ...ად. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2001წ. 28 ივნისის ¹241 ბრძანებით “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-60 მუხლის “კ” პუნქტის თანახმად იგი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან დისციპლინის სისტემატიური დარღვევისათვის. თ. ქ-მა 2001წ. 6 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს შს სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა მისი გათავისუფლების ბრძანების გაუქმება, იმავე თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2001წ. 28 ივნისის ¹241 ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა იმავე თანამდებობაზე იძულებით განაცდურის სრული ანაზღაურებით. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
შს სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და თ. ქ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
თ. ქ-ი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება.
მოცემულ საქმეზე მოპასუხე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რის გამოც დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად.
“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ადმინიტსრაციულ დავებს საოლქო (ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს) სასამართლოებში იხილავს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატა.
ადმინისტრაციულ დავათა განხილვის წესი არსებითად განსხვავდება სამოქალაქო დავათა განხილვის პროცედურისაგან. დავის ადმინისტრაციული ხასიათი, საჯარო ინტერესები, განაპირობებს მხარის ნების პრიმატის და დისპოზიციურობის პრინციპის შეზღუდვას.
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებათა წარმოსადგენად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით მტკიცებულებებს სასამართლოს წარმოუდგენენ მხარეები. სასამართლო თავისი ინიციატივით არ იღებს გადაწყვეტილებას დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოდგენის შესახებ.
როდესაც ადმინისტრაციულ დავას იხილავს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა სამოქალაქო საპროცესო ნორმების საფუძველზე, ირღვევა კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციულ დავათა განხილვის უმთავრესი პრინციპი და დავა წყდება იმ აუცილებელი ნორმების გამოყენებისა და გათვალისწინების გარეშე, რაც ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო წარმოებას სამოქალაქო საქმეთა წარმოებისაგან განასხვავებს.
პალატა თვლის, რომ საპროცესო ნორმების ამგვარი დარღვევა წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რომელსაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იყენებს იმ საპროცესო ნორმებს, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების კანონიერებისა და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.