Facebook Twitter

საქმე N 010100122005874230

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №395აპ-24 ქ. თბილისი

ჰ–ი ს., 395აპ-24 1 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების: ს. ჰ–სა და ჩ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. რ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების: ს. ჰ–სა და ჩ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. რ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს: ჩ. ქ–ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხილ მსჯავრდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 19, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების, სსკ-ის 19, 344-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას; ს. ჰ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხილი ქმედების, სსკ-ის 19, 344-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას, შემდეგი საფუძვლებით: დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში მსჯავრდებულების აღიარებითი ჩვენებების გარდა, არ მოიპოვება სხვა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მათ ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა; ამასთან, მსჯავრდებულთა ქმედებაში არ იკვეთება დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ნიშნები; გარდა ამისა, მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელი დაცვის მხარეს მიაჩნია არასამართლიანად, ვინაიდან ის არ შეესაბამება მათ პიროვნებას.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენით:

2.1. ს. ჰ–ს, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 344-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

ს. ჰ–ს სასჯელის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 27 მაისიდან 2022 წლის 1 ივნისამდე და მისი მოხდა აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან - 2022 წლის 11 ნოემბრიდან.

გაუქმდა მსჯავრდებულ ს. ჰ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 5000 ლარი, მის მიერ გირაოს პირობების დარღვევის გამო, სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

2.2. ჩ. ქ–ს, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, ჩ. ქ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

მსჯავრდებულ ჩ. ქ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან (2022 წლის 3 დეკემბრიდან). მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 27 მაისიდან 2022 წლის 6 ივნისამდე.

გაუქმდა მსჯავრდებულ ჩ. ქ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – და გირაოს სახით გადახდილი თანხა – 7000 ლარი – ჩ. ქ–ს მიერ გირაოს პირობების დარღვევის გამო, სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

2.3. იმავე განაჩენით ფ. ი–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 344-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

მსჯავრდებულ ფ. ი–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე უნდა მოთავსდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

მასვე, სასჯელის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 27 მაისიდან 2022 წლის 31 მაისამდე პერიოდი.

მსჯავრდებულ ფ. ი–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმა და გირაოს სახით გადახდილი თანხა – 5000 ლარი – მის მიერ გირაოს პირობების დარღვევის გამო, სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჩ. ქ–მ ჩაიდინა: ს–ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; ს–ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა; ს. ჰ–მა ჩაიდინა ს–ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.

3.1. ჩ. ქ–სს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

ü თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჩ. ქ–ს–მ, 2022 წლის იანვარში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ღამის საათებში, სასაზღვრო გამტარ პუნქტ ,,…..ს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, მთებისა და ტყის გავლით, ფეხით, თ–ს რესპუბლიკიდან უკანონოდ გადაკვეთა ს–ს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა ს–ში, რის გამოც, 2022 წლის 27 მაისს იქნა მხილებული.

ü 2022 წლის 27 მაისს, დაახლოებით 09:06 საათზე, ჩ. ქ–ს, ს. ჰ–ს და ფ. ი–ე ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში მდებარე N..-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში, ელექტროსიგნალიზაციური კომპლექსის გადალახვის შემდეგ, ტყისა და მთის გავლით, ფეხით, ჯგუფურად შეეცადნენ ს–ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, რა დროსაც, სასაზღვრო განაწესში მყოფმა მესაზღვრე პოლიციელებმა ს–ს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან, დაახლოებით, 20 მეტრში დააკავეს.

3.2. ს. ჰ–სს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

ü 2022 წლის 27 მაისს, დაახლოებით 09:06 საათზე, ს. ჰ–ს, ჩ. ქ–ს და ფ. ი–ე ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში მდებარე N…-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში, ელექტროსიგნალიზაციური კომპლექსის გადალახვის შემდეგ, ტყისა და მთის გავლით, ფეხით, ჯგუფურად შეეცადნენ ს–ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, რა დროსაც, სასაზღვრო განაწესში მყოფმა მესაზღვრე პოლიციელებმა ს–ს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან, დაახლოებით, 20 მეტრში დააკავეს.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების: ს. ჰ–სა და ჩ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. რ–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების: ჩ. ქ–სა და ს. ჰ–ს მიმართ დანიშნული სასჯელების ნახევრის, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პირობითად ჩათვლა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ს. ჰ–სა და ჩ. ქ–ს ბრალის აღიარების გარდა, ს. ჰ–ს ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 344-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ჩ. ქ–ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 19, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების – მ. მ–ს, რ. ბ–ს, ს. შ–ს, ი. ჯ–ს, თ. მ–სა და მ. მ–ს გამოკითხვის ოქმებით; დანაშაულის ჩადენის შესახებ ზეპირი ცნობის ოქმით; ს. ჰ–სა და ჩ. ქ–ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით; ა–ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით; ს–ს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

9. ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულები – ს. ჰ–ს და ჩ. ქ–ს – ეცადნენ ს–ს სახელმწიფო საზღავრი უკანონოდ გადაეკვეთათ ჯგუფურად, უტყუარად დასტურდება მათი დაკავების ოქმებითა და ზემოხსენებული მესაზღვრე პოლიციელების ჩვენებებით, რომელთა მიხედვით დადგენილია, რომ ს. ჰ–ს, ჩ. ქ–ს და ფ. ი–ე, ერთად, ერთსა და იმავე ადგილას და იმავე დროს ცდილობდნენ ს–ს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას, რა დროსაც მესაზღვრეებმა სამივე მათგანი საზღვრის კვეთის მცდელობისას, დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს.

10. რაც შეეხება მსჯავრდებულებისათვის შეფარდებულ სასჯელებს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ისინი შეფარდებულია მათი პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, მათ მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების, სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას. ამდენად, მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრული სასჯელების შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების: ს. ჰ–სა და ჩ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. რ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი