საქმე # 080100121004615157
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №584აპ-24 ქ. თბილისი
ხ–ი გ., 584აპ-24 22 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ხ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ც–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ხ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ც–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან გ. ხ–ს მსჯავრად შერაცხილი დანაშაული არ ჩაუდენია; ბრალდების მხარის ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს შპს ,,.........ის’’ საკუთრების დაცვის თანამშრომელთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, რომლებიც არიან აშკარად სუბიექტურნი, რის გამოც, ეს ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კრიტერიუმს; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებების თანახმად, გ. ხ–ი მხოლოდ 16 თებერვლის ინციდენტში ფიგურირებს, ამასთან, კადრების ხარისხის გათვალისწინებით, ვიდეოზე ასახული პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია; გარდა ამისა, აქციის მიმდინარეობისას კანონსაწინააღმდეგო, ძალადობრივი ქმედებები არ მომხდარა, რასაც ბრალდების მხარის მოწმეებიც ადასტურებენ. შეკრება იყო მშვიდობიანი და იმართებოდა კომპანიის ტერიტორიის გარეთ, საჯარო სივრცეში, აქციის მონაწილეები კერძო საკუთრებაში არ შეჭრილან. შესაბამისად, ისინი ვერც სავენტილაციო საშუალების მართვას შეძლებდნენ; სამუშაო პროცესი გარკვეული პერიოდი მართლაც შეჩერდა, მაგრამ გ. ხ–ს როლი და მიზეზობრივი კავშირი აღნიშნულში არ იკვეთება; გასათვალისწინებელია ისიც, რომ საკუთრების დაცვის მიზნით აქციაზე ყოფნა საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს და თუკი გ. ხ–მა დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის წესი, როგორც ამას ბრალდების მხარე ედავება, მაშინ გამოკვეთილია არა სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ – ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განაჩენით გ. ხ–ი, – დაბადებული ... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 (ათასი) ლარი.
გაუქმდა გ. ხ–სის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.
ამავე განაჩენით:
გ. ო–იი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 (ათასი) ლარი.
გაუქმდა გ. ო–იის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.
ჯ. ლ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.
გაუქმდა ჯ. ლ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ხ–მა ჩაიდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის აშკარა დაუმორჩილებლობასთან და რომელმაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:
2021 წლის თებერვალ-მარტში, ჭ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ შ–ში, სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გამოხატავდა პროტესტს, რაც დაკავშირებული იყო შპს ,,........ის" სამთო მოპოვებითი სამუშაოების ჩატარებასთან. აღნიშნულის პარალელურად ჯ. ლ–მ, გ. ო–მა და გ. ხ–მა, ,,შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის დარღვევით, მოახდინეს ორგანიზება, შეკრიბეს სოფელ შუქრუთის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი და შეაფერხეს საწარმოს საქმიანობა. კომპანიის და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან კანონიერი მოთხოვნების მიუხედავად, რომ საწარმოსათვის მიეცათ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, მათ გამოხატეს აშკარა დაუმორჩილებლობა და 2021 წლის 16 თებერვლიდან დღემდე, კანონსაწინააღმდეგო ჯგუფური მოქმედებებით მოახდინეს შპს ..........ის" კუთვნილი შპს .................ს ოპერირების ქვეშ მყოფი ე.წ ,,კოროხნალის" მიწისქვეშა უბნის შესასვლელისა და მაღაროს სავენტილაციო მოწყობილობის ჩართვისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ბლოკირება, კერძოდ, გაშალეს კარავი, სატვირთო ავტომანქანით ჩაკეტეს გზა და მაღაროელებს არ მისცეს მიწისქვეშა უბანში შესვლის შესაძლებლობა, რამაც საწარმოს – შპს ..........ის" – მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ხ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ც–მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი, მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ გ. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ც–ს მოთხოვნას გ. ხ–ს უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს გ. ხ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხილი დანაშაულის ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების – კ. ძ–ს, რ. ბ–ს, გ. ძ–ს, ნ. ძ–ს, ჯ. ნ–ს, გ. ბ–ს, ნ. ჯ–ს, ი. დ–ს, გ. ბ–ს, გ. ტ–ს, ვ. ც–ს, მ. ი–ს, ზ. ც–სა და სხვათა ჩვენებებით; N......, N......, N....., N..... შეტყობინების ოქმებით; შსს ი–ს .......ისა და ..........ის პოლიციის დეპარტამენტის ჭ–ს რაიონული სამმართველოს უფროსისადმი, შპს „.......ის წარმომადგენლის ი. ჭ–ს 2021 წლის 18 თებერვლის წერილით; .......... პოლიციის დეპარტამენტის ჭ–ს რაიონული სამმართველოს უფროსისადმი და საჩხერის რაიონული პროკურატურისადმი, შპს „.....“-ის წარმომადგენლის გ. ტ–სის 2021 წლის 2 მარტის წერილით; რ. ბ–ს მიერ წარმოდგენილი ვიდეო-ფაილის დათვალიერების 2021 წლის 13 მარტის ოქმით; ი. დ–ს მიერ წარმოდგენილი ვიდეო-ფაილის დათვალიერების 2021 წლის 13 მარტის ოქმით; შპს „..........ის“ კუთვნილი სამი გარე სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერების დათვალიერების 2021 წლის 15 მარტის ოქმით; ჭ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ შ–ს მოსახლეობის 2021 წლის 26 თებერვლისა და 9 მარტის განცხადებებით; მობილური ტელეფონებით გადაღებული ვიდეო-ჩანაწერებით; შპს „..........ის“ კუთვნილი გარე სამეთვალყურეო კამერების მიერ განხორციელებული ვიდეო-ჩანაწერებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთშეთანხმებული, თანმიმდევრული და დამაჯერებელი. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც, არ არსებობს მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების საეჭვოდ მიჩნევისა და მათ მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. ამასთან, მოწმეთა ჩვენებები სრულად არის თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან. გარდა ამისა, საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გარეშე, ხოლო დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებისა და დასაბუთებულობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული, ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ც–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი