¹ 3კ/1089-01 13 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,მ. ახალაძე
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. მ-ძე და თ. მ-ავა 1995 წლის 25 სექტემბრიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ცოლქმრულ ურთიერთობაში. ლ. მ-ძე საცხოვრებლად მიიყვანეს თ. მ-ავას მშობლების ბინაში. მას ფეხმძიმობის პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, ამიტომ მკურნალობის პერიოდში თავის მშობლებთან იმყოფებოდა. ოჯახური უსიამოვნების გამო ლ. მ-ძე და თ. მ-ავა დაშორდნენ. 2000 წლის 29 ივნისს შეეძინათ ქალიშვილი, რომლის მამად ცნობაზე თ. მ-ავამ უარი განაცხადა. ამის გამო ლ. მ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე თ. მ-ავას მიმართ და მოითხოვა მ. მ-ძის მამად თ. მ-ავას ცნობა.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.
თ. მ-ავა ცნობილ იქნა 2000 წლის 29 ივნისს დაბადებული მ. მ-ძის მამად.
თ. მ-ავამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 23 აგვისტოს განჩინებით არ დააკმაყოფილა თ. მ-ავას სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: თ. მ-ავამ ცოლად ითხოვა ლ. მ-ძე. იგი მიიყვანა თავისი მშობლების ბინაში, სადაც ოჯახის წევრად მიიღეს. მხარეები ბავშვის დაბადებამდე ერთად ცხოვრობდნენ და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ. შეუღლებიდან თვე-ნახევრის შემდეგ ლ. მ-ძე დაფეხმძიმდა, მაგრამ მას თირკმელი დაუავადდა და მკურნალობასთან დაკავშირებით გადავიდა მშობლების ბინაში.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-3 ნაწილი და თ. მ-ავა ცნო მ. მ-ძის მამად. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თ. მ-ავას მითითება იმის შესახებ, რომ ლ. მ-ძეს თირკმლის პათოლოგიის გამო ფეხმძიმობა უნდა შეეწყვიტა, ამიტომ ეჭვქვეშ დააყენა ბავშვის დაბადება; მაგრამ საქმეში წარმოდგენილია შპს ¹5 საავადმყოფოს კლინიკური გაერთიანების მთავარი ექიმის, თ. შ-ძის, მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ლ. მ-ძე ორსულობის გამო 2000 წლის 31 იანვრიდან აღრიცხვაზე იმყოფებოდა მათ გაერთიანებასთან არსებულ კონსულტაციაში. დ. ქ-ძის სახელობის თბილისის სამშობიარო სახლის დირექტორ ნ. გ-შვილის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 1999 წლის 7 დეკემბრიდან ლ. მ-ძე ორსულობის გამო აღრიცხვაზე იმყოფებოდა მათ სამშობიარო სახლთან არსებულ ქალთა კონსულტაციაში. თბილისის მე-4 სამშობიარო სახლის მიერ გაცემული ბავშვის დაბადების ¹293 სამედიცინო მოწმობით დადგენილია, რომ ლ. მ-ძემ ნამდვილად იმშობიარა 2000 წლის 29 ივნისს. ეს დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექიმ-გინეკოლოგებმაც. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თ. მ-ავას მოთხოვნა სისხლის სამართლის სამედიცინო და გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, რადგან აღნიშნული დასკვნა მამობის დადგენის უდავო საფუძველს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით და დადგენილი გარემოებებით ასეთი ექსპერტიზის ჩატარება არ არის აუცილებელი.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-ავამ. მან მოითხოვა სასამართლოს განჩინების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე პალატისათვის. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სასამართლომ არ მიიღო და არ გაიზიარა ¹... რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ გაცემული ანალიზის პასუხები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ლ. მ-ძე ფეხმძიმობის დროს არ ექვემდებარებოდა მკურნალობას; სასამართლო დაეყრდნო მეოთხე სამშობიაროდან გაცემულ ყალბ ცნობას ბავშვის დაბადების შესახებ, რადგან ამ ცნობას ხელს აწერს მოსარჩელის ბებია გ. ხ-შვილი; სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებაზე; არასწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი, რადგან ბავშვის დაბადებამდე მოსარჩელესთან ერთად არ ეწეოდა ერთიან მეურნეობას; მათ ერთად იცხოვრეს მხოლოდ თვე-ნახევრი, შემდეგ კასატორი რუსეთში წავიდა და თბილისში გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. მ-ავას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ლ. მ-ძე და თ. მ-ავა 1999 წლის სექტემბრიდან ფაქტობრივ ცოლქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. ლ. მ-ძე გათხოვების დღიდან საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის მშობლების ოჯახში. შემდგომში მეუღლეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა და როცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, ლ. მ-ძე უკვე ფეხმძიმედ იყო. მას 2000 წლის 29 ივნისს შეეძინა ქალიშვილი. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს თ. მ-ავას საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ვინაიდან უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ გაცემულ ლ. მიქაბერიძის ავადმყოფობის ისტორიიდან ამონაწერში მითითებულია, რომ მოსარჩელეს ექიმებმა გაუწიეს კონსულტაცია ორსულობის შეწყვეტის თაობაზე, ამიტომ მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ფეხმძიმობა შეწყვიტა და 2000 წლის 29 ივნისს დაბადებული ბავშვი კასატორის შვილი არ არის. მართალია, საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ცნობის თანახმად, ლ. მ-ძეს ორსულობის მე-8 კვირას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმებმა ურჩიეს ფეხმძიმობის შეწყვეტა და მკურნალობის შემდგომი გაგრძელება, მაგრამ საქმეში წარმოდგენლია შპს ¹.... საავადმყოფო-კლინიკური გაერთიანების ცნობა იმის შესახებ, რომ ლ. მ-ძე ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე იმყოფებოდა ორსულობის გამო 2000 წლის 31 იანვრიდან და მან 2000 წლის 29 ივნისს იმშობიარა ¹... სამშობიარო სახლში საქმეში წარმოდგენილია შპს დ. ქორიძის სახელობის ქ. თბილისის ¹4 სამშობიარო სახლის დირექტორ დ. გ-შვილის ცნობა იმის თაობაზე, რომ ლ. მ-ძე ამ სამშობიარო სახლთან არსებულ ქალთა კონსულტაციაში 1999 წლის 7 დეკემბრიდან 10 კვირის ორსული იმყოფებოდა აღრიცხვაზე და მან 2000 წლის 29 ივნისს იმშობიარა. წარმოდგენილია 2000 წლის 23 ივნისის ექოსკოპიის გამოკვლევა, რომლითაც ლ. მ-ძეს ორსულობის 39 კვირა განესაზღვრა. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები მიუთითებენ იმაზე, რომ ლ. მ-ძეს ორსულობა ავადმყოფობის გამო არ შეუწყვეტია და 2000 წლის 29 ივნისს დაბადებული მ. მ-ძე მისი შვილია. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ მეოთხე სამშობიაროდან გაცემული ცნობა ბავშვის დაბადების შესახებ ყალბია, რადგან მას ხელს აწერს ლ. მ-ძის ბებია გ. ხ-შვილი, რომელიც იმავე სამშობიარო სახლში ბებიაქალად მუშაობს. მართალია, სამშობიარო სახლიდან წარმოდგენილია ასეთი ცნობა, მაგრამ ამ ცნობის გარდა, ზემოაღნიშნული დოკუმენტებით, რომელსაც სხვა ექიმები აწერენ ხელს, დადასტურებულია ლ. მ-ძის მიერ 2000 წლის 29 ივნისს ბავშვის დაბადება. ამ დოკუმენტების სიყალბის თაობაზე კი თ. მ-ავას კანონით დადგენილი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატამ თითქოს დაარღვია კანონი, რადგან მამობის დადგენის მიზნით არ დანიშნა გენეტიკური ექსპერტიზა; ვინაიდან გენეტიკური ექსპერტიზა არ წარმოადგენს მამობის დადგენის უდავო საფუძველს, ამასთან, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადასტურებულია მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. მ-ავას ამის თაობაზე არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი მიუთითებს, რომ ლ. მ-ძესთან ერთად იცხოვრა მხოლოდ თვე-ნახევარი, მაგრამ იგი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ერთად ცხოვრების პერიოდში მოსარჩელე დაფეხმძიმდა, ექიმთან ერთად დადიოდნენ, შემდეგ ხასიათით ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და დაშორდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად, მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ანდა დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ადგილი არ ჰქონია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. მ-ავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 აგვისტოს განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.